სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველმა სამბოს სტილით მოჭიდავემ ევროპის თასზე ბრინჯაო მოიპოვა

+100 კგ. წონით კატეგორიაში, ქართველმა სპორტსმენმა, გია მაღრაძემ ესპანეთში მიმდინარე სამბოს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 15 წლიანი პაუზის შემდეგ, გია მაღრაძემ წელს განაახლა ვარჯიში და უკვე ორ სერიოზულ წარმატებას მიაღწია.

მაღრაძემ ესპანელი ალბერტო სანჩესი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს პრიზიორიც გახდა. მანამდე, 2015 წლის აპრილში, ქართველმა ესპანეთის თასზე ოქროს მედლის მოპოვება შეძლო, მან ნახევარფინალში დაამარცხა ხუან ესპინო, რომელიც 5 წლის განმავლობაში დაუმარცხებელი გახლდათ.

ევროპის ჩემპიონატზე გია მაღრაძე ერთადერთი საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენი გახლდათ.

თუ რატომ არ წავიდა საქართველოს ნაკრები, ამასთან დაკავშირებით, „აიპრესთან“ მსოფლიო ჩემპიონმა, სამბოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა ავთო ცინცაძემ ისაუბრა:

„გია უკვე დიდი ხანია ესპანეთში ცხოვრობს. ძალიან დიდი წარმატებაა ქართული სამბოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვისაც, რომ მან ევროპის თასზე მედალი მოიპოვა.

სამბოს სტილით მოჭიდავე ქართველი სპორტსმენები ამ ჩემპიონატზე არ წასულან, რადგან ისინი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც 12-16 ნოემბერს მაროკოში იმართება. ამჟამად ისინი შეკრების ბოლო, დასკვნით ეტაპს გადიან. მანამდე გაიარეს ბაკურიანში, ბორჯომსა და ახლა უკვე გორში შეკრებები. სხვა გეგმები გვქონდა დასახული და სწორედ ამიტომ არ წავიდნენ ისინი ევროპის თასზე“, - განაცხადა ავთო ცინცაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100