დღეს 22:45 საათზე ევრო-2012-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება. ერთმანეთს პორტუგალიისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. შეიძლება ითქვას, რომ წინ შეუდარებელი თამაში გველის.
აუცილებელია რამდენიმე სიტყვით ორივე გუნდის კაპიტნებს შევეხოთ. გამოცდილი იკერ კასილასი და კრიშტიანუ რონალდუ - მოახერხებს თუ არა რონალდუ იკერის კარის დალაშქვრას? თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ რონალდუმ მიმდინარე ევრო-2012-ზე 29-ჯერ დაარტყა მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით და სამი გოლის გატანაც შეძლო, მაშინ იკერს დღეს მარტივი თამაში ნამდვილად არ ელის.
მიუხედავად ამისა, იკერს დღეს მინიმუმ ორი დამხმარე მაინც ეყოლება: კარის ძელები, რომლებსაც რონალდუმ მიმდინარე ევრო-2012-ზე ოთხჯერ მოარტყა ბურთი და პარტნიორი სარა კარბონერო, რომელიც პორტუგალიელ ფეხბურთელს არც თუ ისე ეხატება გულზე.
შეგახსენებთ, რომ სარა კარბონერომ 2010 წლის მსოფლიო ჩემპოატის შემდეგ განაცხადა: „რონალდუს თავისი ეგოიზმი ხელს უშლის მინდორზე თამაშისას და ამით, იგი გუნდსაც აზარალებს“. ამ ინცინდენტის შემდეგ რონალდუსა და იკერს შორის გარკვეული კონფლიქტი წარმოიშვა, მაგრამ იკერმა ყოველივეს ასეთი ახსნა მოუძებნა: „სარა ჟურნალისტია და იგი თავის საქმეს აკეთებს“.
მიუხედავად ამისა, კასილასსა და მოურინიოს შორის არსებული განხეთქილების ფარგლებში რონალდუმ განაცხადა: „მოურინიო არ გელაპარაკება? არ იდარდო, ჩვენ, თანაგუნდელები, შენს მხარეს ვართ!“
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ესპანეთსა და პორტუგალიას შორის გამარჯვებას ესპანეთის ნაკრებს უწინასწარმეტყველებენ. „ყველა აღნიშნავს, რომ ფინალში ესპანეთი და გერმანია შეხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ ჩვენ შანსს ხელიდან ასე მარტივად არ გავუშვებთ“ - ამბობს რონალდუ.
კრიშტიანუ რონალდუ - ეროვნული ნაკრები: 94 თამაში, 35 გოლი. 27 წლის თავდამსხმელი მადრიდის „რეალში“. სიმაღლე - 184 სანტიმეტრი, წონა - 85 კილოგრამი. ევრო-2008 წლის ვერცხლისმედალოსანი. წლიური შემოსავალი 13 მილიონი ევრო.
იკერ კასილასი - ეროვნული ნაკრები: 135 თამაში, გაშვებული აქვს 77 გოლი. 31 წლის მეკარე მადრიდის „რეალში“. სიმაღლე - 185 სანტიმეტრი, წონა - 85 კილოგრამი. ევრო -2008-ისა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული. წლიური შემოსავალი - 7,5 მილიონი ევრო.