სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იოსებ გრიშაშვილის "შენ გაირყვნები" და მარიჯანის საპასუხო

იოსებ გრიშაშვილი: "შენ გაირყვნები"

შენ გაირყვნები... აშკარა არი...

ვგრძნობ შენს დაცემას წინასწარულად.

შენი სხეული ნაქანდაკარი,

ხელიდან ხელში წავა ფარულად.

შენ გაირყვნები, როგორც ბიანკა,

მე ასე ვფიქრობ... მე ასე მჯერა...

შენ გაირყვნები... ო, ისე ტლანქად,

როგორც არავინ გარყვნილა ჯერა!

შეკვეთილ გრძნობით სხვის ვნებას დაღლი,

დაგეწურება მკერდი მტევნებად -

და სადაც წახვალ - ვით ქუჩის ძაღლი,

სიძვა მრუშება, აგედევნება.

მოგენატრება ეს სიყმაწვილე,

როცა სულს შლიდი ლამაზ სხეულად,

და იტყვი: "რისთვის დავანაწილე

მე სიყვარული ხარისხეულად!

რა მომელოდა და რა დამარქვეს!

ნუთუ ეს იყო ჩემი მიზნები?

სულის სალაროს რადა ვხდი სარქველს,

რისთვის ვინთები? რისთვის ვიგზნები?"

მაგრამ თუ შემხვდი, ო, სულის მეფავ,

სადმე აკრული ქუჩის ბნელ კუთხეს -

მოვალ და ჩემი კოცნით ავკრეფავ

მაგ შიშველ ტანზე დაყრილ ნაფურთხებს.

არც ჩამოკრული, არც საყვედური,

მკერდში ჩაგიკრავ, გულს დაგპირდები.

მე, ბედნიერი და უბედური -

წარბებს ჩამოვყრი და ავტირდები.

გეტყვი, რომ რა ვქნა, მიყვარხარ ისევ,

მომიახლოვდი... მომეცი ხელი...

თუ პირველობა მე არ მაღირსე,

ვიქნები მაინც უკანასკნელი...

მარიჯანი (მარიამ ტყემელაძე- ალექსიძე): "საპასუხო"

მე ხომ გარყვნილი არ დავიბადე,

მქონდა აზრები, გრძნობა უმანკო,

მქონდა ფიქრები, გულს რომ ზედ ადევს,

მქონდა ნამუსი - ქალწულს რომ ამკობს.

როცა ბაზარზე ჩემი სხეული

გამოვიტანე გროშების ფასად,

როცა სახლიდან გამოქცეული

ვიქეც გარყვნილად და ქუჩის ხასად-

შენ ხომ პირველმა გამომიწოდე

ჩემი მაზანდა სპილენძის ფული

და ახლა კიდევ გარყვნილს მიწოდებ!

რისთვის გამირყვენ უმანკო გული?

მე გავირყვნები - აშკარა არის,

მე გავირყვნები, ეს ვიცი, ძლიერ,

მაგრამ ამაყი, გწამდეს მარად ვარ,

მას შენ არ მოგთხოვ, რაც დამეკარგა,

და თუ დღეს შემხვდი, რომ გამიმთელო

გული, რომელიც აწ დაზიანდა,

ო, ვერასოდეს გაიტან ლელოს -

დაგაგვიანდა! დაგაგვიანდა!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100