სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გააკოტრო მამაკაცები, გააგიჟო ისინი, ერთმანეთს გადაჰკიდო და ამით იშოვო დღიური სარჩო"

XVI საუკუნის ცნობილმა იტალიელმა მწერალმა, პიეტრო არეტინომ დაგვიტოვა უაღრესად საინტერესო თხზულება “ექვსთა დღეთა”. მაგრამ საღვთისმეტყველო ტრადიციისაგან განსხვავებით აქ ღვთის მიერ სამყაროს შექმნის ისტორია კი არაა განხილული, არამედ მოყვანილია დედისა და ქალიშვილის საუბრები. დედა, სახელად ნანა, უკვე გამოცდილი როსკიპია. ის თავის ქალიშვილს, პიპას ხელობის საიდუმლოებებს აცნობს და სასარგებლო რჩევებს აძლევს.

თხზულებაში ასახულია ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარდატეხა, რომელიც XVI საუკუნის პირველ მესამედში მოხდა: ჩვეულებრივი პროსტიტუციისათვის დამახასიათებელ უნარ-ჩვევებს მიემატა სოციალური მიმეტიზმის, ანუ მიმბაძველობის ჩვევები, რომლებსაც ქალისათვის მაღალი საზოგადოებისკენ გზა უნდა გაეკვალათ. სწორედ ეს გარდატეხაა ასახული გამოცდილი დედის დარიგებაში.
სამყაროში, სადაც პირფერობა მეფობს, სადაც მეძავთა რაოდენობა ცხოვრების სიძნელეთა პირდაპირპროპორციულად იზრდება, ამ საბრალო ქალების უმრავლესობა უბადრუკი არსებობისთვისაა განწირული. ამიტომაც ნანას ერთ-ერთი შეგონება ასეთია: “ვინც თავისი მარიფათით სასწაულებს არ მოახდენს, სადილსა და ვახშამს ვერასოდეს მიირთმევს ერთსა და იმავე დღეს. ლამაზი თვალები და ოქროსფერი ნაწნავები არ კმარა: ხელოვნება და იღბალია მთავარი. დანარჩენი სისულელეა”. სწორედ რომაელი მეძავის პირიდან გვესმის ჩვენ პირველად დღევანდელი ბიზნესის უმთავრესი დევიზი: წარმატება ხელოვნებაა.
ხელოვნება კი იმაშია, რომ გააკოტრო მამაკაცები, გააგიჟო ისინი, ერთმანეთს გადაჰკიდო და ამით იშოვო დღიური სარჩო. ამას კიდევ ათასი სხვა ხერხიც მოსდევს: ასჯერ გაყიდო საკუთარი ქალწულობა შაბში მოხარშული ფისის საშუალებით, ასიამოვნო მოხუცებს, თორმეტ საყვარელს გადაახდევინო ერთი გატეხილი თეფშის საფასური.

მაგრამ დედა მაინც არ ურჩევს ქალიშვილს ამ ხერხების ბოროტად გამოყენებას: სოციალური გარდატეხის სურნელი უკვე იგრძნობა ჰაერში, ამიტომაც ახალგაზრდა პიპა ჩვეულებრივი აშარი დედაკაცი კი არა, ნამდვილი კურტიზანი უნდა გახდეს და მის მთავარ იარაღად სოციალური მიმეტიზმი უნდა იქცეს. ამიტომ ნანას მთავარი დარიგება შემდეგია: “ლოგინში იმდენად ბოზი უნდა იყო, რამდენადაც ანგელოზი სხვაგან”.
ნანას რჩევებიდან მომდინარეობს ქცევის კოდექსი, რომლის დამუშავება 1530 წლისთვის დასრულდა და რომელიც “პატიოსან კურტიზანთა” სამოქმედო გეგმად იქცა ჯერ იტალიელ დიდგვაროვანთა კარზე, შემდეგ კი მთელ ევროპაში.

სად ცხოვრობენ

დაბალი რანგის მეძავებზე ბევრი არაფერია ცნობილი. ისინი ალბათ დუქნებსა და საჯარო აბანოებში მოღვაწეობდნენ. მაგრამ წარმატებული მეძავები საუკეთესო უბნებში ქირაობდნენ ბინებს, სადაც წარჩინებულ კლიენტებს მისვლა არ ეთაკილებოდათ. რომში ყველაზე სახელგანთქმული კურტიზანები სასახლეებსაც იძენდნენ და რომის კურიის სიახლოვეს ცხოვრობდნენ. წმიდა პეტრეს ტაძრის არქივებიდან ირკვევა, რომ XV საუკუნის ბოლო ათწლეულებიდან მოყოლებული, ზოგიერთი კურტიზანი ლეგალური კონტრაქტის ძალით ცხოვრობდა თვით ბაზილიკის კუთვნილ ბინებში. 1517 წლის დოკუმენტი კი გვამცნობს, რომ რომაელი კურტიზანებისათვის უცხო არ იყო იმ სახლების ქირაობა, რომლებიც საეკლესიო საკუთრებად ითვლებოდა.
არც ვენეციელი კურტიზანები ცხოვრობდნენ მათ რომაელ კოლეგებზე ნაკლებად.

ზოგი მათგანი კანალ გრანდეს ნაპირას ბინადრობდა მდიდრულ სახლებში. მათ ბინებს არ აკლდა ძვირფასი ავეჯი, ჭურჭელი, გობელენები და სხვა მოწყობილობა. ვენეციელი მწერალი მატეო ბანდელო მოგვითხრობს, რომ ესპანეთის ელჩს ერთ ასეთ ბინაში შესვლისას პირზე ნერწყვი მოადგა, მაგრამ სხვა ადგილი ვერ იპოვა და ერთ-ერთ თავის მსახურს შეაფურთხა სახეში, რათა ძვირფასი ხალიჩები არ წაებილწა.
საქმე იქამდე მივიდა, რომ 1542 წელს ვენეციის სენატმა მიიღო განჩინება, რომლის თანახმად კურტიზანებს ეკრძალებოდათ აბრეშუმით გაწყობილი ავეჯის ფლობა. დაშვებული იყო მხოლოდ ბერგამოსა და ბრეშაში წარმოებული ჩვეულებრივი ქსოვილები. მაგრამ სხვა მრავალი დეკრეტის მსგავსად, ეს კანონიც შეუსრულებელი დარჩა, ვენეციელ მეძავთა ატრიბუტიკას კი სხვადსახვა ჯიშის კატები და ძაღლები, ეგზოტიკური ფრინველები და მაიმუნები შეემატნენ.

სხეულის მოვლა

პროფესიული მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, რენესანსული კურტიზანები გაცილებით უფრო მეტ დროს უთმობდნენ სხეულის მოვლას, ვიდრე სხვა ქალები. ნანას დარიგება კბილების გაწმენდით იწყება, ოღონდ კოლგეიტისა და ბლენდექსის მაგიერ იმ დროს, უბრალოდ, ზეწრის კიდეს იყენებდნენ: “ეს გაღვიძებისთანავე უნდა გააკეთო, საწოლში, სანამ კბილის ნადები ჰაერის ზემოქმედებით არ გამაგრდა”.
ადგომის შემდეგ აბაზანა უნდა მიიღო. ეს დღის განმავლობაში მხოლოდ პირველი აბაზანაა, რადგან ნანა თავის ქალიშვილს ხშირ ბანაობას ურჩევს.

ამიტომაც მობანავე ქალი მხატვრებისთვის საყვარელ ობიექტად იქცა. სწორედ მობანავე კურტიზანი გამოსახა, მაგალითად, ვენეციელმა ტინტორეტომ თავის სურათზე “სუსანა და მოხუცები”. წყალი აუცილელად უნდა ყოფილიყო შეზავებული სურნელოვანი ბალახებით. მაგრამ ნანა ამბობს, რომ მკვეთრი სურნელი არასოდეს უნდა გამოიყენოს ქალმა, რადგან ეს უფრო იმას შეეფერება, ვინც საკუთარი სიმყრალის დაფარვას ცდილობს.
რაც შეეხება მაკიაჟს, აქ სხვადასხვა თვალსაზრისები სუფევს. ნანას არჩევანი ზომიერებაა: “ოდნავი, სულ ოდნავი სიწითლე საკმარისია იმისათვის, რომ უძილო ღამის ან მცირე უქეიფობის დანატოვარი ფერმკრთალობა გააქროს”.
მაგრამ გარეგნობაზე ზრუნვა აქ არ მთავრდება. იქნებ იშვიათობისკენ სწრაფვა ან უძველესი დროიდან შემორჩენილი ცრურწმენები იყო იმის მიზეზი, რომ აღორძინების ხანის იტალიელები თითქმის მხოლოდ ქერათმიან ქალებს წყალობდნენ. ოქორსფერი თმები იყო მიჩნეული მშვენიერების ეტალონად, თუმცა კი აპენინის ნახევარკუნძულზე იშვიათად გვხვდება.

ასეა თუ ისე, ქერათმიანობა მოდაშია და ამიტომ არა მარტო კურტიზანები, არამედ ყველა წარჩინებული ქალი ცდილობს ამ მოდას აჰყვეს. დიდი ტიციანი წერს, რომ ვენეციური სახლების სახურავებზე სპეციალური სოლარიუმებია მოწყობილი, სადაც კურტიზანები და დიდგვაროვანი ბანოვანები თმებს საგანგებო ხსნარებით იუფერულებენ, მწველი მზის ქვეშ იხუნებენ და უდიდეს ტანჯვას ითმენენ სილამაზისთვის. იმდროინდელი ლიტერატურა სავსეა სხვადასხვა “მღებავი შამპუნების” რეცეპტებით. ძირითადი კომპონენტი თეთრი ღვინის თხლე და ზეითუნის ზეთია.

ქალებს ეს ნარევი უნდა შეეზილათ თმებში და მერე მზის გულზე უნდა დაწოლილიყვნენ და დიდი ხნის განმავლობაში ევარცხნათ. ასევე პოპულარული იყო ნაცრისაგან მიღებული სხვადასხვა მათეთრებელიც.

ტანსაცმელი

სხეულზე ზრუნვა ჩაცმის გარეშე უქმია! მოდა კი იტალიაში ქალაქების მიხედვით იცვლება. მაგრამ ყველგან კურტიზანებსა და დიდგვაროვან ქალებს აერთიანებს იშვიათი და ძვირადღირებული ქსოვილების სიყვარული და რთული ვარცხნილობებისკენ სწრაფვა.

ამ ფონზე საინტერესოა, რომ ნანა თავის ქალიშვილს ტანსაცმელში მოკრძალებას ურჩევს, რადგან სწორედ მოკრძალებაა დახვეწილი გემოვნების საფუძველი: არავითარი ნაქარგი, არავითარი აბრეშუმის კანტები და ფოჩები — ეს ყველაფერი ხომ ძალიან ძვირი ღირს და ძალიან მალე ფუჭდება; არავითარი კორსეტი და წელში გამოყვანილი კაბები! მაგრამ ნანას რჩევა, როგორც ეტყობა, შეუსმენელი დარჩა.
აი, მწერალი პიეტრო ფორტინი აგვიწერს თვრამეტი წლის კურტიზანს: “მდიდრული ტანსაცმელი ეცვა, ოქროს ურიცხვი ბალთითა და მარგალიტის მტევნით შემკული. სამკაულების ეს ერთობლიობა სწორედ რომ მზესავით ბრწყინავდა”. სტუმრად მოსულ ფორტინის ახალი აღმოჩენები ელის, როცა მოახლე თავის ქალბატონს ხდის და ღამისთვის ამზადებს: “მუქი წითელი ატლასის პერანგი, ოქროს ძეწკვებითა და პატიოსანი თვლებით მოფენილი”.
კონტრრეფორმაციის წლებში პაპებმა პიუს IV და პიუს V-მ აუკრძალეს კურტიზანებს აბრეშუმისა და ხავერდის, ოქროსა და მარგალიტების ტარება. მათ ჩვეულებრივ შესამოსელად წელზე თეთრი ქამრით შემორტყმული შავი სარჟის მოსასხამი იქცა, მაგრამ ქალები ამ მოსასხამის ქვეშ მაინც იმოსებოდნენ აბრეშუმისა და ხავერდის კაბაში, მაინც ატარებდნენ ოქროსა და პატიოსანი თვლების სამკაულებს.
ვენეციაშიც ძალიან ბევრი კანონი იქნა მიღებული კურტიზან ქალთა შესამოსელის რეგლამენტირებისთვის, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ის გახდა, რომ მათი გარჩევა ჩვეულებრივი დიდგვაროვანი ქალებისაგან თითქმის შეუძლებელი იყო. ვენეციელი როსკიპების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი იყო ეგრეთ წოდებული “ძოკოლო”, ანუ ჩლიქი: იგულისხმება ფეხსაცმელი ძალიან მაღალი ქუსლებით — ორმოც სანტიმეტრამდე. ამგვარ კოთურნებზე შემდგარი ქალი თავისუფლად დასეირნობდა ვენეციის ატალახებულ ან ადიდებული წყლის ფენით დაფარულ ქუჩებში და შორიდანაც ჩანდა. დღემდე იტალიურ ენაში შემორჩა სიტყვა “ლა ძოკოლა” — რომლითაც მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს აღნიშნავენ.

საჯარო გამოსვლა

სხეულზე ზრუნვისა და შემოსვის შემდეგ დგება საჯარო გამოსვლის დროც.

აქ იწყება კურტიზანი ქალის ხანგრძლივი სამუშაო დღე.
დილის საათები, ჩვეულებრივ, ქუჩაში სეირნობით იწყება. თან თაყვანისმცემელთა მეტ-ნაკლებად მრავალრიცხოვანი რაზმი დაჰყვება და ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან იმ ნუგბართა და სამშვენისთა ყიდვაში, რომელთა გასინჯვის ან ფლობის ახირება მოუვა მათი ოცნების ქალბატონს. კვირაობით კურტიზანები ასეთივე ამალის თანხლებით ტაძრისკენ მიეშურებიან: ეს მსვლელობა პურიტანებისა და ქალაქის მთავრობის რეგულარულ რისხვას იწვევს, მაგრამ ეს რისხვა მალევე ცხრება.
არეტინოს თხზულებაში “ძოპინოს განაზრებანი” აღწერილია რომაელი კურტიზანების შესვლა ეკლესიაში. დიალოგის პერსონაჟი ძოპინო აღშფოთებას გამოთქვამს: როგორ შეიძლება დავუშვათ, რომ ეს ბოზები ასე ადვილად შედიოდნენ წმინდა ადგილებში, ეღლაბუცებოდნენ ხან ერთს და ხან მეორეს, ხუმრობდნენ და იცინოდნენ? თითქოსდა ეკლესიებში მთელი წლის განმავლობაში კარნავალი იყოს! რომის მსგავსად ვენეციაშიც მრავალი კანონი იქნა გამოცემული, რომელთა ძალით იკრძალებოდა კურტიზანების შესვლა ეკლესიებში დიდი დღესასწაულების დროს. მაგრამ ჯარიმის, თავისუფლების აღკვეთისა და სხვა სასჯელთა მუქარის მიუხედავად, თვით კანონთა სიმრავლე ეჭვს ქვეშ აყენებს მათი შესრულების ფაქტს.
ეს ყველაფერი მშვენივრადაა ცნობილი ნანასათვის. ამიტომაც ურჩევს ქალიშვილს, რომ ეკლესიაში ყოველთვის მოკრძალებულად მივიდეს, ხელში ლოცვანი ეჭიროს და საკურთხევლის მახლობლად ყოველთვის მუხლი მოიყაროს.
ამის შემდეგ კურტიზანი ქალი სადილობს. სადილი საკმაოდ მოკრძალებულია და ქალიც მას მარტო ან ახლობელთა მცირე წრეში მიირთმევს.

ნასადილევს კი ვიზიტების დრო დგება.
ზოგჯერ ვინმე განსაკუთრებულ პიროვნებას კურტიზანი თვითონ ეახლება ხოლმე, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. უმრავლეს შემთხვევაში ქალი მასპინძლობს. მთელი დღის განმავლობაში არ წყდება ნაცნობი და უცნობი კლიენტების რიგი. თვით მიღების ხარისხი იცვლება კურტიზანის “კლასისა” და სახელმოხვეჭილობის მიხედვით. ყველა მათგანი ცდილობს თავისი ხასიათისა და მიდრეკილებების მიხედვით აირჩიოს კლიენტები. ზოგს სულ ახალგაზრდები ახვევია, სხვებს — უფრო მოწიფული მამაკაცები ან სულაც მოხუცები; ზოგი ქალაქის ბიუროკრატიაზე “სპეციალიზდება”, ზოგი — სამხედროებზე, ზოგიც — ვაჭრებსა და კომერსანტებზე. ვენეციაში სპეციალობები კიდევ უფრო მეტადაა განსაზღვრული, ვიდრე რომში.

ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ვენეციის რესპუბლიკის უფრო რთული სოციალური სტრუქტურა და სახელმწიფო აპარატის თავისებურებებია. აქ კურტიზანთა უმრავლესობა თავს სალონებში იყრის. ყველაზე განთქმული სალონები იყო: იმპერია, მადრემა-ნონ-ვუოლე, გასპარა სტამპა, ვერონიკა ფრანკო. კურტიზანების გარდა აქ მოდიან რჩეული მწერლები, პოეტები, მხატვრები.
დროდადრო ესა თუ ის მდიდარი კლიენტი ამა თუ იმ კურტიზანთან ერთად დროებით განმარტოვდება ხოლმე ბუდუარში, მაგრამ ძირითადი დრო პოეტურ ასპარეზობას, პროზაული ნაწარმოებების ხმამაღალ კითხვასა და კონცერტებს ხმარდება. თვით კურტიზანებმა ზეპირად იციან მთელი პეტრარკა და არა მარტო ის, არამედ ვირგილიუსისა და ჰორაციუსის მრავალი ლათინური პოემა თუ ლექსი. კურტიზანობა ერთადერთი პროფესიაა, სადაც ქალს აუცილებლად მოეთხოვება განათლება.
XVI საუკუნის ვენეციელი კურტიზანი ქალი, გასპარა სტამპა რენესანსის ეპოქის თვალსაჩინო ლირიკული პოეტია, რომელმაც არაერთი შედევრი შეიტანა იტალიური ლიტერატურის საგანძურში..

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100