სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სალომეს მოღალატე ქმარი და 5 ყოფილი შეყვარებული - თავი VI (ადრეულ ასაკში გათხოვილი სალომე)

ნოველის წინა თავი იხილეთ ლინკზე: http://droni.ge/?m=5&AID=26928

ბატონი ოკრა თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, ახალაშნებული პრესტიჟული კორპუსის მოზრდილ ბინაში ცხოვრობდა, რომლის ინტერიერიც სულაც არ გავდა ჯადოქრის ბუდეს.

გოგონებს ღიმილით შეხვდა და ყავა შესთავაზა. თაკომ და სალომემ ერთმანეთს გადახედეს და ორივე მიხვდა ერთმანეთის აზრს.

-გეგონა ყვავის ძვლების ნახარშს დაგვალევინებდა არწივის ნისკარტის არომატით და ველური მარწყვის ჯემის პუდინგს გვაჭმევდა? - წასჩურჩულა თაკომ სალომეს.

-ჯერ მოიცადე, იქნებ ყავას ველური ტახის რძეს ამატებს - გაიცინა სალომემ.

-ეგ ყველაფერი მაშინაა საჭირო თუ რაიმე ჯადოს აკეთებ - საუბარში ჩაერია ოკრა. გოგონებს ეგონათ კაცს მათი არ ესმოდა, რადგან მოშორებით იდგა, ამიტომ მასპინძლის კომენტარი მოულოდნელი იყო მათთვის, თუმცა ოკრამ ეს ისეთი ტონითა და ღიმილით თქვა გოგონებსაც გაეღიმათ. ღიმილმა ოთახში მეგობრული ატმოსფერო გაამეფა. - ზედმეტ საუბარში დროს ნუ დავკარგავთ, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, მზად ხართ პირველი სეანსისთვის?

-დიახ - დაეთანხმა სალომე

-სანამ ჰიპნოზის ქვეშ მოგაქცევთ მოკლე ინსტრუქციას წაგიკითხავთ. სეანსის დროს თქვენ ნახავთ იმას რაც არ მომხდარა, მაგრამ მოხდებოდა თუ თქვენი წარსულის გარკვეულ მონაკვეთზე არ მიიღებდით იმ გადაწყვეტილებას რომელიც მიიღეთ. ის რასაც ნახავთ იქნება სიზმრის მაგვარი ხილვა, ოღონდ სიზმარზე უფრო მკაფიო და რეალური. თქვენ ნახავთ საკუთარი თავის სხვა ვერსიას და იქნებით მისი შინაგანი ხმა, რაც მასთან კომუნიკაციაში დაგეხმარებათ. თუ რაიმე კითხვა გექნებათ საკუთარ თავს სიზმარშივე დაუსვით და ის გიპასუხებთ, შეგიძლიათ ისაუბროთ მასთან, ეკამათოთ, ურჩიოთ რაიმე და ა.შ.

-გასაგებია - უპასუხა სალომემ

-გასაგებია, სწორედ სიტყვა „გასაგებია“ იქნება ჩვენი პაროლი იმისათვის, რომ უკან დაგაბრუნოთ, როგორც კი ჩემს მიერ მოგვრილი სიზმრის დასრულება მოგინდებათ თქვენ უნდა თქვათ სიტყვა გასაგებია და მე გაგაღვიძებთ. საშიში არაფერია, არ ინერვიულოთ, ეს უბრალოდ სიზმარია.

-დავიწყოთ - თქვა სალომემ, რომელიც ოკრამ რბილ დივანზე წამოაწვინა. თაკოც იქვე იყო, სავარძელში იჯდა და ნერვულად ეწეოდა სიგარეტს.

ოკრამ უცნაური სიტყვების ბუტბუტი დაიწყო და სალომე ნელ-ნელა გაეხვია ძილ-ბურანში, რომ გაიღვიძა თავისი მშობლების სახლში იყო, თვალების გახელისთანავე იცნო საკუთარი საძინებელი, თუმცა გაუკვირდა რომ ოთახი ისევ ისე გამოიყურებოდა როგორც წლების წინ, რადგან სალომეს გათხოვების შემდეგ დედამისმა საძინებელი სრულიად შეცვალა.

ოკრამ ალბათ წარწულში გამომიშვაო, გაიფიქრა და ტუმბოზე დადებულ ტელეფონს დასწვდა, ეკრანზე თარიღს დახედა და ერთი წამიც კი არ დასჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ეს დათის გაცნობის დღეა.

„აჰა, დღეს ნინოს აგარაკზე ავალ და დათის გავიცნობ, ნუთუ ოკრამ სხვა ვერაფერი მოიფიქრა გარდა იმისა, რომ წარსულიდან გამახსენოს ის რაც ისედაც ზეპირად მახსოვს?“ - გაიფიქრა და ფიქრის დასრულება ძლივს მოასწრო ისე მოხვდა სახეში ვიღაცის მკლავი. თვალები გაუფართოვდა და შიშნარევი ცნობისმოყვარეობით გაიხედა მარცხნივ.

მის გვერდით 10-12 წლის გოგონა იწვა, სალომესთვის აბსოლუტურად უცხო ბავშვი.

„დამშვიდდი სალომე, ახლა საკუთარ თავს დაელაპარაკები და ყველაფერს გაიგებ.“

ლოგინიდან წამოდგა და ახლა მეორე შოკი ელოდა, სანახაობა ამჯერად სარკეში დახვდა საკუთარი გარეგნობის სახით.

მოკლედ შეჭრილი თმა და მუცლის არეში დაგროვილი ცხიმი, თითქმოს საკმარისი შოკი უნდა ყოფილიყო მისთვის, მაგრამ მერე მკლავებსა და ფეხებზე დაიხედა და ბრაზით გაიფიქრა:

„ამ სიზმარში ეპილაციის გამოგონება დაავიწყდა ალბათ მსოფლიოს, და არამხოლოს ეპილაციის, პედიკურისა და შეიძლება ითქვას მანიკურისაც.“

-სალოო გაიღვიძე? -საკუთარ გარეგნობაზე გლოვას ბავშვის ხმამ მოსწყვიტა. მიბრუნდა და მის გვერდით მძინარე გოგონას ღიმილს წააწყდა - მშია

-ადექი და ჭამე

-აქ მომიტანე რა

-მე მოგიტანო?

-ხო

-ადექი და შენით მოიტანე - გოგონას თხოვნა სარკეში დანახულ საკუთარ თავზე არანაკლები შოკი იყო სალომესთვის. ვერ ხვდებოდა ვინ იყო ეს ბავშვი და რატომ ითხოვდა მისგან საწოლში საუზმის მირთმევას.

-ბებოოო - დაიყვირა გოგონამ სალომეს სიტყვების პასუხად - ბებოოოოოო - კიდევ უფრო ხმამაღლა დასჭექა ამოსუნთქვის გარეშე და ოთახში სალომეს დედა შემოვიდა.

-გაიღვიძეთ ქალბატონებო? - გაიღიმა ქალბატონმა მაიამ - რაო ბებო გენაცვალოს, რატომ მეძახდი?

-მშია და დედაჩემი არ მაჭმევს - ბავშვური ღიმილით სახე ანთებულმა თქვა და გაიზმორა გოგონა.

სალომე კარადას მიეყრდნო, რადგან მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ეს გოგონა მისი შვილია.

„მამა ვინ არის? დათი არ იქნება რადგან დათი დღეს უნდა გავიცნო, ეს ბავშვი კი ალბათ უკვე 10-12 წლისაა, ვინ შეიძლება იყოს მამამისი?“

ბავშვს მიუახლოვდა, სახეზე დააკვირდა, ნაძალადევად გაუღიმა და გონებაში წარსულის აჩდილი ამოუტივტივდა. გიო, მისი პირველი სიყვარული, მეზობელი ბიჭი, რომელიც სალომესთან ერთად გაიზარდა და როცა პირველი სიყვარულის დრო მოიტანა ასაკმა, სალომესაც რა თქმა უნდა ის შეუყვარდა.

გიოსაც შეუყვარდა სალომე. ბავშვური, წრფელი, აუხსნელი და გიჟური პირველი სიყვარული ეწვია ორივე მათგანს და მუცელში პეპლებით დაწყებული, ფანჯრის რაფასთან ტირილით დამთავრებული, ამ მოვლენის ყველა ატრიბუტი შეიგრძნო ორივემ.

ბოლო ზარის მერე დაქორწინება უნდოდათ, მაგრამ სალომეს მშობლებმა თავი გაიგიჟეს. გიოს ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა ოროთახიან ბინაში, თვიდან თვემდე ძლივს გაჰქონდათ თავი და შვილისთვის კარგი განათლების მისაცემი სახსრები არ გააჩნდათ. სალომეს დედას კი დიპლომიანი სიძე უნდოდა, ჰალსტუხით, რომ ივლიდა სამსახურში სადაც საკუთარი კაბინეტი ექნებოდა. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა ქალბატონმა მაიამ, გათხოვების უფლებას საერთოდ არ მოგცემ და მითუმეტეს მაგ უპერსპექტივო ბიჭზეო, მკაცრად უთხრა შვილს.

სალომემ თავიდან იტირა, გონებაში გიოსთან ერთად გაპარვის ვერსიაც არაერთხელ დაატრიალა, მაგრამ დედის შეეშინდა და ვერ გაბედა. შვილის დაცვის მიზნით მაიამ ქმარს ბინა გააყიდინა და სხვა უბანში გადასახლდნენ, იშვიათად ნახავს და გაუვლისო სალომეს სიყვარული.

დედა მისგან კარგად სწავლას ითხოვდა, თან ეჩიჩინებოდა გათხოვებაში არაფერი ყრია, ყოველთვის მოასწრებ, ახლა უნდა ისწავლო და მერე კარგი სამსახური იშოვოვო.

მესამე კურსიდან გერმანიაში გაუშვეს, იქაურ უნივერსიტეტში, ერთი სემესტრი ევროპაში ისწავლა, იცხოვრა, გაიცნო ადამიანები რომლებიც არ გავდნენ გიოს და მიხვდა სამყარო გიოთი არც იწყებოდა და არც მთავრდებოდა. პირველი შეყვარებულის მიმართ გრძნობები ნელ-ნელა გაუნელდა და გერმანიიდან დაბრუნებულმა პირველი რაც გააკეთა გიოსთან საბოლოოდ დაშორება იყო.

ეს სალომეს წარსულის ამ მონაკვეთის ოფიციალური ვერსიაა, თუმცა აშკარაა, რომ ამ 10-12 წლის გოგონას დედამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო სადღაც 2000-იანების დასაწყისში.

-რატო არ მოუტანე ბავშვს საჭმელი? გათბობა ჯერ არ ჩამირთავს და იყოს ლოგინში თბილად და ისე ჭამოს - ფიქრებიდან მაიას ხმამ გამოაფხიზლა

-გიო სად არის? - მაიას კითხვას უადგილო კითხვით უპასუხა სალომემ და შვილისა და დედის გაოცება მიიღო პასუხად.

-ვინ გიო? - საკუთარი ვარაუდის დაზუსტება მოინდომა მაიამ

-ჩემი ქმარი - უპასუხა სალომემ

-მე რა ვიცი სად არის ეგ ნაგავი და ნაძირალა კაცი

-რატომ არის ნაგავი და ნაძირალა?

-აუ ეხლა არ დაიწყოთ ჩხუბი, გეხვეწებით რა - ხელები ყურებზე აიფარა, სახიდან ღიმილი მოშორდა და უსიამოვნო გამომეტყველება მიიღო ბავშვმა, რომელმაც აშკარად იცოდა, რომ მამამისის ხსნებას სახლში სკანდალები მოყვებოდა ხოლმე.

სალომე მიხვდა სხვა მეთოდით უნდა გაერკვია თუ რა ხდებოდა ან რა მოხდა, ამიტომ ოთახიდან გავიდა და სააბაზანოში შეიკეტა. აბაზანაში ჩაწვა, ცხელი წყალი მოუშვა და საკუთარ თავს ჰკითხა რა მოხდაო, მერე თვალები დახუჭა და ადრეულ ასაკში გათხოვილი საკუთარი თავის მოგონებებში გადაეშვა.

ის და გიო მაიას მიერ ბინის გაყიდვამდე ერთი დღით ადრე გაიპარნენ. სალომემ ბანკეტის კაბისა და ფეხსაცმლისთვის განკუთვნილი ფული მოიპარა სახლიდან და ქობულეთში წავიდა გიოსთან ერთად.

ერთ კვირაში უკან დაბრუნდნენ. ერთ თვიანი სკანდალების შემდეგ მაია შვილს შეურიგდა. ერთი წლის შემდეგ ელენიკო დაიბადა (ელენიკო მისი ქალიშვილის სახელი ყოფილა) კიდევ ერთი წლის შემდეგ კი გიომ და სალომემ უკვე ზუსტად იცოდნენ, რომ ერთამანეთი არამხოლოდ აღარ უყვარდათ, უფრო მეტიც აღიზიანებდათ კიდეც.

სალომე სახლში წავიდა მშობლებთან, იმ სახლში რომელიც მათ სალომეს და გიოს დაშორების მიზნით იყიდეს, მაგრამ ვერ მოასწრეს შვილის ადრეული ქორწინებისგან გადარჩენა.

ორსულობის გამო აკადემიური ჰქონდა უნივერსიტეტში აღებული, მერე ბავშვი ძუძუზე ჰყავდა და კიდევ ერთი აკადემიური აიღო. ბავშვს მარტო მოვლა არ ყოფნის, რჩენაც უნდა, ამიტომ სალომემ სწავლის გაგრძელების ნაცვლად სამსახურის ძებნა დაიწყო.

დიპლომისა და სამუშაო გამოცდილების არქონის გამო სერიოზულ თანამდებობაზე ოცნების უფლებასაც კი არავინ მისცემდა, ბევრგან სცადა ბედი, მაგრამ არსად უმართლებდა, დაბალი ანაზღაურება და გრძელი სამუშაო დღე მარტოხელა დედისთვის რთულად გასამკლავებელი საქმიანობაა.

ბოლოს ერთმა ნაცნობმა კაფე გახსნა, უცხო ენების მცდოდნე გოგონას ეძებდა მენეჯერის თანამდებობაზე, რადგან კლიენტები ძირითადად უცხოელები იქნებოდნენ და ასე მოხვდა სალომე შარდენის ერთ-ერთ ევროპულ კაფეში, სადაც დღემდე მუშაობს.

სამუშაო დღე აქაც ძალიან გრძელია, ზოგჯერ დილამდე უწევს სამსახურში ყოფნა, მაგრამ სამაგიეროდ ანაზღაურებაა კარგი და ამიტომაც ვერ მოდის. ელენიკოს ხომ მიხედვა უნდა.

„რამდენს მიხდიან ნეტა“ - გაიფიქრა სალომემ და როდესაც პასუხი მიიღო ვერ მიხვდა სასაცილო იყო თუ სატირალი, რადგან ადრეულ ასაკში გათხოვილი სალომეს ერთი თვის ხელფასი ნამდვილ სალომეს გუდაურში ერთ უიქენდზეც კი არ ეყოფა.

ადრეულ ასაკში გათხოვილმა სალომემ იგრძნო ნამდვილი სალომეს ფიქრები, რადგან ნამდვილი სალომე ახლა მისი შინაგანი ხმის ადგილას იჯდა.

აბაზანაში ისევ ჩხრიალებდა ცხელი წყალი, ადრეულ ასაკში გათხოვილი სალომე შხაპის ქვეშ იწვა და უხმოდ ტიროდა.

ადრეულ ასაკში გათხოვილი სალომე საღამოს ნინოს აგარაკზე წავიდა კოჯორში. იმ წვეულებაზე სადაც პირველად უნდა შეხვედროდა დათის. მისი შინაგანი ხმა აფორიაქებული იყო, იგივე გრძნობას მოეცვა ადრეულ ასაკში გათხოვილი სალომეც, რომელსაც ეგონა დამსწრე საზოგადეობასა და მას შორის არსებული სოციალური კედელი მაკომპლექსებს და ამიტომ ვგრძნობ თავს არაკომფორტულადო.

ნამდვილი სალომესგან განსხვავებით ადრეულ ასაკში გათხოვილი სალომე თავს დედოფალივით არ გრძნობდა და ამაყად არ იჯდა სუფრასთან.

დათი ამ სიზმარშიც მოვიდა ნინოს აგარაკზე, ამ სიზმარშიც ნასვამი და ამ სიზმარშიც ნინოს ბიძაშვილთან ერთად, თუმცა სალომე არც კი შეუმჩნევია, გასაცნობად მისვლა კი არა მგონი მისკენ არც გაუხედავს.

ტელეფონზე დედამისის მესიჯი მიუვიდა, დროზე მოდი სახლში, ისედაც ცოტა დროს ატარებ შვილთან და რა დროს ნინოსთან ქეიფიაო.

სალომეს ტაქსის გამოძახება უნდოდა, მაგრამ გაახსენდა ადრეულ ასაკში გათხოვილი სალომეს საფულეში არსებული თანხის რაოდენობა და როგორც კი დაინახა, როგორ გავიდა ნინო სამზარეულოში უკან მიყვა. სტუმრებიდან ვინმე თუ აპირებს წასვლას გამაყოლეო სთხოვა მასპინძელს.

- რა დროს წასვლაა, არავინ აპირებს დაშლას და ვერავის გაგაყოლებ - ხელები გააქნია ნინომ და სალომეს ხაჭაპურით დახუნძლული თეფში შეაჩეჩა ხელში, სუფრაზე გაიყოლეო.

სამზარეულოდან გამოსულები დათის შეეჩეხნენ, მათგან ზურგით იდგა და ტელეფონზე ლაპარაკობდა.

-სადაც დამტოვე იქ მომაკითხე ისევ - დათის ამ სიტყვების გაგონებაზე სალომე ადგილზე გაიყინა, რადგან იგივე ფრაზა, იგივე ადგილას, ოღონდ სხვა სიტუაციასა და სხვა ცხოვრებაში უკვე მოსმენილი ჰქონდა იგივე ადამიანისგან.

-არ იშლი შენსას ხო? - თავი გადააქნია ნინომ, რომელმაც სალომეს გაქვავება სახლში წასვლის სურვილს და თბილისში მიმავალი სტუმრის აღმოჩენას მიაწერა - კაი ჯანდაბას, გაგიშვებ - უკმაყოფილოდ მიახალა მეგობარს და დათის სალომეს თბილისამდე წაყვანა სთხოვა.

დათი დათანხმდა და სალომე მიხვდა, ეს მხოლოდ მასპინძლის პატივისცემის ნიშნად გააკეთა. სალომე დათის კარგად იცნობს და ადვილად დაინახა, რომ ადრეგათხოვილი სალომეს მიმართ მის ქმარს არანაირი ინტერესი არ გასჩენია.

ნინოს სახლიდან ერთად გამოვიდნენ. მდუმარედ გაიარეს ეზო. ჭიშკარს ოდნავ გასცდნენ თუ არა სალომეს ფეხი დაუცდა, წაბორძიკდა, დათის მიეჯახა და წაიქცა.

-ხომ არაფერი იტკინეთ? - წამოდგომაში ზრდილობიანად დაეხმარა დათი. დახმარებისას ხელი ხელზე მოკიდა და მაგრად მოუჭირა თითები.

სალომე კიდევ ერთხელ გაქვვავდა, რადგან ზუსტად ისე როგორც ადრეულ ასაკში გათხოვილ სალომეს ამ ადგილას რამდენიმე წლის წინ ნამვილ სალომესაც მოუჭირა ხელზე ხელი დათიმ და მას შემდეგ აღარც გაუშვია.

ახლაც არ გაუშვა დათიმ სალომეს ხელი, ოღონდ მაშინდელისგან განსხვავებით ეს ეტიკეტის ნორმების დაცვა იყო. ქალი წაიქცა, წამოაყენა და ახლა მანქანამდე უნდა მიიყვანოს ისე როგორც ჯენტლმენს შეჰფერის, თუმცა ამ ჯენტლმენობის ხათრით გადადგმულმა ნაბიჯმა ისევ ძველებური შედეგი მოიტანა და თითების შეხებისას ორივემ, ადრეულ ასაკში გათხოვილმა სალომემ და დათიმაც ზუსტად ის იგრძნეს რაც ამ მისტიური სიზმრის მიღმა ნამდვილმა სალომემ და დათიმ იგრძნეს ამ დროს და ამ ადგილას.

სახლამდე მიაცილა, ზრდილობიანად დაემშვიდობა და მეორე დღეს ვითომ შემთხვევით იმ კაფეს მიადგა სადაც სალომე მუშაობდა. მისტიურ სიზმარში დათის გამოჩენამ ნამდვილი სალომე ინტერესით მოიცვა და ოკრასთვის კოდური სიტყვა გასაგებიას თქმას არ აპირებდა.

მხოლოდ დათი არა, სხვა საინტერესო და სასიამოვნო დეტალებიც იპოვა ამ სიზმარში. მოსწონდა ელენიკო, მოსწონდა დედასთან ცხოვრება, მეტროთი მგზავრობაც კი მოეწონა, კაფეში ხალხთან ურთოერთობაც. უფრო ახლოდან დაინახა თავისი ქალაქი, უბრალო ხალხი, მათი პრობლემები.

რამდენიმე პროექტის განხორცილების იდეაც მოუვიდა და სიზმარშივე დაგეგმა, ჰიპნოზიდან, რომ გამომიყვანს ოკრა აუცილებლად ჩავრთავ იმ ხალხის პრობლემებით დაკავებას ჩემი ორგანიზაციის სამომავლო გეგმებში, რომელთა არსებობაც აქამდე არ მცდონიაო.

ჰიპნოზიდან დაბრუნება კი ჯერ არ უნდოდა. რადგან აქ დათი ჰყავდა გვერდით. აქ დათი მისი შეყვარებულია. აქ დათიმ ელენიკო გაიცნო. უცნაურია, აქ დათი ღვინის სმისა და რესტორანში ჩხუბის ნაცვლად სალომესთან და მის შვილთან ერთად ბომბორას პარკში დადის და კინოში მულტფილმებს უყურებს.

აქ დათის ორი ქალი უყვარს, სალომე და ელენიკო, მაგრამ აქ სალომე არ ეჭვიანობს.

ელენიკოს ახალი ფეხსაცმელი უნდა - დათი ყიდულობს.

ელენიკოს მათემატიკის სწავლა უჭირს - დათიმ კერძო რეპეტიტორი დაუქირავა.

ელენიკოს დაბადების დღე ჰქონდა - დათიმ ჯამბაზები და სხვა ანიმატორები მიუყვანა სახლში.

ელენიკოს ზღვა არ უნახავს - დათიმ მანქანაში ჩაისვა დედასთან ერთად და კვარიათში წაიყვანა. ზღვის ამინდები არ იყო, მაგრამ მაინც კარგად დაისვენეს, ჭადრაკს თამაშობდნენ, ფილმებს უყურებდნენ, ციცინათელას პარკში დადიოდნენ და ცხოვრება უხაროდათ სამივეს.

წამოსვლის წინა დღეს დათის ძმაკაცებმა დაურეკეს, ბათუმში ვართ და ჩამოდი ვიქეიფოთო, დათის წასვლა უნდოდა, მაგრამ ელენიკომ გააპროტესტა და აღარ წავიდა.

მეორე დილით დათის მშობლები დაადგნენ თავზე. ქუთაისში ნათესავის ქორწილში ყოფილან, სადაც ოჯახის მეგობარმა უთხრათ დათი კვარიათში ვიღაც ბავშვთან და ქალთან ერთად ვნახეთო.

სალომე შესახებ აქამდეც იცოდნენ. იცოდნენ განათხოვარი და შვილიანი, რომ იყო და თანაც სადღაც კაფეში მუშაობდა.

„ვაის გავეყარეთ, ვუის შევეყარეთო - რესტორნებში წანწალს მოეშვა და მისთვის შეუფერებელ ქალს გადაეკიდაო, მაგრამ არაუშავს მობეზრდება და დაანებებს თავსო“ - ფიქრობდნენ, მაგრამ საოჯახო აგარაკზე ამ ქალის წაყვანის ფაქტმა იმდენად გააბრაზა დედაც და მამაც, ქუთაისიდან თბილისის ნაცვლად აჭარისკენ აიღეს გეზი.

დათის მშობლებმა ჭიშკრის კარი, რომ შეაღეს სალომე და ელენიკო ეზოში იყვნენ. ნამდვილი სალომეს დედამთილ-მამამთილმა ადრეულ ასაკში გათხოვილ სალომეს ისე აუარეს გვერდი თითქოს იქ არც იდგა.

-დედაჩემს და მამაჩემს უნდა გავყვე მე თბილისში დღესვე. ჩემ მანქანას აქ დავტოვებ. ხვალ დილით ჩემი ძმაკაცი, კალათბურთელი ვახო მოვა და ჩემი მანქანით წაგიყვანთ თბილისში - უთხრა დათიმ სალომეს, მერე ელენიკოს ჩაეხუტა და წავიდა.

ელენიკოს დაძინების შემდეგ დილამდე ტიროდა ადრეულ ასაკში გათხოვილი სალომე. დილით მართლაც მივიდა კალათბურთელი ვახო და დედა-შვილი თბილისში წამოიყვანა.

3 თვის შემდეგ შემთხვევით გაიგო, დათიმ ცოლი მოიყვანაო და მას შემდეგ 3 წელი გაატარა ტირილში. 3 წლის შემდეგ კი ერთ ჩვეულებრივ საღამოს კაფეში, ფანჯარასთან დაინახა. იჯდა, ვისკის სვამდა და სიგარეტს ეწეოდა.

დათის დანახვა გაუკვირდა ნამდვილ სალომესაც და ადრეულ ასაკში გათხოვილ სალომესაც.

ნამდვილი სალომე სიგარეტმა და დათის სახემ გააოცა. ქმრის ხელში არც სიგარეტი ენახა არასოდეს და არც ასეთი უბედური ყოფილა მისი ქმარი არასდროს.

ადრეულ ასაკში გათხოვილი სალომე კი დათის მოულოდნელი გამოჩენით იყო გაოცებული.

„ცოლი არ მიყვარსო, არც არასდროს მყვარებიაო, სულ შენ მიყვარდიო, მაგრამ ვერ გავშორდებიო, ახლა მითუმეტესო, ახლა ორსულადააო“

ადრეულ ასაკში გათხვილ სალომეს ცრემლები მოადგა, ნამდვილ სალომეს კი ამ ყველაფრის ყურება აღარ შეეძლო, ამიტომ ხმადაბლა, მაგრამ გარკვევით თქვა „გასაგებია“

***

ბატონი ოკრას თითების ტკაცუნმა გამოაღვიძა. თვალები მძიმედ გაახილა, გონზე მოსასვლელად ცოტა დრო დასჭირდა, მერე დივანზე წამოჯდა. ოკრამ წყალი მიაწოდა. დალია. სული მოითქვა. გაოგნებული იყო.

-როგორ ხარ? - ჰკითხა თაკომ

-არ ვიცი

-ასეთი რა ნახე?

-ძალიან ბევრი რამ.

-15 წუთში ძალიან ბევრის ნახვა როგორ მოასწარი? - გაუკვირდა თაკოს

-ჰიპნოზის ქვეშ მხოლოდ 15 წუთი ვიყავი? - გაუკვირდა სალომეს

-15 წუთი და 15 წამი. - დააზუსტა ოკრამ - 15 წამი გამოფხიზლებას სჭირდება.

-მეგონა წლები გავატარე იქ

-მთავარი არის არა დრო, არამედ დასკვნები - ღიმილით უთხრა ოკრამ

-შემდეგი სეანსიც, რომ დღეს ჩავატაროთ შეიძლება? - დაინტერესდა სალომე, რომელსაც ოკრას მოგვრილმა სიზმარმა კიდევ უფრო მეტად აურია აზრები

-თუ გსურთ შეიძლება - უპასუხა ოკრამ

-ჯანმრთელობისთვის საზიანო არაა? - იკითხა თაკომ

-არა

-მაშინ მზად ვარ - თქვა სალომემ და დივანზე ისევ წამოწვა.


გაგრძელება იხილეთ ლინკზე: http://droni.ge/?m=5&AID=27131

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100