სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სალომეს მოღალატე ქმარი და 5 ყოფილი შეყვარებული - თავი X (ნოველის დასასრული)

ნოველის წინა თავი იხილეთ ლინკზე: http://droni.ge/?m=5&AID=27176

ოკრამ ბოლოჯერ გაატკაცუნა თითები და სალომე ისევ მიეცა ჯადოსნურ ძილს.

თვალი ისევ უცხო საძინებელში გაახილა, თანამედროვე ავეჯით გაწყობილ ოთახში. მის გვერდითმწოლარეს მხარეს, ტუმბოსთან ჩართული ლეპტოპი იდო, ლეპტოპის გვერდით კი ორიგინალური ფორმის ლარნაკში, რომელიც სავარაუდოდ ტკბილეულისთვის იყო კანკუთვნილი უამრავი ფლეშკა ეყარა, გარდა ამისა იქვე იდო გარე ვინჩესტერი და პლანშეტი.

„მგონი პროგრამისტის ან ჰაკერის ცოლი ვარო“ - გაიფიქრა სალომემ.

საწოლში მის გარდა არავინ იწვა, მაგრამ ზეწარსა და ბალიშზე კვალი იყო დარჩენილი და მიხვდა, წუხელ მარტოს არ სძინებია.

გონება დაძაბა და სცადა გაეხსენებინა ვინ იყო მის ცხოვრებაში დათისა და სანდროს შორის და როგორც კი გაახსენდა, ცოტა დაიძაბა.

„თემო“ - ჩაილაპარაკა და ქალურმა ცნობისმოყვარეობამ მოიცვა. თემო მის ცხოვრებაში არსებულ მამაკაცებს შორის ყველაზე ახლოს იდგა სასურველი სასიძოს სტატუსთან.

პროფესიით მასავით იურისტი, უზომოდ განათლებული, ამბიციური, პერსპექტიული, მიზანდასახული და რაც მთავარია ინტელექტუალურად სალომეს დონესთან ყველაზე ახლოს მდგომი მამაკაცი.

თემო ერთადერთია ვინც სალომეს თავისი ინიციატივით არ მიუტოვებია. ერთთვიანი კონსერვატიული შეხვედრების შემდეგ თავად გამოუცხადა კაცმა, მზად არ ვარ პირადი ცხოვრებისთვის, სხვა პრიორიტეტები მაქვსო და დასცილდა.

სალომე გაოცებული იყო, რადგან თემო მართალია სასურველი სასიძოს კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, მაგრამ გარეგნულად ზღაპრული პრინცის სრული ანტიპოდი იყო.

საშუალო სიმაღლის, სუსტი აღნაგობის, ფერმკრთალი, ცხვირზე დაკოფსებული მართკუთხა სათვალითა და სალომეს გვედით მდგომი მამაკაცისთვის შეუფერბელი კლასიკური სამოსით.

თემოსნაირებზე ქალები ჭკუას არ კარგავენ, თემოსნაირებს ცოლი ან გვიან მოყავთ, როცა საზოგადოებაში სტატუსს მოიპოვებენ და ანგარებიანი ქალების საკბილონი ხდებიან ან ადრე ქორწინდებიან, მაგრამ უშნო ქალებზე, აი ისეთებზე თემოსნაირის გარდა არავინ რომ არ შეხედავს ზედ.

სალომემ და თემომ ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როცა თემოს საკუთარ კარიერაში ნახევარი გზა უკვე გავლილი ჰქონდა, მძღოლი ემსახურებოდა, როლექსის ცოტა უგემოვნო, მაგრამ მაინც ძვირადღირებული საათი ეკეთა და პოლიტიკურ კარიერაზე ოცნებობდა.

მოდით ვაღიაროთ, ფული და წარმატება კაცს სექსუალურობას სძენს და თუ პირველ შთაბეჭდილებას სიბრიყვით ან სიგოიმით არ აფუჭებს მეორე-მესამე შეხვედრაზე, მაშინ ასეთი კაცები GQ-ს გარეკანიდან მომზირალ მამაკაცებზე მეტად სასურველებიც კი არიან ქალებისთვის.

ხოდა სალომესაც მოეწონა თემო, განსაკუთრებით კი მას შემდეგ რაც დარწმუნდა, ეს კაცი მისი მამრობითი ვერსია იყო. ორივეს რთული გზა ჰქონდა გამოვლილი კარიერულ კიბეზე, ორივე პოლიტიკოსობაზე ოცნებობდა, ორივე ამბიციური იყო, ერთ წრეში ტრიალებდნენ და სამყაროსაც ერთი კუთხიდან უყურებდნენ.

სალომემ იფიქრა იდეალური წყვილი ვიქნებითო და კაცის ვიზუალურ მხარესა და ზედმეტად კონსერვატიულ ხასიათზე თვალი დახუჭა, თუმცა ურთიერთობის გაგრძელება თემომ თავად არ ისურვა.

-გაიღვიძე ჩემო ჩიტუნა? - ფიქრებიდან თემოს ხმამ გამოარკვია. საძინებლის კართან იდგა, ხელში ყავის ჭიქა ეჭირა, ტანზე კი ზოლიანი პიჟამა ეცვა. სალომეს ინსტიქტურად გაახსენდა საბავშვო მულტფილმი „ზოლიანი ბანანები“ რომელიც ვესტნიკისა და მოამბის წამყვანებისგან დაღლილი მაყურებლისთვის, მზის სინათლესავით ამობრწყინებულ რუსთავი 2-ზე გადიოდა წლების წინ. - ყავა მოგიდუღე და ახლა ვაპირებდი შენს გაღვიძებას.

-ყავა მომიდუღე? - ისე გაუკვირდა სალომეს თითქოს ფაბერჟეს კვერცები მიართვა ვინმემ. ანდა როგორ არ გაჰკვირვებოდა, მას ხომ 4 არარეალური და ერთიც ნამდვილი ქმარი ჰყავდა უკვე და ყავა არცერთს მიურთმევია ლოგინში.

-ნუ გეშინია, გუშინდელივით არ შემშლია და კაპუჩინო არ ჩამიყრია ჭიქაში - გაუღიმა თემომ და ყავა ტუმბოზე დაუდგა. სალომეს ეგონა ყავას მხურვალე ან მეგობრული კოცნა მოყვებაო და დაიძაბა, მაგრამ ნურას უკაცრავად, თემო არც კი შეხებია.

-მადლობთ

-მე მეჩქარება, ერთ საათში თათბირი მაქვს სამსახურში, ოფისში მივალ თუ არა მძღოლს შენთან გამოვუშვებ და თავშესაფარში წაგიყვანს, საღამოსაც შენ გყავდეს, სადღაც მიდიხარ ხო ქალაქგარეთ?

-ნინოსთან - ჩაილაპარაკა სალომემ, რომელსაც კარგად ახსოვდა, რომ ოკრა მის სიზმრებს დათის გაცნობის დღეს ამთხვევდა ყოველთვის

-ხო, ნინოსთან კოჯორში - ისეთი ტონით თქვა თემომ სალომე მიხვდა ქმარს ეს ფაქტი არ ახარებდა

-მეჩვენება თუ არ მოგწონს ეს ამბავი? - ჰკითხა ინსტიქტურად

-შენ კარგად იცი ჩემი აზრი შენი და ნინოს მეგობრობის შესახებ

-რას ერჩი ნინოს?

-ნინოს არაფერს, ძალიან მომწონს ისიც და მისი ოჯახიც, მაგრამ მისი დაქალები, ეგ წრე საშენო არაა?

-რატომ?

-სალომე ათასჯერ აგიხსენი, მე სერიოზული გეგმები მაქვს ჩვენს მომავალთან დაკავშირებით, მე ჩვენს ქვეყანას ევროპად ვაქცევ, დავით აღმაშენებლის დროინდელ დიდებას დავუბრუნებ, შენ კი საქართველოს დედოფალი იქნები, აბა დაფიქრდი, დედოფლები ფლეიბოის ვარსკვლავებთან და ყალბ ფემინისტებთან მეგობრობენ?

„დავით აღმაშენებლობა უნდა ამ უბედურს, ნეტა იცის, რომ დავითის ხმალი იმაზე უფრო მძიმე იყო ვიდრე ეს თავისი ლეპტოპებიან პლანშეტებიანად?“ - მხოლოდ გულში დასცინა სალომემ, ხმამაღლა კი არაფერი უთქვამს, მაგრამ სახეზე მაინც გამოესახა უკმაყოფილება.

-კარგი, ნუ მიყურებ ეგეთი სახით, მე არაფერს გიკრძალავ ხომ იცი. წადი ნინოსთან და გაერთე ისე როგორც გიყვარს, ოღონდ ბევრს ნუ დალევ.

„ოჰ, მადლობელი, ძალიან მჭირდებოდა შენი ნებართვა ხო იცი“ - გაიფიქრა სალომემ, თუმცა პასუხად არაფერი უთქვამს.

თემომ სწრაფად ჩაიცვა შარვალ-კოსტუმი, რომელიც სალომეს ძალიან უგემოვნო სამოსად მოეჩვენა და გაუკვირდა, ქმრის იმიჯზე რატომ არ ვზრუნავო.

-12 საათზე სახლში იყავი იცოდე - უთხრა თემომ ცოლს სახლიდან გასვლისას ისე რომ დამშვიდობებისას ლოყაზეც კი არ უკოცნია და წავიდა. სალომე ბურტყუნით წამოდგა საწოლიდან.

„12 საათზე სახლში ვიყო რა კონკია ვარ? გოგრის გამოგზავნა არ დაგავიწყდეს კეთილო ფერიავ. ამას უყურე რა, მომინდომა მიხეილ სააკაშვილობა ამ პატარა ჟირინოვსკიმ. ფუ, რას გავხარ შე უბედურო“ - ხმამაღლა ფიქრობდა სალომე, რომელიც თემოს მიერ მისი მეგობრების შეურაცხყოფამ ძალიან გააბრაზა.

ტუმბოდან ყავის ჭიქა აიღო, ყავა მოსვა, მოეწონა.

„კაფეტერია რომ გახსნა და ის აქციო ევროპად არ გინდა შე ჭიამაია? ამას ცოლად როგორ გავყევი?“ - ჰკითხა საკუთარ თავს ზუსტად იმ დროს როცა სარკეს გაუარა.

გაუარა და თითქოს რაღაც მოელანდაო ისევ უკან მიბრუნდა, სარკის წინ მივიდა იმის გადასამოწმებლად მართლა დავინახე ის რაც დავინახე თუ მომეჩვენაო.

არ მოჩვენებია, მასაც ზოლიანი პიჟამო ეცვა.

„ბერთი, ბორი, ბერთი, ბორი“ - დაეჭყანა სარკეში საკუთარ გამოსახულებას, ყავა ისევ ტუმბოზე დადო და აბაზანაში შევიდა.

„ზოლიან ბანანებს დღეს ერთი სული აქვთ, ზოლიან ბანანებს დღეს თამაში უნდათ, ბერთი ბორი, ბერთი ბორი“ - ღიღინებდა შხაპის ქვეშ სალომე ოდესღაც ცნობილი ანიმაციური ფილმის საუნდტრეკს.

***

ერთ საათში მძღოლმა მოაკითხა და თავშესაფარში წაიყვანა. ზოლიანი ბანანების სიმღერამ და სასაცილო პიჟამოებმა სალომე ისე გაართო, რომ თემოს ცოლის მოგონებებში გასეირნება დაავიწყდა, ამიტომ წარმოდგენაც არ ჰქონდა რომელ თავშესაფარში და რატომ მიყავდა ის მძღოლს.

გზაში ისევ იმ სიმღერას ღიღინებდა და გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა, როდესაც მანქანა ორსართულიანი, ძველი და ნაცრისფერი შენობის ეზოში გაჩერდა.

-სად ვარ? - ჰკითხა საკუთარ თავს და სანამ თემოს ცოლი სალომეს რეალობაში გაერკვეოდა, მის კითხვას მანქანასთან მოვარდნილმა ბავშვებმა უპასუხეს.

„სალომე, სალომე“ - ყვიროდნენ პატარები და ისე მორბოდნენ მისი მანქანისკენ.

სალომე დაიბნა, ვერ მიხვდა რა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ პატარებმა მის მაგივრად მიიღეს გადაწყვეტილებები. მანქანის კარი გააღეს, სალომეს ხელი მოკიდეს, გადაიყვანეს, ზოგი მკლავზე მოეჭიდა ზოგი წელზე და შენობისკენ წაიყვანეს.

-სალომე მე ის ნახატი დავასრულე

-სალომე მე ტომ სოიერის ორი თავი წავიკითხე

-სალომე თოჯინების თეატრში როდის წაგვიყვან?

-სალომე დღეს ზღაპარს წაგვიკითხავ?

-სალომე

-სალომე

-სალომე

საკუთარი სახელის ამდენჯერ ხსენებამ ცოტა თავი აატკია. ამდენი ბავშვი ერთად მას შემდეგ არ ენახა რაც სკოლა დაამთავრა.

უცხოპლანეტელებივით აღიქვამდა მისთვის უცხო პატარებს, რომლებიც მისდამი საოცარი სიყვარულითა და პატივისცემით იყვნენ გამსჭვალულნი.

„ბერთი და ბორი კი არა, ლენინი და სტალინი ვართ მე და ჩემი ქმარი“ - გაიფიქრა სალომემ, რომელიც უცხო ბავშვების მიმართ სიყვარულით არასოდეს გამოირჩეოდა.

-რომელ საათამდე უნდა ვიყო აქ? - ჰკითხა მძღოლს, რომელიც მაქანიდან გადმოსულიყო იმ კარის დასაკეტად, რომელიც სალომეს ღია დარჩა. კაცმა გაოცებით შეხედა და მხრები აიჩეაჩა „მე რა ვიციო“ - ერთ საათში, არა 40 წუთში გამოვალ, არ წახვიდე, დამელოდე! - უთხრა მძღოლს და უხალისოდ გაყვა ბავშვებს.

პატარები ნახატებს აჩვენებდნენ, ერთმანეთს ლაპარაკს არ აცდიდნენ და ათას რაიმეს ერთდროულად უყვებოდნენ. მხოლოდ ერთი ბავშვი იდგა ჩუმად, ყველასგან მოშორებით, კარის გვერდით, კედელთან. იდგა და სხეულს აყანყალებდა, ოდნავ გამოიწეოდა კედლიდან, მერე ისევ მიეყრდნობოდა და ასე დაუსრულებლად. სალომეს თვალში მოხვდა მისი განდეგილობა და რამდენჯერმე გააპარა თვალი ლოყებდაბერილი ბიჭუნასკენ.

მისი მისვლით მოგვრილი ეიფორიის პირველმა ტალღამ, რომ გადაიარა და ბავშვები ცოტა მიწყნარდნენ, სალომე განდეგილ ბიჭუნასთან მივიდა, ბავშვის წინ ჩაიცუცქა და თბილად გაუღიმა.

-როგორ ხარ?

-კარგად

-შენ არ ხატავ? - დაუსვა პირველივე კითხვა, რომელიც თავში მოუვიდა. სხვა ბავშვები მაგიდებთან ისხდნენ და ფანქრები ჰქონდათ მომარჯვებული. ბიჭუნამ უარის ნიშნად თავი გააქნია - რატომ?

-არ ვიცი ხატვა

-მე გასწავლი - უთხრა სალომემ და გაახსენდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბების შემდეგ ფუნჯი ხელში არ აუღია, არადა ოდესღაც მხატვრობა მისთვის ჯერ საოცნებო პროფესია იყო, მერე ჰობი, ანტისტრესი და რელაქსაციის საშუალება. „შეიძლება თავადაც ვეღარ ვხატავ და ამას რა ვასწავლო“ - გაიფიქრა და ამ აზრთან ერთად მისთვის რეალობამ გარკვევა დაიწყო.

თემოს ცოლი სალომე ობოლ ბავშვებს ხატვას ასწავლის, რა თქმა უნდა უსასყიდლოდ.

„კაი ტიპია თემოს ცოლი სალომე“ - გაიფიქრა რეალურმა სალომემ - „მაგრამ რატომ მცალია ამისთვის? ამ სიზმარში არასამთავრობო ორგანიზაცია არ მაქვს? ზუკა და თაკო სად არიან ნეტავ? უცნაურია, წესით თემოს ჩემი კარიერის განვითარებისთვის ხელი არ უნდა შეეშალა. პატარა ჟირინოვსკი ნახე რა, ქველმოქმედი ცოლი კარგი კომპონენტია პოლიტიკოსის ცხოვრებაში.“

-მე სიმღერა მიყვარს - თემოს ცოლზე ფიქრებიდან პატარა ბიჭუნას ხმამ გამოარკვია

-სიმღერა? კარგია - გაუღიმა სალომემ

-ამასაც კი ამოაღებინეთ ხმა, ნამდვილი ანგელოზი ხართ ქალბატონო სალომე - მოესმა გვერდიდან და ამ სიტყვების ავტორისკენ გახედვამდე მიხვდა, რომ ფამილარობას ჰქონდა ადგილი. მზერა ხმას გააყოლა და დაბალი, პუტკუნა ქალი დაინახა.

„რატომ მუშაობენ ასეთ დაწესებულებებში ასეთი ადამიანები, ბავშვებს სულ სხვანაირი გარემო სჭირდებათ და არა ეს აშკარად აფერისტი ქალი. არ გამიკვირდება ობლებისთვის განკუთვნილ საჭმელს ან ნივთებს იპარავდეს და სახლში მოჰქონდეს, ან კიდევ უარესი ყიდდეს“ - გაიფიქრა სალომემ.

-ორი დღეა აქ არის და არავის გველაპარაკება, თქვენ კი ხმა გაგცათ, რაღაც საოცარი აურა გაქვთ, საოცარი პირდაპირ - ფამილარობას არ ეშვებოდა ბავშვთა სახლის თანამშრომელი.

-რა გქვია? - ჰკითხა ბიჭუნას ისე, რომ ქალისთვის პასუხი ღიმილითაც კი არ გაუცია. ეს თვისება ბავშვობიდან მოყვება სალომეს, ვინც თვალში არ მოსდის ყველას ისე ექცევა თითქოს არც კი არსებობენ და ამის გამო ბევრჯერ შექმნია პრობლემა

-ნიკა - უპასუხა ბიჭუნამ

-ნიკოლოზი - ღიმილით შეუსწორა სალომემ, რომელსაც ამ სახელმა თავისი შვილი გაახსენა

-არა, ნიკა

„ჩემი ნიკოლოზიც გააპროტესტებს ალბათ თავისი სახელის სრულ ფორმას, დროა მივეჩვიო და ნიკა დავუძახო, მაგრამ ნიკა არ მომწონს, ნიკუშა სჯობს, მაგრამ ნიკუშა ძალიან გრძელია, მაშინ ნიკოს დავუძახებ. დათის არ მოეწონება, ნიკო ნიკოლაძე ხო არ არისო დამცინებს. ნიკო ნიკოლაძე მაგარი კაცი იყოთქო ვეტყვი და დამთანხმდება, სულ მთანხმდება ასეთ წვრილმანებზე, სერიოზულ საკითხებზე უფრო იცის შეწინააღმდეგება. იმ სახლზეც რამდენი ვიკამათეთ, არ მინდოდა კერძო სახლი, დუპლექსი მერჩია სადმე ცენტრში, მაგრამ არაო, ბავშვებს ეზო უნდათო, გაიგიჟა თავი. არადა მართალია ხო იცი, ეზო სულ სხვაა, ძაღლსაც ვიყოლიებთ. სწორად მოვიქეცით მიწა, რომ ვიყიდეთ და ჩვენი გემოვნებით ავაშენეთ სახლი. ჭკვიანი კაცია ჩემი დათი, ოჯახის კაცია. ღმერთო რა კარგი ქმარი მყავს.“

-ახალი მოსული ხარ აქ ნიკა? - საკუთარი რეალობიდან ისევ ბავშვთა სახლის ახალ ბინადარს მიუბრუნდა. ნიკამ თავი დაუქნია - მერე, მოგწონს?

-არა

-რატომ?

-დედასთან მინდა - უპასუხა ბავშვმა და ცრემლები მოადგა. სალომე დაიბნა, არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ როცა ნიკას ცრემლები ქვითინში გადაიზარდა, გულაჩუყებული სალომე ბავშვს ჩაეხუტა.

პატარა ტიროდა და დედა მინდაო ალაგ-ალაგ ამბობდა. სალომეს გული გაეწურა, ბავშვი ხელში აიყვანა და ოთახიდან გავიდა რადგან სხვა პატარებმა ხატვას თავი დაანებეს და მათკენ იყურებოდნენ.

დერეფენში გავიდა ბავშვით ხელში, ნიკა ტირილს უფრო და უფრო უმატებდა, ხელები დაეღალა, მაგრამ პატარას მკერდიდან ვერ მოიშორებდა, ამიტომ პირველივე ცარიელ ოთახში შევიდა, დივანზე ჩამოჯდა, ნიკა მკერდზე ჰყავდა მიკრული.

დიდხანს იტირა დედის კალთას ორი დღის წინ მოცილებულმა პატარა ნიკოლოზმა, ბოლოს ტირილით დაღლილს სალომეს მკერდზე ჩაეძინა. ბავშვის გაღვიძების შიშით წასვლა კი არა განძრევაც კი არ უფიქრია, ფრთხილად სუნთქავდა პატარას ძილი არ დავუფრთხოვო.

ნიკა ახალი ჩაძინებული იყო, როცა ოთახის კართან ბავშვთა სახლის კიდევ ერთი აღსაზრდელი აიტუზა და სალომეს მიაშტერდა. სალომემ გაუღიმა, ტუჩზე თითის მიდებით ანიშნა ჩუმად იყავიო, მერე ისევ ჟესტებით უთხრა მოდიო. გოგონა ფეხაკრეფით მიუახლოვდა, სალომემ ისიც გვერდით მოისვა და ჟესტებით ისევ გააფრთხილა ხმა არ ამოიღოვო.

ამ გოგონას კიდევ ერთი ბავშვი მოყვა და ისიც გვერდით მიუჯდა სალომეს. მერე თავგადაპარსული ბიჭუნა შემოვიდა, მერე წითური გოგონა და 15 წუთში სალომეს გარშემო 10-მდე ბავშვი მოგროვდა. ზოგს სათამაშო ეჭირა ხელში, ზოგი ხელცარიელი იყო და ყველას ძალიან მოსწონდა სალომესა და ნიკასთან ყოფნა მიუხედავად იმისა, რომ ნიკუშას გაღვიძების შიშით საუბარს ვერავინ ბედავდა.

მძღოლისთვის ნათქვამი „40 წუთში გამოვალ სულ“ გადაავიწყდა სალომეს, რადგან ნიკუშასთან ერთად სხვა პატარებსაც ჩაეძინათ, სამს სავარძლებზე, დანარჩენს მის გვერდით დივანზე და სალომე ამ მძინარე არსებების გვერდით თავს ისე კარგად გრძნობდა, საერთოდ აღარ ახსოვდა, სულ ცოტა ხნის წინ აქედან გაქცევის გარდა, არაფერზე რომ არ ფიქრობდა მისი გონება.

ბავშვთა სახლიდან, რომ გამოვიდა უკვე ბინდდებოდა. პატარა ნიკას არც კი გაუღვიძია ისე ჩააწვინა ლოგინში, დანარჩენმა ბავშვებმა კარამდე მიაცილეს და დამშვიდობებისას დაპირდნენ ნიკაზე ვიზრუნებთქო.

***

ნინოს აგარაკზე თითქმის პირველი მივიდა, სტუმრები ჯერ არ შეკრებილიყვნენ, მხოლოდ მაიკო იყო მისული.

-გამოგიშვა თეიმურაზმა? - ისეთი ტონით ჰკითხა ნინომ, სალომე მიხვდა მის მეგობარს მისი ქმარი გულზე არ ეხატებოდა.

-სხვა რა გზა ჰქონდა - ღიმილით უპასუხა სალომემ.

-დღესაც იყავი იმ ბავშვებთან? - ჰკითხა მაიკომ.

-კი

-სხვის შვილებთან სიარულს შენი გააჩინო არ გირჩევნია?

-ურჩევნია, მაგრამ სადა აქვს ამის ქმარს მაგის თავი - ცოტა გესლიანად და ბრაზით ჩაილაპარაკა ნინომ. სალომე ვერ მიხვდა რას გულისხმობდა მისი მეგობარი, რადგან თემოს ცოლი სალომეს მოგონებებში გასეირნება ისევ დაავიწყდა.

-მოიცა ისევ პრობლემები გაქვთ? - დაინტერესდა მაიკო.

-მაგას პრობლემები აღარ ჰქვია, ეგ არის ამათი ცხოვრების სტილი - ნინო აშკარად რაღაცით იყო უკმაყოფილო, მაგრამ სალომე ვერ ხვდებოდა რითი.

-ვაიმე სალუკა, არ მემეტები მაგისთვის, ანგელოზივით გოგო ხარ, რას აკვლევინებ მაგას თავს? გაშორდი, უკეთესსაც გაყვები ცოლად, შეიძლება ნაკლებამ ფულიანი იყოს, მაგრამ ფული ხომ არ არის მთავარი?

-არ უნდა წამოსულიყავი სამსახურიდან, ახლა ქმარზე დამოკიდებული არ იქნებოდი - ისევ ბუზღუნებდა ნინო.

-შენ გერმანიაში არ სწავლობდი? სამსახურის შოვნა არ უნდა გაგიჭირდეს - სიგარეტს მოუკიდა მაიკომ და ყავის ჭიქა ახლოს მიიჩოჩა.

-ეგრე ადვილი გგონია შენ ამის მოსაწონი სამსახურის პოვნა? შეხედე, 120 ლარი მარტო თმის შეღებვაში აქვს გადახდილი, სად არის საქართველოში ეგეთი სამსახურები ყოველთვე სილამაზის სალონში ათასი ლარი დატოვოს ქალმა და ხელფასი ეყოს თან - სალომეს ნაცვლად უპასუხა ნინომ.

-მოიცა ვაფშე არა? - ჩურჩულით ჰკითხა მაიკომ სალომეს. სალომე ვერ მიხვდა რას ეკითხებოდნენ და დაიბნა. - მაპატიე, მაპატიე, ცუდი კითხვა დაგისვი - ხელები გაასავსავა მაიამ, რომელმაც სალომეს დაბნეულობა სულ სხვა მიზეზით ახსნა

-დღეს ჩემი ბიძაშვილიც ამოვა, იცის გოგოები ვიკრიბებით და არ მოუთმენს გული ისეთი ბაბნიკია. ძმაკაცებსაც ამოიყოლებს და ერთ-ერთი უნდა აარჩიო იცოდე - დაარიგა ნინომ.

-მოიცა რას ეუბნები, საყვარელი გაიჩინოს? - თვალები გაუფათოვდა მაიას

-დიახაც!

-რა საყვარელი? - გამოფხიზლდა სალომე, რომლისთვისაც ღალატი ყოველთვის იყო მომაკვდინებელ ცოდვათა სიის თავში.

-რა საყვარელი და ის საყვარელი, ანგელოზივით გოგო ხარ და ორგაზმი არ იცი რა არის. ქმართან გაწელე-გამოწელე 10-ჯერ თუ გექნებოდა სექსი და ისიც საკითახვია მართლა სექსი იყო თუ არა. შენი თავი არ გეცოდება? რას აკვლევინებ თავს მაგ იმპოტენტს? კიბოს აჩენს უსექსობა, კიბოოოს.

-გეი ხო არ არის შენი ქმარი?

-რა გეი გოგო, დორბლები მოსდის ქალის დანახვაზე, მაგრამ არაფრის თავი არა აქვს. აი მაგას ცოლად როგორ გაყევი? არ გრცხვენია? - ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტად გამოხატავდა ბრაზსა და თემოს მიმართ ზიზღს ნინო.

-კაცოოო, თვითონ მაინც არ უნდება სექსი? - ახალი კითხვა გაუჩნდა მაიკოს.

-თვითონ რა ენაღვლება, წავა ჩართავს პორნოს და ფუ, ფუ, ფუ.... -სახე დაეჭყანა ნინოს - ოხ სალომე, შენი თავი მომაკვლევინა და არაფერი მინდა, როგორ იღუპავ თავს და ცხოვრებას.

სალომემ იგრძნო როგორ შესძულდა საკუთარი თავის ის ვერსია, რომელსაც ახლა ხედავდა. ბოლომდე ვერ გააცნობიერა სექსუალურად უძლური კაცის ცოლობამ უფრო გააღიზიანა თუ ნინოსა და მაიკოს საუბარმა, მაგრამ მთავარს მაინც მიხვდა და ოკრას გასაგონად ჩაიბურტყუნა „გასაგებია“

***

-ეს ჩვენი ბოლო გასაგებია იყო და იმედი მაქვს მართლაც გასაგებია ყველაფერი - ღიმილით უთხრა ოკრამ გამოფხიზლებულ სალომეს

-დიახ გასაგებია, ყველაფერი გასაგებია - უპასუხა სალომემ

-მაგალითად რა?

-ის რომ იდეალური ქმარი მყოლია და ამას ვერ ვიაზრებდი. ის რომ ჩემი ქმარი ჩემი ბედია და ეს არ ვიცოდი, საერთოდ არ ვიცოდი ამ ქვეყნად ბედი თუ არსებობდა და კიდევ ის, რომ.... -სიტყვა გაუწყდა სალომეს, რადგან მთავარი სათქმელისთვის ზუსტი სიტყვები ვერ მოძებნა

-რა? - ჩაეიკითხა ოკრა

-სადღაც წამიკითხავს, ადამიანებს ის ადამიანები ქმნიან რომლებიც გვერდით ჰყავთო, მაშინ ვერ მივხვდი ამას კარგად. ახლა კი ვხვდები, რომ პიროვნების არსი პირდაპირ კავშირშია მასთან ვინც გვერდით ჰყავს და დათის გვერდით მე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვარ. სულ მეგონა, რომ მე შევცვალე დათი, მე გამოვიყვანე რესტორნიდან და მე ვაქციე ოჯახის კაცად, არადა პირიქით ყოფილა, მან მაქცია მე იმად რაც ვარ, მან მიხსნა მე ჩემში არსებული დემონებისგან და რომ არა ეს სიზმრები ამ ყველაფერს ვერ გავიგებდი. რომ არა ეს სიზმრები მთელი ცხოვრება მეგონებოდა, თითქოს დათი ჩემს გამოა კარგი მამა და მეოჯახე, არადა მას თურმე სულში ჰქონდა ბავშვების სიყვარული და სხვებზე ზრუნვის უნარი. დათი საუკეთესოა და მრცხვენია, რომ აქამდე ამაში ბოლომდე არ ვიყავი დაწრმუნებული.

-ეს იმას ნიშნავს, რომ აღარ დაშორდებით?

-ეგ სხვა საკითხია, დათის ღალატის გამო ვშორდებოდი და არა იმიტომ, რომ მასში რაიმე არ მომწონდა, ღალატის ფაქტი კი ისევ ფაქტად რჩება

-გამოდის ვერ დაგეხმარეთ - სინანულით თქვა ოკრამ

-თქვენ მე ძალიან დიდი სამსახური გამიწიეთ, ამ სიკეთეს არასოდეს დაგივიწყებთ

-აი აქ კი ცდებით. ყველაფერი რაც ამ ოთახში დაგესიზმრათ თქვენი გონებიდან უნდა წავშალო, რადგან შესაძლოა პრობლემები შეგიქმნათ, ეს ჩემი პროფესიული სტანდარტია, რომელსაც თქვენივე კეთილდღეობისთვის ვერ დავარღვევ

-მეხსიერება უნდა წამიშალოთ?

-მხოლოდ ის მომენტები, რაც მე განახეთ

-სხვა მომენტების წაშლაც შეგიძლიათ?

-ნუ გეშინიათ ზედმეტს არაფეს წავშლი

-მაგას არ გეკითხებით, მე მაინტერესებს სხვა მომენტების წაშლაც შეგიძლიათ თუ არა

-კი შემიძლია

-მაშინ გონებიდან დათის ღალატის მოგონება წამიშალეთ

-ეს არ არის ჩემი საქმე, მაგრამ თუ ამით თქვენს დახმარებას შევძლებ წაგიშლით

ოკრას სახლის დატოვებამდე, ზებუნებრივი შესაძლებლობების მქონე მამაკაცს სეანსების საფასური, 100 დოლარი დაუდო მაგიდაზე, დაემშვიდობა და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.

ყველაფერი ისე მოხდა როგორც ოკრამ უთხრა, სახლისკენ მიმავალ გზაზე მისი გონებიდან ნელ-ნელა წაიშალა სიზმრებიც და ქმრის ღალატის მოგონებაც.

სალომეს წასვლიდან ერთი საათის შემდეგ ოკრას სახლის კარზე დათიმ დააკაკუნა, მისტიურმა კაცმა ღიმილით გაუღო კარი და მასაც ისე მეგობრულად მიესალმა როგორც სალომეს ესალმებოდა.

-მორჩა? - ჰკითხა დათიმ, რომელსაც ყველა მიმიკაზე ეტყობოდა, რომ ძალიან ნერვიულობდა

-დიახ და დიდი წარმატებითაც

-ახლა რა უნდა ვქნა?

-არაფერი, სახლში მიხვალთ და თავს ისე დაიჭერთ თითქოს არაფერი ყოფილა, სალომეს აღარ ახსოვს, რომ უღალატეთ

-აღარ დამშორდება?

-თუ კიდევ არ გაგექცევათ თვალი სხვა ქალისკენ, მაშინ არა - უპასუხა ოკრამ ეშმაკური ღიმილით.

-არ ვაპირებ ცოლის ღალატს, ესეც ძალიან ძვირი დამიჯდა - გაუღიმა დათიმ, რომელსაც ისეთი სახე ჰქონდა თითქოს დიდი ტვირთი მოხსნეს ზურგიდან. მერე ჯიბიდან მოზრდილი კონვერტი ამოიღო და იმავე მაგიდაზე დადო სადაც ერთი საათის წინ მისმა ცოლმა 100 დოლარი დატოვა. ამ კონვერტში ცოლის მიერ დატოვებულ თანხაზე ბევრად მეტი ფული იდო. - მშვიდობით ბატონო თენგიზ

-სანამ წახვალთ ერთი კითხვა მაქვს

-გისმენთ

-ძალიან ბევრი შეკვეთა მქონია, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, დიდი ქონების მიღების მსურველი მემკვიდრეები, ერთხელ ნარკობარონსაც კი მოვემსახურე, მაგრამ ასეთი რამ არასოდეს მინახავს

-მერე?

-მაინტერესებს რატომ წახვედით ამაზე?

-ოდესმე გყვადებიათ?

-ქალი? არა

-მაშინ ვერ გამიგებთ. ნახვამდის ბატონო თენგიზ

-გასპადინ ოკრა - დათის მიმართვის ფორმა შეუსწორა მისტიურმა კაცმა, თუმცა სალომეს ქმარს ეს აღარ გაუგია, სალომეს ქმარს სახლში ეჩქარებოდა, ცოლთან რომელსაც მართალია უღალატა, მაგრამ სამყაროში ყველასა და ყველაფერზე მეტად უყვარდა.

***

სალომე დივანზე იწვა, ტელევიზორს უყურებდა, მის გვერდით საბავშვო ეტლში ნიკოლოზს ეძინა.

დათი ფეხაკრებით შევიდა სახლში, ცოტა ხანს ოთახის კართან იდგა და ჩუმად უყურებდა ცოლ-შვილს, მერე დივანთან მივიდა, ჩამოჯდა, სალომეს მკერდზე დაადო თავი და ისე ჩაეხუტა, როგორც სიკვდილისთვის თვალებში მრავალჯერ ჩახედვის შემდეგ, ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცები ეხუტებიან მონატრებულ შეყვარებულებს.

-რა გჭირს? დღეს დილით არ მნახე? - გაიღიმა სალომემ და ისიც მოეხვია ქმარს

-არაფერი, უბრალოდ მიყვარხარ, რო ვერ გამოვხატავ ისე ძალიან მიყვარხარ

-მე უფრო მიყვარხარ

-შენ ხარ ყველაზე მაგარი ცოლი, ყველაზე მაგარი ქალი, ყველაზე მაგარი ადამიანი

-ყველაზე მაგარი იურისტიც - დაამატა სალომემ, რომლისთვისაც ქმრის მოზღვავებული ემოციების მიზეზი გაუგებარი იყო.

-ხო ეგეც

-იურისტზე გამახსენდა, აღარ მინდა პარლამენტარობა

-ვერ ელევი თავმჯდომარეობას?

-არასამთავრობოდანაც მინდა წამოსვლა

-მეღადავები? - ცოლის მკერდიდან თავი ასწია და დივანზე წამოჯდა გაოცებული დათი

-ბავშვთა სახლის გახსნა მინდა, მგონი ეგრე უფრო მეტ სიკეთეს გავაკეთებ ვიდრე პარლამენტარობაა

-პარლამენტარობა სიკეთისთვის გინდოდა?

-არა, თანამდებობის ხამი ვიყავი და იმიტომ მინდოდა

-ესეიგი ბავშვთა სახლი

-ხო ბავშვთა სახლი, გონებაში უკვე მაქვს გეგმა სად უნდა მოვიძიო სახსრები, როგორ უნდა გავმართო სტრუქტურა და შექვმნა იდეალური გარემო ბავშვებისთვის, რომლებსაც საზოგადოების სრულფასოვან წევრებად აღვზრდი. პროექტის დაწერას ხვალ დავიწყებ.

-ბავშვთა სახლი კარგია - გაუღიმა დათიმ და ისევ დაადო ცოლს მკერდზე თავი.

***

თითქმის 6 თვე გავიდა ოკრასთან ვიზიტებიდან, სალომეს არაფერი ახსოვდა და მის ოჯახშიც სიმშვიდე სუფევდა, ბედნიერები იყვნენ, ცხოვრება იმ სარეკლამო რგოლს გავდა იდეალური ოჯახი სარეცხი ფხვნილის შერჩევისასაც კი რომ არ კამათობს.

....მაგრამ ერთ საღამოს დათისთვის მოულოდნელი რამ მოხდა.

ტელევიზორში, ერთ-ერთ უცხოურ არხზე მადრიდის ფეშენ ვიქის შესახებ მომზადებულ სიუჟეტს გადმოსცემდნენ. სალომემ ინტერესით უყურა გადაცემას და სახე აერია.

-ახლა მე იქ უნდა ვიყო, ჩემს გარეშე ჩემს ტანსაცმელს ვინ გაიტანდა? - ჰკითხა ქმარს ისეთი უცნაური სახითა და მტკიცე ტონით, რომ დათი მიხვდა რაღაც ცუდი ხდებოდა.

-სალომე კარგად ხარ?

-აქ რატომ ვარ? მადრიდის ფეშენ ვიქისთვის მთელი წელი ვემზადებოდი და ახლა აქ რა მინდა?

-სალომე რას ლაპარაკობ?

-ჰანცი სადაა? ჩემი ქმარი სადაა?

-მე ვარ შენი ქმარი

-დათი, დათი რაღაც ხდება. ჰანცი, ჰანცი. ვაიმე, ცუდად ვარ - თავზე მოიკიდა ხელები და სახე დაჭიმა სალომემ. ტვინში ორი სხვადასხვა ცხოვრება აერია, ორივე ძალიან რეალური იყო და რეალობა დიდ გაურკვევლობად ექცა გონებაში.

-სალომე მოდი, წამოწექი!

-დათი ვერ ვხვდები, შენც ჰანციც, როგორ?

-ვინ არის ჰანცი?

-ჩემი ქმარია, ჰანცმა მოგკლა, მაგრამ ცოცხალი ხარ და შენც ჩემი ქმარი ხარ. მგონი ვგიჟდები.

საკუთარ მოგონებებში არეულ და გაურკვეველ სალომეს ნერვული შეტევა დაეწყო და ისტერიკაში გადაეზარდა, დათიმ გაჭირვებით მოახერხა მისი დამშვიდება და ლოგინში ჩაწვენა.

ცოლმა დაიძინა თუ არა, მაშინვე ბატონ ოჯრას დაურეკა, მომხდარი უამბო და თქვენი ბრალი ხომ არაფერიაო ჰკითხა.

ოკრა დაპირდა ხვალ დილითვე გინახულებთ და პრობლემას მოვაგვარებო.

დათის გამთენიისას ტანსაცმლის გაუხდელად ჩაეძინა სალომეს ფეხებთან.

ქალაქს ჯერ კიდევ ეძინა, როცა სალომემ თვალი გაახილა, მოგონებები იმაზე უფრო მძლავრად მოაწვა ვიდრე წინა ღამით.

გაახსენდა დათუნა, ელენიკო და პატარა ნიკოლოზი ბავშვთა თავშესაფრიდან. მისმა გონებამ რეალობის აღქმა ბოლომდე ვერ შეძლო, თუმცა გული მისი ხუთივე ვერსიის ტკივილმა შეუკუმშა.

ბავშვებზე დარდმა სასოწარკვეთილებაში ჩააგდო, უპატრონოდ დატოვებული ნიკოლოზის წარმოდგენაზე ცრემლები წამოუვიდა. მერე დათუნა და ელენიკო მოენატრა, რეალობას ბოლომდე ვერ აცნობიერებდა და ვერ ხვდებოდა რა იყო სიზმარი და სინამდვილე, მაგრამ იმის მიხვედრა მოახერხა, რომ ამ ბავშვებს ვეღარასოდეს ნახავდა და ისტერიული ქვითინი აუვარდა.

ცრემლებმა გონებასთან ერთად მხედველობაც დაუბინდა, მაგრამ საწოლიდან მაინც წამოდგა.

მძინარე ქმარს დახედა, მისი მოფერება მოუნდა, მაგრამ გაღვიძების შეეშინდა და აღარ მიეკარა.

ფეხაკრეფით გავიდა ოთახიდან და ოკრას სიზმრებიდან დაგროვილ ხელოვნურ მოგონებებში გადაეშვა. თავად ოკრა არ ახსოვდა, ამიტომ ამ მოგონებების წყარო გაუგებარი იყო მისთვის.

ყველა მოგონების ტკივილი სათითაოდ იგრძნო. გონების ღრმა კუნჭულში გაუჩნდა აზრი, რომ ჭკუიდან იშლებოდა და მართლაც მრავლად იყო მის ტვინში გიჟური ფიქრები.

დივანთან ჩაიმუხლა და თავისი სიზმრების პერსონაჟებს დაუწყო საუბარი. ძირითადად ბავშვებს ელაპარაკებოდა, ეფერებოდა, ბოდიშს უხდიდა მიტოვებისთვის, არ ვიცი სად გეძებოთო უხსნიდა, მაგრამ ბავშვებს მისი არ ესმოდათ, თვალწინ განაწყენებული დათუნას, ელენიკოსა და ნიკას სახეები ერთმანეთის მონაცვლეობით უდგებოდა და ამის გაძლება მისთვის შეუძლებელი იყო.

„თავი დამანებეთ, ყველამ თავი დამანებეთ, მივდივარ, ვეღარც ჰანცი მცემს და ვეღარც დათი მიღალატებს. მე არ ვარ დედათქვენი, თქვენც დამანებეთ თავი“ - ბუტბუტებდა სალომე და ასე ბუტბუტით გამოაღო აივნის კარი, ბუტბუტით მივიდა მოაჯირთან, ბუტბუტით შედგა ფეხი რკინის გისოსზე, ბუტბუტით გადააბიჯა მარცხენა ფეხი აივნის მოაჯირს...

თავის მოკვლას არ აპირებდა, უბრალოდ წასვლა უნდოდა და გადახტა...

ბოლო ამოსუნთქვამდე რამდენიმე წამით ადრე, სულ რამდენიმე წამით დაუბრუნდა საღი აზრი, რამდენიმე წამში დაინახა რეალური სურათი და გაოცებულმა ბოლოჯერ წაიბუტბუტა: რატომ დათი?

„რატომ დათი?“ - ამ კითხვას დიდი ხნის განმავლობაში დაუსვამს საკუთარ თავს საყვარელი ქალის სიკვდილით განადგურებული დათი, მანამ სანამ ზამთრის ერთ ცივ ღამეს სიზმარში გარდაცვლილი ცოლი არ გამოეცხადება და ღიმილით არ სთხოვს მის გარეშე ცხოვრების გაგრძელებას.

***

-რატომ დათი?

-იმიტომ, რომ ადამიანებს გვჩვევია, ერთი შეცდომის მეორე, უფრო დიდით გამოსწორების მცდელობა.

-რატომ დათი?

-იმიტომ, რომ ადამიანები სასჯელის თავიდან აცილების მიზნით, უფრო დიდი სასჯელის დამსახურებას არ ვერიდებით.

-რატომ დათი?

-იმიტომ, რომ ადამიანებს იმის დაკარგვის გვეშინია ვინც გვიყვარს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100