სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ტაში, ბიჭო, გიორგუნა!..“ - კობა ჭუმბურიძის ფოლკლორ-ალტერნატივა (ვიდეო)

ამ ლექსის ტექსტი კარგად ცნობილი რაჭული საცეკვაოს დამღერების სიტყვები არ გახლავთ, მაგრამ ბატონ კობა ჭუმბურიძეს მისი შექმნა სწორედ იმ ცნობილმა „ტაში, ბიჭო, გიორგუნამ“ ჩააგონა და, როგორც მისი მეგობრები (არამარტო ისინი) მიიჩნევენ, საბოლოო ჯამში, „ორიგინალზე“ ბევრად უკეთესი ლექსიც დაიბადა, რომელსაც დღეს „დრონი.ჯი“ ავტორის დიდსულოვანი ნებართვით წარმოგიდგენთ.

„მაგ ცეკვა რო ვნახე, ეს ლექსი დამეწერინა. ნამდვილი ტექსტი სახუმაროა - ღვინოსაც დაგალევიებ, ცარიელსა თხლესაო - და ამგვარები. მე გული ჩვენი ხალხის სიმხნევემ და გაუტეხლობამ ამიჩუყა. სამგლოვიარო სიმღერები არ გვაქვს, აი ასეთები ვართ...“ - ამბობს ბატონი კობა და ამით ყველაფერი ნათქვამია...

ტაში, ბიჭო, გიორგუნა!..

ჰერი ბიჭო, გიორგუნა, მომხედე და გამიგონე,

არ გაუშვა ეგ გოგონა, ხოხობივით მოგოგმანე,

ალვისტანა, მაცქატუნა, ფითქინა და ლამაზუკა,

მიდი, ბიჭო, მიუცეკვე, რა ფეხები დაგებლუკა.

მიდი, ქალი იმის არის, პირველობას შენგან ელის,

პირველ ნაბიჯს, პირველ სიტყვას და გამხელას გასამხელის.

მერე მისი დგება ჯერი –

მოგაშუქოს თვალი შველის,

ამის მერე, დამიჯერე, არაფერი არ გიშველის.

ერთი შიშნარევი კოცნით ისე აგიდუღოს თავი,

რომ ერთბაშად დაგავიწყოს წუთისოფლის ყველა ავი.

გოგოები კუჭკუჭებენ – საით გაშპა გულქანაო,

ვინცხას ხო არ ელოდება სასიმინდეს უკანაო…

ნეტა შენ თუ გელოდება, მიდი ბიჭო გიორგუნა,

მიდი, ბედმა თუ გარგუნა, ჩაიხუტე, ჩაიკონე,

მერე ჯვარიც უნდა იფსკვნათ, აგერ არის ბარაკონი,

მერე კიდო უნდა ის ქნათ, ჩუმად რო გაქვთ განაგონი,

რომ აკვანი, ხარატულა, ნაშიერით დაამშვენოთ,

რომ ღუღუნა კერიასთან იმრავლოთ და ინაშენოთ -

თვალხატულა ფერიებად, ბოღორია ბოკვერებად,

აი მაშინ, დუნიაში, ვეღარავინ მოგერევათ.

ეგ წიფელა, ცაბიჯგელა, შიბაქებად დაგეთალოს,

სიბერეში შვილთაშვილი გაჭირვებით დაგეთვალოს,

გულქანამ კი კიდევ დიდხანს გიცხოს კვერი ბარბალისა,

სანამ სრულად არ გაძღებით

ცქერით მზიან ცარგვალისა.

მიდი, ბიჭო, გიორგუნა…

კობა ჭუმბურიძე

ვიდეო: ლექსს კითხულობს ავტორი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100