სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამი მუზის მსახური

ძალიან დიდია ის ადამიანი, რომელიც 21-ე საუკუნეში აპოლიტიკურობას შეინარჩუნებს. როგორ ახერხებენ ამას, არ ვიცი... ხშირად ვამბობ: ,,მე არ მივდივარ პოლიტიკასთან, პოლიტიკა მოდის ჩემთან.” აბსოლუტურად აპოლიტიკურია ბათუმელი შემოქმედი გიორგი გიოვანი (კუკულაძე), რომელიც მხოლოდ ფერწერაში, პოეზიასა და ფოტოგრაფიაშია ამბიციური.

ჯერ 30 წლის არ არის, მაგრამ როგორც შემოქმედმა, საკმაოდ ბევრი მოასწრო: ბათუმის სამხატვრო სასწავლებლის ფერწერის ფაკულტეტი, შემდეგ პეტერბურგის გერცენის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაასრულა, 2005 წელს ლირიკული კრებული გამოსცა, 2010 წლიდან კიდევ უფრო აქტიურდება, როგორც ხელოვანი და ამავე წელს პირველ პერსონალურ გამოფენას აწყობს ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში, მერე ,,პრესკაფეში” გამოფინა თავისი ნაშრომები, 2011 წელსვე პოეზიის საღამო მოაწყო და ამავდროულად იყო სახელმწიფო პროგრამის სტიპედიანტი ხელოვნების დარგში.

არტისტულად დახვეწილი თითებით ძალიან განსხვავებულ ფერწერას ქმნის. არანაირად არ უკვირს დღეს პუბლიკას ავანგარდული მხატვრობა, მაგრამ გიოვანის ფერწერის ყველაზე თვალშისაცემი ნიუანსი ის არის, რომ ნეიტრალური და ცივი ფერებითაც კი ქმნის ძალიან თბილ ნახატებს. როცა მისი ფერწერა ვნახე, სწორედ ეს მომენტი დავინახე და როცა ვუთხარი, ეს გამოგარჩევს განსაკუთრებით, როგორც ხელოვანს-მეთქი, გაიღიმა და დამეთანხმა. ერთხელ დანანებით მითხრა: უნახატებო მხატვარი დავრჩი, თითქმის ყველა გაიყიდაო. ბუნებრივია, სულჩადებული ნახატები ენანებოდა, მაგრამ კონტრარგუმენტიც მზად მქონდა: ,,უვარგისი დაგეხატა და არავინ იყიდდა!” ახლა მხოლოდ იმ ნახატების ფოტორეპროდუქციებიღა დარჩა ავტორს, მათი ნახვა მკითხველს ამ ბმულზე შეუძლია:

ჰქონდა დიდი არტპაუზაც... გულის გაწვრილებამდე ვეხვეწებოდი:,,ფერს დაუბრუნდი, ფერს, ფერები არ უნდა მოაცდინო!” ერთ დღესაც მხვდება ინტერნეტგამოფენა სახელწოდებით: ,,როკოს გაუხარდება”. მეგობრისთვის ეს დიდი ბედნიერებაა, დამიჯერეთ!

გიორგის საინტერესო ორმაგი ხედვა აქვს: თვალით ამჩნევს სხვებისთვის შეუმჩნეველ სილამაზეს და თავის ობიექტივში აქცევს. მისი ფოტოები რომანტიკულ-სენტიმენტალურ ელფერს ატარებს და როცა შედარებას ვაკეთებდი, ნახატებთან შედარებით ეს ყველაფერი თავიდან შემოქმედებით ხულიგნობად მიმაჩნდა, თუმცა პირადად მისთვის არ მიმიხლია და პალიტრასთან სიახლოვეს ვურჩევდი. როცა ამ სტატიას წაიკითხავს, ვიცი, გაეცინება... პალიტრასთან სიახლოვეს მაშინაც ვურჩევდი, როცა მის პოეზიას ვეცნობოდი. ვაღიარებ, თუნდაც გემოვნებიანი მკითხევლისთვის დგება დრო, როცა კარგი ნაწარმოებიც კი არ გეჩვენება ხარისხიანად. რატომ ვწერ ამას, ახლავე მიხვდებით. ამჯერად გიორგის სხვა, მეორე ხედვაზე ვისაუბროთ: ვიზუალური ხედვის გარდა გიორგის პოეტური ხედვის ხარისხიც ვაღიარე, როცა ერთი პატარა სიუჟეტი ვნახე აჭარის ტელევიზიით. მან პირდაპირ ეთერში ორი ლექსი წაიკითხა და მოულოდნელობისგან კარგა ხანს ვდუმდი. მის ლირიკაში არის 21-ე საუკუნის ტერენტი გრანელიც და რენესანსის დროინდელი მსოფლმხედველობაც სინთეზირებული. მერე რადიოჩანაწერებსაც მოვისმინე და ვაღიარე გიორგის სამწერლობო ძლიერება. ,,წყლისფერ სამოსში წააგავდი ვენეციურ ძვირფას სასანთლეს”,_ამბობს ერთ ლექსში და ქალის მეკულტე დიდი შემოქმედების გვერდით დაიკავა მან ჩემს თვალში გამორჩეულად საპატიო ადგილი.

ხავერდოვანი ხმის პატრონს ძალიან ადვილად შეუძლია აუდიტორიის დაპყრობა. მკითხველთა უმეტესობას არ ექნება მისი არც ფერწერა, არც ფოტოგრაფია და მით უმეტეს, სიტყვითი შემოქმედება დაგემოვნებული. თქვენ წინ დიდი სიამოვნება გელით, პირველად ნახვის, წაკითხვისა და მოსმენის სიამოვნება, არ დაიზაროთ და გადადით ამ ბმულებზე:

youtube.com%2Fwatch%3Fv%3DxGz3lHQQYL4&h=rAQHx3Yaj

youtube.com%2Fwatch%3Fv%3DXUnzRnuwKu0&h=aAQEGQ7Se

youtube.com%2Fwatch%3Fv%3D-XS-4YYSZJc&h=qAQHtSTcM

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100