სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წამების უსაშინლესი მეთოდები...

მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობამ მრავალი სასარგებლო რამ გამოიგონა ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად და სიცოცხლის დასაცავად, ისტორიაში შავი წერტილებიც მრავლადაა. შუა საუკუნეებში სხვადასხვა მეთოდებით წამება აქტიურად გამოიყენებოდა კრიმინალთა და არასასურველ ადამიანთა დასასჯელად თუ გამოძიებისთვის, მათი მეშვეობით ავრცელებდნენ ძალაუფლებას და ნერგავდნენ შიშს რიგით მოკვდავებში.

თავის მსრესავი
ნიკაპი მაგიდას ეყრდნობოდა, თავის ქალა კი გუმბათოვან სახურავში თავსდებოდა. ჯალათი ხრახნის ტრიალს იწყებდა, რაც სახურავს სწევდა ქვემოთ. ჯერ კბილები იმსხვრეოდა და ღრძილები სკდებოდა, შემდეგ ყბა ნაქუცდებოდა, ბოლოს თვალები ვარდებოდა ბუდიდან, რასაც ტვინის ყურებიდან გადმოჟონვა აგვირგვინებდა. თავის მსრესავის ზოგიერთ ვერსიას სპეციალური სათავსოც კი ჰქონდა, რომელიც გადმოცვენილ თვალებს იჭერდა. საწყის პერიოდში ამ მოწყობილობის გამოყენებისას წამების პერიოდი უფრო ხანგრძლივი იყო – ჯალათი ხრახნს ზემოთ ასწევდა ხოლმე, ცოტა ხნის შემდეგ კი ისევ ქვემოთ სწევდა. ყოველ მოჭერაზე საბრალო მსხვერპლს მთელ სხეულში ტკივილის საშინელი ტალღა უვლიდა.

მუხლების მხლეჩავი
მოქმედების პრინციპი სახელიდანაც გასაგებია. მოწყობილობა იყო ხის და მოიცავდა ორ ნაჭერს, რომლებიც კბილანებით იყვნენ აღჭურვილნი. მსხვერპლის ფეხებს მათ შორის ათავსებდნენ, ისე რომ კბილანები წინიდან და უკნიდან მუხლებს შეხებოდა. ამის შემდეგ იწყებოდა ხრახნების ტრიალი. ხრახნები ხის ნაჭრებში იყო გაყრილი და კბილანები ერთმანეთისკენ მიიწევდნენ, სანამ არ შეეხებოდნენ. ამის შედეგად, ფეხების ნაწილი მუხლს ქვემოთ სრულიად უსარგებლო ხდებოდა. ხანდახან იყენებდნენ სხეულის სხვა ნაწილებისთვისაც, მაგალითად მკლავებისთვის. მუხლების მხლეჩავი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ინკვიზიტორებში.

მენაგვის ქალიშვილი
ეს მოწყობილობა გამოიგონა ლონდონის თაუერის ლეიტენანტმა სერ უილიამ სკევინგტონმა ჰენრი VIII-ის მეფობის პერიოდში. მისი მეშვეობით სხეულის შეკუმშვას ახდენდნენ. ზედა ნაწილში თავსა და ხელებს უყრიდნენ, ქვედაში – ფეხებს. წამების დაწყებისთანავე მსხვერპლს ეწყებოდა კუნთოვანი და შინაგანი ორგანოების ქსოვილების კრუნჩხვა. ამის შემდეგ იწყებოდა სისხლდენები ცხვირიდან და ყურებიდან. თუკი ვინმე ცოცხალი გადარჩებოდა, მიღებული შოკისგან სრული აშლილობა ემართებოდა.

იუდას სკამი/იუდას აკვანი
ბრალდებულს აშიშვლებდნენ და პირამიდის ფორმის მოწყობილობაზე ზემოდან სვამდნენ, საჯდომით ან ვაგინით წვეტზე. არის ვარაუდი, რომ ზოგჯერ ამ დროს ფეხებზე სიმძიმეებს აბამდნენ, რაც სხეულის ქვემოთ მოქაჩვას იწვევდა, წვეტი კი ღრმად შედიოდა ტანში და თანდათან შუაზე ყოფდა სხეულს. თუმცა ამის გარეშეც საკმაოდ ზიანდებოდა კანი, კუნთები, კიდურები და ძვლები, გადარჩენის შანსი მინიმალური იყო და ამ შემთხვევაშიც ფსიქიკური აშლილობა გარდაუვალი გახლდათ. გამომძიებელთა გემოვნების მიხედვით, ჯალათს შეიძლებოდა მსხვერპლი ექანავებინა კიდეც, რომ მეტად დატანჯულიყო.

ესპანური ვირი/ხის ცხენი
წამების ეს მეთოდი არამარტო ევროპაში, არამედ ცამეტი კოლონიის პერიოდის ამერიკაშიც (XVIII ს) გამოიყენებოდა. ის წარმოადგენდა სამკუთხა ფორმის ხის გრძელ ნაჭერს, რომელსაც ზედა მხარეს ბასრი კუთხე ჰქონდა. შიშველ მსხვერპლს მასზე სვამდნენ და ფეხებზე სიმძიმეებს აბამდნენ. აგონიის დადგომის მომენტი დამოკიდებული იყო იმაზე, ჯალათი რამდენად მძიმე ნაჭრებს შეაბამდა. წყაროები გვიამბობენ, რომ რიგ შემთხვევებში წონის გადაჭარბების გამო ბრალდებულის სხეული შუაზე იპობოდა.

ნიანგის მაკრატელი
ეს საწამებელი ინსტრუმენტი გვიან შუა საუკუნეების ევროპაში გამოიყენებოდა და განკუთვნილი იყო მათთვის, ვინც შეეცდებოდა მეფის მოკვლას ან მოახერებდა კიდეც ამას. მაკრატელი რკინისგან იყო დამზადებული და მარწუხის პრინციპით მოქმედებდა, მაგრამ ჩვეულებრივი პირების ნაცვლად მას ჰქონდა ნახევრად ცილინდრული ფორმის ღეროები, რომლებიც კბილანებით ან წვეტებით იყვნენ აღჭურვილი. გახურების შემდეგ მას სასქესო ორგანოზე მოსდებდნენ და ცოტა ხნის შემდეგ გაჭიმვის მეთოდით აგლეჯდნენ. ზოგჯერ სასქესო ორგანოების მაგივრად თითებს აცლიდნენ, ზოგჯერ – ორივეს ერთად.

გაროტე
მსხვერპლს სვამდნენ და თოკებით აბამდნენ, რომ არ ემოძრავა. ყელს კი ყულფში აყოფინებდნენ. ამის შემდეგ ჯალათი იწყებდა ხრახნის ტრიალს, რაც იწვევდა ნელ-ნელა გაგუდვას და საბოლოოდ სიკვდილს. გაროტეს ზოგიერთი სახეობა აღჭურვილი იყო კბილანებით, რომლებიც მსხვერპლს ზურგში ესობოდა. ზოგი მათგანი სუნთქვის შეკავების გამო კლავდა ადამიანს (ასფიქსიით), ზოგი კი კისრის მალების მტვრევასაც ითვალისწინებდა და სასჯელს უფრო აუტანელს ხდიდა. ყელზე მოსახვევი მასალებიც სხვადასხვანაირი იყო: თოკები, ტყავი, გიტარის სიმები, პიანინოს სიმები, ნეილონი და ა.შ.

ესპანელები გაროტეზე გაგუდვით კლავდნენ იმას, ვინც ცოდვას აღიარებდა. ვინც არ აღიარებდა, მას გაროტეზე აბამდნენ და წვავდნენ. დაწვა უფრო დიდხანს გრძელდებოდა და გაცილებით საშინელი იყო, ამიტომ ინკვიზიციის მარწუხებში მოხვედრილები ამჯობინებდნენ, დანაშაული ეღიარებინათ, გინდაც ჩადენილი არ ჰქონოდათ.

საწამებელი ძელი
ეს იყო ხის ან მეტალის ჩარჩო, რომელსაც ორივე მხარეს გორგოლაჭი ჰქონდა. ტუსაღებს ხელებსა და ფეხებს უკრავდნენ და გორგოლაჭზე უმაგრებდნენ, რომ არ ემოძრავათ, შემდეგ კი შოლტავდნენ. ამის შემდეგ იწყებოდა გორგოლაჭების ტრიალი, სხეული ნელ-ნელა იჭიმებოდა, სანამ შეერთების ადგილები ბუდიდან არ ამოცვივდებოდა. ეს მეთოდი დანაშაულში გამოსატყდომად ან ინფორმაციის მისაღებად გამოიყენებოდა. ხშირად ერთი ადამიანის წამებას სხვა პატიმრები უყურებდნენ, რომ წინასწარ ჩანერგვოდათ ფსიქოლოგიური შიში, სანამ მათი დრო მოვიდოდა. თუკი ეს არ იმოქმედებდა და ბრალდებული არ ალაპარაკდებოდა, გრძელდებოდა გორგოლაჭების ტრიალი და მკლავები ფოსოებიდან ვარდებოდა. საწამებელი ძელის ზოგიერთ ვარიანტს ლურსმნებიც ჰქონდა, რომლებიც მსხვერპლს ზურგში ესობოდა და გაწელვისას უფრო მეტ ზიანს აყენებდა კანსა და კუნთებს.

ნაწლავების ჯალამბარი
ნაკლებად ცნობილი, მაგრამ უსაშინლესი მეთოდი. მსხვერპლს თოკებით აბამდნენ მაგიდაზე ან ფიცარზე, შემდეგ დანით მუცელში იმხელა ჭრილობას უკეთებდნენ, რომ მუშტი ჩატეულიყო. ჯალათი ხელს უყოფდა მუცლის ღრუში, ამოჰქონდა ნაწლავები და ჯალამბარზე ახვევდა. ამის შემდეგ ჯალამბარს ნელ-ნელა ატრიალებდნენ და ნაწლავებიც სანტიმეტრობით შორდებოდნენ სხეულს. საბოლოოდ კი, 3-დან 6 მეტრამდე სიგრძის ნაწლავები ეხვეოდა ჯალამბარს. რაც მთავარია, მსხვერპლი ამას საკუთარი თვალებით ხედავდა. მოწყობილობას ხშირად იყენებდნენ დამნაშავეებისგან აღიარებითი ჩვენების მისაღებად. არაადამიანური ტკივილი და სისხლდენა გარდაუვალ სიკვდილს იწვევდა – ვინც ნაწლავის ჯალამბარზე მოხვდა, ცოცხალი ვერავინ გადარჩა.

მოხარშვა
ბრალდებულს აშიშვლებდნენ და სითხით სავსე დიდ ქვაბში სვამდნენ, შემდეგ კი აცხელებდნენ. ეს სითხე შეიძლებოდა ყოფილიყო ქონი, ზეთი, მჟავა, წყალი და ა.შ. ჰენრი VIII-ის მეფობისას მოხარშვით ხოცავდნენ იმ მკვლელებს, რომლებიც საწამლავს იყენებდნენ. ზოგჯერ ჯალათი დამნაშავეს თოკს მოაბამდა და პერიოდულად ზევით სწევდა, შემდეგ კი უკან აბრუნებდა. ამ გზით სიკვდილის დადგომის მომენტი უფრო შორს გადაიწევდა ხოლმე. არსებობდა მისი მსგავსი ვარიანტიც – მდუღარე სითხის პირში ჩასხმა. აზიაში დამარცხებულ ხანებს ზოგჯერ ცოცხლად ხარშავდნენ. მე-16 საუკუნის იაპონიაში ამ გზით დასაჯეს ცნობილი ბანდიტი იშიკავა გოემონი, 1675 წელს კი ინდოეთის ქალაქ დელიში სიქიზმის მიმდევარი ბაი დაიალა მოხარშეს, რადგან მან უარი თქვა ისლამის მიღებაზე. გასაკვირია და ეს მეთოდი თანამედროვე ეპოქაში გამოიყენეს უზბეკეთში ისლამ ქარიმოვის მმართველობისას. პოლიტიკური დისიდენტი მუზაფარ ავაზოვი 2002 წელს გარდაიცვალა 35 წლის ასაკში მას შემდეგ, რაც ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ცოცხლად მოხარშეს.

გატყავება
დამნაშავის კანს ნელ-ნელა აცლიდნენ სხეულს ძალიან ბასრი დანით. მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ კანი ხელუხლებელი ყოფილიყო. დასჯის ეს მეთოდი უძველესია – I საუკუნეში ის საკუთარ თავზე გამოსცადა მოციქულმა ბართლომემ, როცა სომხეთში ჩავიდა საქადაგებლად. არის ცნობები, რომ ასირიელები დატყვევებულ მტერს ატყავებდნენ და კანს გამოსაჩენ ადგილას კიდებდნენ, რომ მაგალითი ყოფილიყო ყველასთვის, ვისაც მათ ძალაში ეჭვი ეპარებოდა. აცტეკები ტყვეებს რიტუალური მსხვერპლშეწირვისას ატყავებდნენ, თუმცა ეს, როგორც წესი, მოკვლის შემდეგ ხდებოდა. შუა საუკუნეების ევროპაში გამცემებსა და მოღალატეებს ატყავებდნენ და ხორცებს აჭრიდნენ. საფრანგეთში ამ მეთოდმა მე-18 საუკუნემდე გასტანა. III-VI საუკუნეების ჩინეთში იმპერატორთა ჯალათები დამნაშავეებს სახიდან აძრობდნენ კანს, 1396 წელს კი იმპერატორ ჰონგვუს ბრძანებით 5000 ქალი გაატყავეს.

გახერხვა
მსხვერპლს თავდაყირა კიდებდნენ და რამდენიმე წუთი აჩერებდნენ, რათა ტვინს ჟანგბადი საკმარისად მიწოდებოდა და სისხლის მოძრაობა შენელებულიყო. ამის შემდეგ იწყებდნენ მის შუაზე გახერხვას. მსხვერპლი გახერხვის წინა პროცედურის გამო სისხლს ნელ-ნელა კარგავდა და სანამ ბოლომდე გახერხავდნენ, გონზე რჩებოდა, ამიტომ დასჯის ეს ხერხი არაადამიანურ ტკივილებს იწვევდა. ევროპაში ეს პროცედურა ელოდათ მეუღლის მოღალატეებსა და ღვთისმგმობელებს, რუსეთში კი სატანისგან და ავი სულებისგან დაორსულებულ კუდიანებს. გახერხვის აზიურ ვერსიაში ბრალდებული ჩვეულებრივად იდგა და პროცედურა თავის მიდამოდან იწყებოდა.

ჯვარცმა
საკმაოდ ძველი, ნელი და მტკივნეული მეთოდი სიკვდილით დასჯისა. დამნაშავეს აბამდნენ ან ლურსმნებით აჭედებდნენ დიდ ხის ჯვარზე და ასე ტოვებდნენ, სანამ არ მოკვდებოდა. ზოგჯერ მსხვერპლს აიძულებდნენ, ჯვრის (135 კგ) შემადგენელი ძელი (35-60 კგ) თავად მიეტანა დანიშნულების ადგილამდე. მხატვრები ჯვარცმულებს ტანისამოსით უფარავდნენ გენიტალიებს, მაგრამ სენეკა უმცროსი გვამცნობს, რომ დასჯისას ადამიანები სრულიად შიშველი იყვნენ. ჯვარცმულებს მოშარდვა ხალხის თანდასწრებით უხდებოდათ, თუმცა ამას არა უშავდა იმასთან შედარებით, რომ შარდი აბეზარ მწერებს იზიდავდა. ხშირად ჯვარცმამდე დამნაშავეებს მუხლებს უმტვრევდნენ, რაც შემდგომში ასფიქსიას იწვევდა. ციცერონი ჯვარცმას წამების ყველაზე სასტიკ და სამარცხვინო მეთოდს უწოდებდა. ტრადიციული ფორმის გარდა, შეიძლებოდა გამოყენებულიყო ჩვეულებრივი ძელი, ასევე T-ს, X-ისა და Y-ის ფორმის ფიგურები.

იაპონიაში ჯვარცმა სენგოკუს პერიოდში (1467-1573 წწ) გაიცნეს. 1597 წელს 26 ქრისტიანი აცვეს ჯვარს ქალაქ კავასაკიში. ბოლოს ამ მეთოდით II მსოფლიო ომში აწამეს ავსტრალიელი ტყვე, მისი ტანჯვა 63 საათი გაგრძელდა. დღევანდელ დროში ეს მეთოდი ისევ გამოიყენება საუდის არაბეთსა და ირანში. სუდანში 2002 წელს 88 ადამიანი აცვეს ჯვარს, 1994 წელს კი ევროკავშირის ადამიანთა უფლებების დაცვის კომისიამ ქრისტიანი ეპისკოპოსების შემთხვევის შესახებ გაავრცელა განცხადება.

ისტორიაში ჯვარცმით დასჯილი ყველაზე ცნობილი პიროვნება იესო ქრისტეა, ასევე აღსანიშნავია პეტრე მოციქული, ანდრია მოციქული და სპარტაკის 6000 თანამებრძოლი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100