სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნახეთ რას წერს რობერტ სტურუა სტალინზე

რეჟისორი რობერტ სტურუა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საინტერესო სტატუსს ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„თოთხმეტი წლის ვიყავი, სტალინი რომ გარდაიცვალა. არ მჯეროდა, რომ დიდი ბელადი ოდესმე მოკვდება. ბევრს არ სჯეროდა, უმფროსებსაც კი. უფრო პატარას ერთმა ფიქრმა მიტირა ყოფა: ნუთუ ბელადი ტუალეტში დადის?!.. კარგი ბატონო პატარა საქმეზე შესული კიდევ რაღაცნაირად წარმოვიდგინე, მაგრამ უფრო დიდზე - ვერაფრით! მერე, როცა მივხვდი, რომ მაინც დადის, რას იზამ ადამიანია და შლაკებს ვერ გააჩერებ სხეულში, მაშინ მეორე საკითხმა დამაფიქრა - ნუთუ იწმენდს კიდეც?? ნუთუ გაზეთით, როგორც ჩვენ, მოკვდავნი? ანდა სპეციალურ ქაღალდს აძლევენ.( უნდა გამოგიტყდეთ, საბჭოთა ხალხმა არაფერი იცოდა ტუალეტის ქაღალდის არსებობის შესახებ.)

დიდი ფიქრის შემდეგ, მივედი იმ დასკვნამდე, რომ ბელადი შოკოლადს რომ ახვევენ, იმ ვერცხლისფერ, ან ოქრისფერ ქაღალდს იყენებს პირად გიგიენისთვის.

ჰოდა, როცა მაინც გარდაიცვალა დიდი ბელადი, რადიოსთან ვიჯექით მთელი ოჯახი, მეგონა ყველაფერი დამთავრდა, დამთავრდა სიცოცხლე, სწავლა(გულის სიღრმეში გამეხარდა) მუშაობა შეწყდება, ცხოვრება შეაჩერებს თავის სვლას, გაზაფხული არასდროს მოვა და სარეთოდ ხვალ მზე აღარ ამოვა.

ამოვიდა!

ცხოვრებაც გაგრძელდა. სიყვარულმა არ შეწყვიტა გოგო-ბიჭების ჭკუიდან შეშლა, ბავშვები იბადებოდნენ, ვიღაცას უჭირდა, ვიღაცამ დასაფლვებაზე ხელიც მოითბო - ბელადის ამდენი სურათის დახატვა ხუმრობა საქმეა?! თანაც შავი არშიით. აპრილში მარწყვი გამოჩნდა, ალუჩა. ერთი რუსი პოეტი წერდა გაკვირვებული:

"травы без меня не сохнут,
розы без меня не глохнут."

ბალახიც აბიბინდა, ბელადის გარეშე, ვარდებიც აფრქვევდნენ საოცარ სურნელებას, ბელადის ჩარევის გარეშე.

ჩემთვის კი საუკეთესო ხანა დაიწყო - სიყმაწვილე!

გავა დრო და დაგვავიწყდება ეს აუტანელი ცხრა წელი, გვარებიც დაგვავიწყდება და სახელებიც... ო სიცოცხლე, დიდება შენ მართლმსაჯულებას.“ - წერს სტურუა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100