სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს ავლაბარში მოკლული დაჩი დარჩიას მიერ დაწერილი ჩანახატია

30 აგვისტოს ავლაბარში მოკლული დაჩი დარჩია ხელოვანი ადამიანი გახლდათ, პროფესიით რეჟისორი ფოტოგრაფიითაც იყო გატაცებული, მუსიკითაც და კარგადაც წერდა. გთავაზობთ დაჩი დარჩიას ერთ-ერთ ჩანახატს, რომელიც მან დაუწერა მეთორმეტეკლასელ ბავშვებს, რომლებიც ბოლო ზარის კლიპის გადაღებებისას სკოლაში გაიცნო.

***

ნაბიჯები...

ხან უხმო, ხანდახან შემაწუხებელი ხმაურით...

მარტო ხარ, მიუხედავად ხალხის სიმრავლისა ვერავინ გშველის...

-კეთილი იყო... თბილი... როგორ უნდა გავძლო უიმისოდ...

აი მოვედით კიდეც... დღეის შემდეგ სულ მეცოდინება, რომ აქ იქნები, აქ ამ სიმყუდროვეში. აქ ყველაზე მეტად შევძლებ შენთან საუბარს, შენი პასუხების გარეშე.

-აქ მოსულა დაუპატიჟებელი სტუმარი...

მკერდზე მიმობნეული, ნაადრევად მოსული ყოჩივარდები კვდომას იწყებს. მხოლოდ აქ ყვავიან ასე ნაადრევად თუ ასე უდროოდ, სუსხიან ამინდში მიწასთან მიყუჟულები. უცებ ყველა გატრიალდა... შემოვრჩით რამდენიმე, ჩვენ-ჩვენთვის უმწეობის, უსუსურობის, გარდაუალობაზე ფიქრით მონუსხულები...

შემდეგ პატარა ოთახი და ყველაზე დიდი, კედლებზე მოთავსებული განვლილი ცხოვრების ილუსტრაცია. 153, თევზები, ცხენი, ჭიანჭველა და ჭია, გამხმარი ზღარბის ფუტლიარი, ჰოროსკოპის დისკო, მზე, მთვარე და მთელი სამყარო. აქ იწყება და აქ მთავრდება დევიზით: აკეთე სიკეთე!

რაღაც ძვირფასი ჩაწყდა როცა ოთახი დავტოვეთ. დავტოვეთ მაგრამ აქ დაგროვილი ტკივილი თან გამოგვყვა...

მისტიური ნისლი და მისტიური სიცილი.

ვიცინეთ თუ ერთმანეთს დავცინეთ?...

- სიკვდილო შენ დაგცინეთ!!!

ვერ მოგვერევი... ჩვენ,ადამიანები ძლიერები ვართ.

P.S: გახსოვდეთ, ყოველთვის მიდით ამ დიდპატარა ოთახში, სადაც ყოველთვის სითბოა და რაც არ უნდა ციოდეს საკმარისია ოთხი კედლიდან ერთ-ერთს მიუახლოვდე, მიეხუტო რომ მაშინვე ძარღვებში იგრძნობ ახალი, თბილი (უფრო ცხელი) სისხლის გამდინარებას. ხვდები რომ სიცოცხლის მთავარი ღირებულება სიკეთე და სიყვარულია...ხვდები რომ ღირს სიცოცხლე, შენთვის დაღვრილი გულწრფელი ცრემლისთვის.

მიყვარხარ პატარა ოთახო!

მე შენთან ხშირად მოვალ...

მოვალ და ჩემს ტკივილებსაც გაგიზიარებ...

12.02.2014. დაჩი დარჩია

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100