სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველო Google–შია

Google–ში, საქართველოს ადგილზე ე.წ. თეთრი ლაქა აღარ არის. უპრეცენდენტო საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ სივრცობრივი მონაცემები უკვე განთავსდა.
ამიერიდან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია საქართველოს შესახებ დეტალური ინფორმაცია Google Map–ზე მოიძიოს.
Google-ის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აწარმოებდა. საჯარო რეესტრში უკვე წელიწადნახევარია გეოგრაფიულ და სივრცობრივ მონაცემებს აგროვებდნენ იმისთვის, რომ მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ საიტზე ჩვენი ქვეყნის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულიყო. ინფორმაცია დასახლებული პუნქტების, ქუჩების, საავტომობილო გზების, სარკინიგზო მაგისტრალების შესახებ ვებგვერდზე უკვე დევს. ინტერაქტიული რუკის შექმნაზე საჯარო რეესტრის GIS - ჯგუფი აქტიურად მუშაობდა.
საქართველოდან Google-ის ადმინისტრაციას გაეგზავნა ქვეყნის დეტალური რუკა, სადაც ყველა ინფორმაციაა განთავსებული გზების, მთების, მწვერვალების, ბორნების, მდინარეების, სხვა ღირსშესანიშნაობების და სარკინიგზო მაგისტრალების შესახებ.
საქართველოს რუკა რომ სრულყოფილი გამოსულიყო, საჯარო რეესტრს ინფორმაცია კომპანია OMC (Open Map Caucasus) მიაწოდა, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ინტერაქტიული რუკების შექმნაში. საჯარო რეესტრმა ინფორმაცია ასევე გეოგრაფიის ინსტიტუტიდან, სტატისტიკისა და გზების დეპარტამენტიდან, გარემოს დაცვის სამინისტროდან და სხვა უწყებებიდან მიიღო.

პოპულარულ საიტზე საქართველოს რუკის განთავსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმის დეპარტამენტისთვის. რუკა ტურისტებს მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას აწვდის გადაადგილების საშუალებებისა და განთავსების ადგილების შესახებ. ელექტრონული რუკის მეშვეობით შესაძლებელია ქუჩების, საინტერესო და ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტების მარტივად და სწრაფად მოძიება. თითოეულ ობიექტს თან ერთვის სრულყოფილი, სასარგებლო ინფორმაცია, გეოგრაფიული კოორდინატები და ა.შ.
რუკის ინსტრუმენტებით ასევე შესაძლებელია სივრცითი ანალიზი, ობიექტებს შორის მანძილის განსაზღვრა, კონკრეტული ადგილის მოახლოება ან დაშორება (ზუმირება).

ვინაიდან Google maps–ის საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ განთავსებული ინფორმაცია მცირედ უზუსტობებს შეიცავს (რაც ძირითადად განთავსების პროცესში დაშვებული ტექნიკური ხარვეზის შედეგია), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე უახლოეს პერიოდში განთავსდება სპეციალური ბმული, რომელზეც ნებისმიერ პირს საშუალება ექნება, რუკაზე ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დააფიქსიროს და ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოაწოდოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100