სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოცნებები ხურდაში

ეს თუ ასე მალე თუ მოხდებოდა, არავინ ელოდა.

მათ შორის არც ჩვენ - მათი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები.

ოცნება საპნის ბუშტი იყო, მაგრამ მისი სიცოცხლისუნარიანობა გაცილებით მოკლევადიანი აღმოჩნდა, ვიდრე ამაზე ვიოცნებებდით.

ყოველდღე გვაწვდიან დახურდავებულ ოცნებას: ჩხრიალით, ჩხარუნით... ხელისგულზე ვითვლით ხურდა ფულივით და ამასობაში დადგა მომენტი, როცა "ვისი პიანინო ვის როიალშია, კაცმა არ იცის".

დღევანდელი კვერცხისა და ხვალინდელი ქათმის ამბავი თვალსა და ხელს შუა გადაიქცა უკვე მირთმეულ ერბოკვერცხად.

ეხლა მნიშვნელოვანი სხვა რამეა - ვინ გადარჩება?

რესპუბლიკელები? - ისინი ყველაზე უკეთ ადაპტირებული ხალხია. საკმაოდ დიდ ხანს იყვნენ პოლიტიკურ ოფსაიდში, რომ ცარიელი წამოვიდნენ. სახის შენარჩუნებას შეძლებენ. თუნდაც ეს სახე დრეკადი იყოს - ის მათია.

ალასანია, წულუკიანი, კბილაშვილი? - მათ გააკეთებინეს ის, რამაც უკვე დამარხა მათი მომავალი. თუკი ბიძინა წავა, ისინი დარჩებიან პასუხისმგებელი პოლიტიკურ ნაბიჯებზე. ვფიქრობ ალასანია ეცდება თავი გადაირჩინოს, ის ყველაზე კარგად ხვდება რა ''გაუჩალიჩეს''.

ღარიბაშვილი? - მიუხედავად ოჯახური დანიშვნებისა, „პარენ ნე დურაკ“ ; ''კარგი გინებაც სცოდნია'' .

ვფიქრობ, ის შეძლებს სხვებზე სუფთად გამოვიდეს ამ ყველაფრიდან. ის ცდილობს ისწავლოს, არ აპირებს მომავლის დამარხვას ოცნებასთან ერთად. ეცდება წინამორბედებისგან აიღოს რაღაცეები. მთლიანად როლშია და ეს მას მოსწონს. ის დარჩება პასუხისმგებლობის მიღმა და მშრალად გამოვა; ის ერთ-ერთია, ვინც თავის გუნდს არ ენდობა და სწორადაც ფიქრობს.

ეკონომიკური გუნდი - დახურდავებული ოცნებების პირისპირ დარჩა. მათ კალკულატორი საკუთარ თავზე გადაიმტვრიეს და ორივე ფეხით ნეხვში ჯდომა სულაც არ მოსწონთ. შარში არიან. ისევე გაუჭირდებათ ამომრჩეველს აუხსნან, რომ თურმე ისე არ არის, როგორც ეგონათ. როგორც წინა ხელისუფლებას გაუჭირდა, ხალხისთვის გაეგებინებინა, რომ ვერ დაარიგებდნენ 500 ლარიან პენსიებს.....

ბესელიები, გუბაზები, ქუცნაშვილები, ქავთარაძეები, ჯაჭვლიანები - ეს კოიოტების და აფთრების ხროვასავით „ჟივუჩი“, ხალხი, ლეშით კვების გარდა, პოლიტიკაში ვერც ვერაფერს მიაღწევენ, მათი მონაცემები მეტს არც ითვალისწინებს.

ოცნების დახურდავება ასე სწრაფად, მხოლოდ მათმავე შეცდომებმა კი არ განაპირობა, არამედ იმან, რომ მათ მხარდამჭერებს შორის იმხელა მრავალფეროვნებაა, რაც აქამდე არ ყოფილა არც ერთი პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერებში და არც თავად გუნდში.

ნაწილს შურისძიება სწყურია მხოლოდ, ნაწილს პენსიები და კაი ცხოვრება, ნაწილს რუსეთი, ნაწილს ნატო და ევროკავშირი, ნაწილს „სამართლიანობის აღდგენა“, ნაწილს კი უნდა, თავად ეჭიროს ცოცხი...

მოკლედ, დაბნეულ პრემიერს ღიად ვერ გადაუდგამს ნაბიჯი, რომელიც რომელიმე სეგმენტს არ დატოვებდა უკმაყოფილოს. ჰოდა, წვალობს... –

ნატოზე უარს ხმამაღლა ვერ იტყვის, თუმცა კბილის მოსინჯვა გრძელდება. არც საკუთარ ჯიბეზე ხელის გასმას აპირებს. იმის ამოცნობას ცდილობს. რომელი სეგმენტია მისთვის სიცოცხლისუნარიანობის გამახანგრძლივებელი, რომლის განაწყენება არ ღირს?

ამასობაში კი ნაციონალური მოძრაობა, ამ ეტაპზე ერთადერთი უალტერნატივო ოპოზიაცია, არამარტო ამათ შეცდომებზე და დილეტანტობაზე იგებს, არამედ იმაზეც, რომ მათ იციან საკუთარი შეცდომები და ეს აღიარეს. როგორც იტყვიან, გამოცდილი მსახიობი კულისებშიც საშიშია, მით უმეტეს, თუ ის რეჟისორის საყვარელია.

ფაქტია, რომ მხოლოდ ძლიერებს შეეძლოთ შეცდომების აღიარება, რასაც გაბრაზებული კალიგულა ბიძი(ნ)ა ვერ ახერხებს. ის ჯერ დაკავებულია - ცდილობს, სათამაშო წაართვას იმას, ვინც არ ათხოვა.

საბოლოოდ კი მეოცნებეებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ გროსმაისტერთან ჭადრაკის თამაშის დროს ბეისბოლის ჯოხი არ გამოგადგება - ვერ მოიგებ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100