ავთო ტყაბლაძე

2011-11-24 15:14:57
მაღალი ტექნოლოგიები და უაზრო წინასაარჩევნო დაპირებები

ძალიან ხშირად ისმის ხოლმე, რომ ჩვენ უნდა განვავითაროთ მაღალი ტექნოლოგიები, მეცნიერებატევადი წარმოება. განსაკუთრებით მთავრობას ადანაშაულებს ბევრი, რომ ამას არ აკეთებს. მოდით ცოტა ამაზე ვიფიქროთ.

გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და პირდაპირ განაცხადა, გავხსნი ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს და შევქმნი მაღალტენოლოგიურ წარმოებასო. მართალი გითხრათ, ძალიან გამიკვირდა. დემოკრატიას ავაშენებ 3 წელიწადში, სამართლიანობას აღვადგენ და ჭეშმარტად თავისუფალი მედია მექნებაო, შეიძლება ეპატიოს კაცს, მაინც სოციალური მოვლენებია, იოლი განსასაზღვრავი არ არის, რა არის სამართლიანობა ან ჭეშმარიტად თავისუფალი მედია. ზოგი თვლის, რომ ესა თუ ის მდგომარეობა სამართლიანია, ზოგი კიდევ უსამართლობისგან იხუთება.

მაგრამ გასაკვირია, რომ ტექნიკური განათლების მქონე კაცი ასეთ რამეს ამბობს, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს გავხსნი და მაღალტექნოლოგიურ წარმოებას შევქმნიო.

რამდენიმე დღეა, ვკითხულობ, რის წარმოებას აპირებს ეს კაცი. როგორ შექმნის და ამდენ ხანს რატომ არ შექმნა, რა უშლიდა ხელს.

ხალხი ბრაზდებოდა, აგრესიული ხარო, იმედს გვისპობო, შენ მანდა ხარ, ჩვენ აქ – ჩამოდი და იცხოვრე აქ, თუ კარგიაო.

ვიფიქრე და ვერაფრით ვერ მივხვდი, ჩემი აქ, იქ ან მთვარეზე ყოფნა როგორ მიეხმარება ივანიშვილს მაღალი ტექნოლოგიების დანერგვაში.

ერთმა პირონებამ გამცა პასუხი. შე კაცო, უგულავამ გახსნა კომპიუტერების ასაწყობი ქარხანა, 500 კაცი დაასაქმა და ივანიშვილი ვერ მოახერხებსო? მივხვდი, რომ ეს ადამიანი ტექნიკასთან მწყრალად იყო და ვკითხე, თუ იცით რა დონის განათლება სჭირდება კომპიუტერის აწყობას მეთქი. ვერ მითხრა. არც აღიარა, რომ არ იცოდა. თუ ვინმემ არ იცის, ავუხსნი: კომპიუტერის აწყობას საშუალო განათლებაც კი არ სჭირდება. ამას აკეთებენ წერა-კითხვის უცოდინარი ჩინელი მუშები, მუშაობენ მთელი დღე თავწახრილი, იღებენ თვეში $100-150 და ბედნიერად თვლიან თავს. საყოფაცხოვრებო ან სხვა ტექნიკის აწყობაში ჩვენ ჩინელებს ვერ ვაჯობებთ, ჩვენი მუშა არ იმუშავებს ისეთი ინტენსივობით $150-ად. ასე რომ, ეს დავივიწყოთ. და არც არის ეს მაღალი ტექნოლოგიები, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო პროდუქტი სუპერტექნოლოგიურია. რაც ტექნოლოგიური იყო, გაკეთდა ევროპაში, ამერიკაში, ტაივანში, ნაწილები გადააგზავნეს ღარიბ ქვეყნებში და იქ, უბრალოდ, მოუჭირეს ჭანჭიკები.

უკეთეს შემთხვევაში ჩვენთან აიწყობა ის კომპიუტერები, რომლებიც ჩვენთანვე იყიდება. და ივანიშვილის დაპირებით გახარებულებს დავამშვიდებ, რომ უკვე კარგა ხანია, საქართველოში გასაყიდ კომპიუტერებს საქართველოშივე აწყობენ.

ივანიშვილი თვითონ ყიდდა კომპიუტერებს და იმედია, მაღალ ტექნოლოგიებში კომპიუტერების აწყობას არ გულისხმობდა.

უფრო უცნაური ის არის, რომ არ ამბობს რას გააკეთებდა, და კიდევ უფრო უცნაურია, რატომ ამდენ ხანს არ გააკეთა, თუ ამის გაკეთება შესაძლებელია საქართველოში და ამასთან ერთად, მომგებიანიცაა. ალბათ ყველას ესმის, რომ თუ წამგებიანია, ეგეთი ბიზნესი არც ქვეყანას სჭირდება. ვისაც ამ კაცის იმედი აქვს, ყველა ამბობს, კარგი ბიზნესმენიაო და თუ ასე კარგია მაღალტექნოლოგიური წარმოება, ვერ შექმნა ერთი ქარხანა მაინც? ოღონდ არ მითხრათ, ხელისუფლებამ ხელი შეუშალაო. თბილისის თავზე სასახლე წამოაჭიმიეს, თვითონვე ამბობს, ლამის მინისტრების მოხსნა-დანიშვნას მე მეკითხებოდა სააკაშვილიო და ვერაფრით დავიჯერებ, რომ მაღალტექნოლოგიური წარმოების შექმნა დააპირა და არ შეაქმნევინეს.

ცხადია ეს ყველას ესმის და ამაზე მიპასუხეს, კადრები არ არის, აი კადრებს გაზრდის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში და წარმოებაც მოყვება ამასო. თანაც დაამატეს – რა იყო, შე კაი კაცო, ბენდუქიძემ შექმნა უნივერსიტეტი და ივანიშვილი ვერ შექმნისო. ამასთან ბენდუქიძესაც გადაჰკრეს, მან იმისთვის შექმნა, რომ ხალხს ასწავლოს და გადახვეწოს, ბიძინა კიდევ აქვე შექმნის წარმოებას და აქ დარჩებიანო.

ეტყობა, ბევრს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ჰარი პოტერში რომ ჰოგვართსია, საიდანაც ჯადოქრებს უშვებენ, ისეთი რამ ჰგონიათ. დაამთავრებს კაცი ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს და ეტაკება მხეცივით მაღალტექნოლოგიურ წარმოებას.

სამწუხაროდ, ასე არ არის. მე არ ვიცი, ივანიშვილი რას გულისხმობდა, მაგრამ ტექნოლოგიური უნივერსიტეტები უშვებენ ფიზიკოსებს, მათემატიკოსებს, ინჟინერ-ელექტრიკოსებს, ინჟინერ-მექანიკოსებს, პროგრამისტებს და ა.შ. და ამ ხალხის დეფიციტი მაინც და მაინც არ არის საქართველოში. მათემატიკაში კარგი სკოლა გვაქვს, იგივე ბენდუქიძის უნივერსიტეტში ფიზიკოსები ასწავლიან, ბევრ ამერიკის უნივერისტეტს არც დაესიზმრება. ინჟინრებს უშვებდა თბილისის პოლიტექნიკურიც და ქუთაისის პოლიტექნიკურიც. პროგრამისტები ძალიან ძლიერები არიან საქართველოში. ძალიან ძლიერი ელექტრიკოსები გვყავს, პირადად ვიცნობ. ასე რომ, ბიძინა  ახალს ვერაფერს გააკეთებს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნით. მაგ კაცს ან არ ესმის, რა არის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ან უბრალოდ, იტყუება.

თუ ეს არგუმენტები არ არის საკამრისი, ახლა მოვყვები როგორ მზადდება კადრები მაღალტექნოლოგიური წარმოებისთვის ჩემი სამსახურის მაგალითზე. ეს რომ საქართველოში გაკეთდეს, მაშინ ნახეთ თქვენ ხალხის ლანღვა-გინება მეწარმეების ან მთავრობის უსულგულობაზე.

იშვიათი შემთხვევების გარდა, ჩვენთან, სამსახურში ხალხი პირდაპირ უნივერსიტეტის შემდეგ აჰყავთ ხოლმე. როგორც წესი, საუკეთესო უნივერსიტეტებიდან. უმრავლესობა მაშინვე მიდის საველე სამუშაობზე, ჭაბურღილებზე. 2-3 წელი. ეჩვევიან დისციპინას, სწავლობენ, რისთვის ვაკეთებთ ხელსაწყოებს, რა სჭირდება კლიენტს და ა.შ. საველე სამუშაოებზე ერთი შეცდომა და ადამიანს სამსახურიდან მაშინვე უშვებენ.

ველის შემდეგ მიდის საინჟინრო ცენტრში, სადაც კეთდება მაღალტექნოლოგიური პროდუქტი. ამ ახალმა ადამიანმა არ იცის არაფერი. გაიარა ველი, იცის რისთვის იხმარება ხელსაწყოები, აქვს ბაზური განათლება უნივერსიტეტიდან. პირველი რამდენიმე წელი ზის მარტივ პროექტებზე, როგორც წესი არსებული ხელსაწყობის გადაკეთება, ან გამოვლენილი პრობლემების გამოსწორება. ამ ხალხს არავინ ანდობს რაიმე ახლის გაკეთებას. აქ რომ გამოიჩენს თავს, გადადის პროექტზე, რომელიც აკეთებს ახალ ხელსაწყოს.

აი აქედან იწყება მაღალტექნოლოგიური წარმოების სპეციალისტის მომზადება. პროექტში ასეთი ახალგაზრდა არის გამოცდილ ექსპერტთან ერთად. ის ასწავლის, წვრთნის. ერთი წლის შემდეგ უკვე შეჰყავთ სხვადასხვა კომისიაში, რომ შეაფასოს სხვისი ნამუშევარი, ისწავლოს ესეც. 3-4 წლის შემდეგ ანდობენ დამოუკიდებელ პროექტს. და მაინც ცდილობენ, რომ მრჩევლად დაუნიშნონ გამოცდილი ექსპერტი. როცა პროექტს მოათავებს (ე.ი. სამსახურში აყვანიდან გავიდა უკვე სადღაც 8-10 წელი), აი მაშინ ხდება კაცი ახალგაზრდა ექსპერტი.

თუ ვინმე ვერ გასცდა ზემოთმოყვანილ რომელიმე ეტაპს, ნავთობის ფასების დაცემასთან ერთად ისიც ვარდება სამსახურიდან. ხანდახან ექსპერტებიც ვარდებიან ხოლმე. ბიზნესი ბიზნესია. თუ საქონელი არავის სჭირდება, ტყუილად ხომ არ გააჩერებენ ხალხს.

მთელ ამ სქემაში მთავარი ერთი რამ არის. მაღალტექნოლოგიური წარმოების ექსპერტს ამზადებს თვითონ მაღალტექნოლოგიური წარმოება უნივერსიტეტიდან მოსული ჭყინტი მასალისგან. თუ არა გაქვს წარმოება და არა გყავს სპეციალიატები, 100 უნივერსიტეტი რომ გახსნა,   არაფერი გიშველის. უნივერსიტეტი ადამიანს აძლევს ზოგად განათლებას. ამის შემდგე ამ ადამიანმა უნდა ისწავლოს სამსახურში კიდევ დიდი ხნის განმავლობაში.

ასე რომ უტოპიაა, უნივერსიტეტს გავხსნი, კადრებს გამოვუშვებ და მერე ავაწყობ მაღალტექნოლოგიურ წარმოებასო.

ეს ან ტყუილია, და ან ეს კაცი არაა აზრზე, რას ლაპარაკობს.

ახლა ვინმე მეტყვის, ჩაკეტილი წრე გამოდისო. თუ წარმოება არა გაქვს, კადრები არ გეყოლება, თუ კადრები არა გყავს, წარმოება არ გექნებაო.

ეს მართლაც ასეა. ამ წრის გარღვევა შეუძლია ფულს, დიდ ფულს. და ესეც არ არის საკამრისი. ასევე უნდა იცოდე, რა გააკეთო. თუ იცი, რა უნდა გააკეთო, რისი პერსპექტივა გაქვს, მაშინ ყიდულობ ექსპერტებს დიდი ფულით და იწყებ საქმეს. და უნივერსიტეტი და ნუცას სკოლა აქ არაფერ შუაშია.

ოღონდ აქ ერთი პრობლემაა: რა გააკეთონ,  იციან ხოლმე ედისონებმა, ბილ გეითსებმა, სტივ ჯობსებმა და მათი რანგის გენიოსებმა.

სპეციალისტების გარდა, კიდევ არის სხვა პრობლემებიც, როცა ასეთ წარმოებაზეა საუბარი. და სამწუხაროდ ეს კადრების პრობლემაზე უფრო რთულია.

ასე რომ, ძვირფასო მეგობრებო, ერთ ან მეორე მხარეს მიკედლებულებო და სრულიად ნეიტრალურებო, როცა ივანიშვილი ამბობს, უნივერსიტეტს გავხსნი და მერე მაღალი ტექნოლოგიებიც გვექნებაო, ეს არის უბრალოდ წინასაარჩევნო, შეუსრულებადი ლოზუნგი. ბანალურად იტყუება ადამიანი. კიდევ ვიმეორებ, არა მგონია იმდენად არაკომპეტენტური იყოს, რომ მარ იცოდეს მე რაც მოვყევი. ნუ გექნებათ იმედი, რომ ამით აგვაშენებს ეს კაცი. ასევე ნუ მოთხოვთ ხელისუფლებას, რატომ არა გვაქვს მეცნიერებატევადი წარმოებაო.

რაც არ გვქონია ამდენ ხანს USSR-ს დროსაც კი, საიდან გაჩნდება ასე უცებ? თუ გაჩნდება საერთოდ, გინდ მიშა იყოს სათავეში და გინდ ბიძინა.

უნივერსიტეტი ამაღლებს ერის დონეს. შენ აძლევ ქვეყანას განთლებულ ხალხს, ზრდი იმის შანსს, რომ გაგიჩნდეს ბილ გეითსები. სწორედ ამს აკეთებს ბენდუქიძე. ზოგი სტუდენტი წავა და სხვაგან გააკეთებს მეცნიერებას. ადამიანი თავისუფალია, აქვს ამის უფლება. ზოგიც ქვეყნაში დარჩება და თავის ინტელექტით ხალხს წაადგება.

თორემ უნივერსიტეტი იმისთვის უნდა გავხსნა, მერე წარმოებას ავაგებო, უაზრობაა. უბრალოდ ვერ ააგებ ასე, როგორც ზემოთ ავხსენი.

ავთო ტყაბლაძე, ბირთვული ფიზიკოსი (სანავთობო ინდუსტრია), აშშ.