სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რაულ ჩილაჩავა: უკრაინის პარლამენტში, საქართველოს საკითხთან დაკავშირებით დიდი შეხლა-შემოხლა იყო

„დრონი.ჯი“: ბატონო რაულ, თქვენ დიდი ხანია საქართველოში არ ყოფილხართ, როგორი პოლიტიკური მდგომარეობა დაგხვდათ?
რაულ ჩილაჩავა: ბევრჯერ მთხოვეს ინტერვიუ ქართველმა ჟურნალისტებმა, მაგრამ მიზეზთა გამო პოლიტიკურ ინტერვიუზე თავს ვიკავებდი.
ჩემი დღევანდელი სტატუსი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველაფერზე მესაუბრა, რაც მე მაწუხებს და მტკივა. როგორც ქართველს, ნამდვილად მაღელვებს ის, რაც საქართველოში ხდება, მოყოლებული 80-იანი წლებიდან, როცა რუსების ტანკებმა გადაგვიარეს.
მახსოვს, ის დიდი ეიფორია და ურთიერთსიყვარული. ასევე ის საშინელი დაბნელება, როცა ძმა ძმას გადაეკიდა და ქვეყანა სამხედრო ბანაკებად დაიყო. დაიწყო მხედრიონის თარეში,აფხაზ ეთნოსთან დაპირისპირება და ათასი საშინელება.
ჩვენ მაშინ ბევრი რამ ვერ გავითვალისწინეთ. განსაკუთრებით ჩვენი ქართული და კავკასიური მენტალიტეტი. ასევე ის შედეგები, რაც ამ დაპირისპირებას შესაძლებელია მოჰყოლოდა. მე, იმ პერიოდისთვის უკრაინის ეროვნებებისა და მიგრაციის საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიყავი და მახსოვს ბევრი გაუბედურებული ქართველი, რომლებიც უკრაინაში თავშესაფრის საძებნელად ჩამოვიდნენ.
მაშინ უბედური ვიყავი, თან ბედნიერი იმის გამო, რომ მქონდა მინიმალური შესაძლებლობა, რათა იმ ადამიანებს დავხმარებოდი ლუკმა პურის შოვნაში. მაშინ უკრაინის მთავრობამ არნახული აქცია ჩაატარა და მიიღო სპეციალური დადგენილება, რომ საქართველოდან ლტოლვილებს ყოველგვარი საბუთის გარეშე მიეღოთ პირველადი დახმარება სოციალურ დახმარებებთან ერთად.
- უკრაინის მხრიდან საქართველოს მთავრობისადმი დღესაც იგივე დამოკიდებულება და კეთილგანწყობაა?
- უკრაინა ყოველთვის გვიყურებდა და გყიყურებს, როგორც ძალიან სერიოზულ პარტნიორს, მეგობარ ქვეყანას. ქვეყანას, რომელმაც გადაიტანა ძალიან დიდი ტკივილი. ალბათ კარგად გვახსობს აგვისტოს მოვლენები და უკრაინის გვერდში დოგმა. ეს სიყვარული დღემდე არ განელებულა. უკრაინა მზადაა საქართვლოს კვლავ მხარში დაუდგეს.
- საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას საქართველოში ხშირად აკრიტიკებენ, უკრაინაში როგორი აფასებენ მის პოლიტიკურ კურსს?
- შარშან, როცა რუსეთი საქართველოს ეომებოდა უკრაინამ ლომის წილი შეიტანა და ჩვენს ქვეყანას გვერდზე დაუდგა, რაც შეეძლო. ეს ერთ-ერთი გამოხატულებაა უკრაინის საქართველოსადმი კეთილგანწყობისა. დღესაც, პრორუსული ძალები, უკრაინის მთავრობას ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი ეხმარებოდნენ საქართველოს. მაშინ უკრაინამ საქართველოს იარაღი მიჰყიდა. ზუსტად ეს გახდა რუსეთის გაბრაზების საგანი.
- რეალურად მიაწოდა საქართველოს უკრაინამ იარაღი და რამდენად ჰქონდა მიყიდვის უფლება?
- უკრაინას აქვს ხელშეკრულება საქართველოსთან, რომ კანონიერების ფარგლებში მიჰყიდოს იარაღი. რუსეთი კი უკრაინას ამაში დღემდე ადანაშაულებს. უკრაინას საქართველოსთან არანაირი ემბარგო არ აქვს გამოცხადებული და შესაბამისად, შეუძლია იარაღიც მიჰყიდოს, ისევე როგორც რუსეთი ჰყიდის იარაღს მთელს მსოფლიოში. უბრალოდ, აქ არის ერთგვარი კონკურენციაც კი, რადგან უკრაინა ამ შემთხვევაში იყო და არის რუსეთის კონკურენტი.
- ანუ, ეს ფაქტორი იყო მხოლოდ რუსეთსა და უკრაინას შორის სიტუაციის გართულების საფუძველი?
- არამარტო ეს, ასევე სხვა ფაქტორმაც გამოიწვია რუსეთთან ურთიერთობის გართულება. კერძოდ, რუსეთი უკრაინას ეუბნება, რომ საქართველო შენი იარღით ებრძოდა რუსის ჯარსო, მაგრამ რუსების იარაღიც ხომ ისროდა ქართველების წინააღმდეგ? უკრაინის პარლამენტში, საქართველოს საკითხთან დაკავშირებით დიდი შეხლა-შემოხლა იყო.
- უკრაინაშიც არსებობენ ძლიერი პრორუსული ძალები?
- იქ არის როგორც პრორუსული, ასევე პროუკრაინული და საერთოდ, ანტიუკრაინული ძალებიც. ეს ძალები არ მალავენ თავიანთ დამოკიდებულებას დღევანდელი საქართველოს მიმართ. ის ძალები, რომლებიც საქართველოსთან მტრულად არიან განწყობილნი, ატარებენ რუსულ პოლიტიკას და აქტიურ პროპაგანდასაც ეწევიან.
ისინი საქართველოში არსებულ დღევანდელ პოლიტიკას ეძახიან სააკაშვილის რეჟიმს. ანტიდემოკტარიულს და ანტიხალხურს, მოკლედ, იმეორებენ იმა,ს რასაც რუსეთი ქადაგებს. მათთვის მნიშვნელოვანია რუსული მასმედიის მოტივები.
უკრაინაში დემოკრატიული ძალები კი ჩვენს მხარეზე არიან და აქტიურად გვიჭერენ მხარს. გულშემატკივრობენ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და ევროკავშირს, ასევე პოლიტიკურ კურსსაც. ისინი არ ერევიან ჩვენს საშინაო საქმეებში.
ჩვენი და უკრაინის საგარეო კურსი აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს. ამიტომ, ნატოც და ევროკავშირიც საქართველოს და უკრაინას განიხილავს ისეთ სახელმწიფოებად, რომლებსაც გეზი მათკენ აქვთ აღებული. აქედან გამომდინარე, უკრაინაც ცდილობს დაგვეხმაროს და დაგვიდგეს გვერდზე.
- როცა საქართველოში 9 აპრილის აქციები დაიწყო, რა დამოკიდებულება ჰქონდა უკრაინას და როგორი იყო თქვენი თვალით დანახული საქართველო იმ კრიზისულ პერიოდში?
- ქართველები ძალიან ემოციური ხალხი ვართ. მე დღესაც მიკვირს და ვერ გამიგია რატომ არის საქართველოში ამადენი პოლიტიკური პარტია. რატომღაც მეგონა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენ გვეყოლებოდა მძლავრი ქართული პარტია, რომელსაც შესაძლებელი იყო მეორე ასევე ქართული პარტია უბრალოდ როგორც ოპონენტი დაპირისპირებოდა, ერთიანი და ძლიერი საქართველოს შენებაში ვინ უფრო უკეთესს პროექტს წარადგენდა. ჩვენ, საქართველოს სიყვარულით ერთმანეთს ვხოცავდით, მაგრამ ახლა რის გამო ხოცავენ ერთმანეთს, ვერ გამიგია.
ბევრ ქვეყანაში არ მოსწონთ პრეზიდენტის კურსი, მაგრამ დემოკრატიულად ხდება ყველაფერი. პრინციპში ეს ნორმალური მოვლენაა, ქუჩაში გამოსვლა, საკუთარი აზრის გამოთქმა. საქართველო რატომ უნდა იყოს გამონაკლისი, მაგრამ ჩვენ ვართ მაქსიმალისტები. ჩვენი პოლიტიკოსები და განსაკუთრებით ოპოზიციონერები ჟამიდან ჟამად ვერ ითვალისწინებენ თავიანთ შესაძლებლობებს და ისახავენ ისეთ მიზნებს, რომელიც მიუღწეველი და არარეალურია ამ ეტაპზე. შედეგიც სახეზეა, გულგატეხილობა მოჰყვება მათ მიუღწევადობას.
- როგორც ცნობილია, უკრაინაში ხდებოდა ნინო ბურჯანაძის პინჩუკთან შეხვედრები, ამის შესახებ თქვენთვის რა არის ცნობილი?
- პრესიდან ვიცი, რომ ბურჯანაძე და პინჩუკი ერთმანეთს კარგად იცნობენ და ხშირი შეხვედრები აქვთ უკრაინაში. სხვა დეტალები, ამ შეხვედრებისა, არ ვიცი.
- ანუ რამდენად მისაღებია პინჩუკმა ან მადვედჩუკმა დააფინანსოს ბურჯანაძე, ან გარე ძალებით დაფინანსდეს ოპოზიცია?
- მე მიმაჩნია, რომ გარე ძალებით საერთოდ არ უნდა დაფინანსდეს ქართული ოპოზიცია. ასევე არც ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ხელისუფლებისთვის იბრძვის. კონსტიტუციაში და პარტიების შესახებ კანონშიც გარკვევით წერია, რომ არ შეიძლება უცხო ფულით დაფინანსდეს ეროვნული მოძრაობა, თუ მას ნამდვილად ეროვნულობაზე აქვს პრეტენზია. ეს ფაქტორი თავისთავად უნდა გამოირიცხოს, ამ შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება.

კომენტარი