ეროსი კიწმარიშვილი – კრემლის ახალი და უკანასკნელი იმედი

ერთ–ერთ რუსულ ბლოგზე, www.rusiatimes. wordpress.com, გამოქვეყნდა პოსტი ეროსი კიწმარიშვილის წარსული და ამჟამინდელი მოღვაწეობის შესახებ. ზემოთხსენებულმა პოსტმა დიდი დაინტერესება გამოიწვია „ფეისბუქის“ ქართველ მომხმარებელთა შორის – იგი უამრავმა იუზერმა გაიზიარა. „დრონი ჯი“ ითვალისწინებს საზოგადოების დაინტერესებას ზემოთაღნიშნული ბლოგტექსტის მიმართ და მის სრულ თარგმანს გთავაზობთ.

ეროსი კიწმარიშვილს, საქართველოს ყოფილ ელჩს რუსეთში, არაერთხელ ჰქონია კონტაქტი „ეფ–ეს–ბე“– სთან. კიწმარიშვილი რუსეთის სპეცსამსახურებს სტრატეგიული მნიშვნელობის ინფორმაციას 2008 წლის პუტინისეული აგრესიის დროსაც აწვდიდა. ყოფილი ელჩის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ 2008 წლის გაზაფხულზე ეუბნებოდა იმის შესახებ, რომ აპირებდა ძალის გამოყენებას სეპარატისტების წინააღმდეგ.

ომის დასრულებისთანავე კიწმარიშვილმა ხელისუფლების ინტენსიური კრიტიკა დაიწყო, მაგრამ ამას აკეთებდა მოსკოვიდან: ინტერვიუებს აძლევდა ისეთ რუსულ პროპაგანდისტულ არხებს, როგორიცაა, მაგალითად „რაშა თუდეი“. კიწმარიშვილის ანტიქართული სტატიები ხშირად იბეჭდებოდა რუსულ გაზეთებშიც.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ კიწმარიშვილმა დაიწყო მომხრეთა გადაბირება, ანტისახელმწიფოებრივი, ექსტრემისტული მოღვაწეობა, ავრცელებდა ჭორებს, თესავდა სიძულვილს ხელისუფლების მიმართ, მოუწოდებდა აჯანყებისკენ.

კიწმარიშვილი დღესაც აქტიური ფიგურაა საქართველოში რუსულ სადაზვერვო ქსელში. რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ გადაუხადა ეროსი კიწმარიშვილს დიდი თანხა არამხოლოდ მისი ანტიქართული ქმედების გამო, არამედ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოსვლებისა და ქვეყანაში არეულობის ორგანიზებისთვის.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კიწმარიშვილი კრემლის უკანასკნელი იმედია. რუსეთის სადაზვერვო ქსელის არაერთგზის ჩავარდნის შემდეგ, რუსეთს საკადრო არსენალი ამოეწურა და მისი შევსების არანაირი საშუალება არა აქვს.

დასასრულს, მოგვყავს ოლეგ პანფილოვის სიტყვები, რომელიც მან საკუთარ ბლოგზე გამოაქვეყნა: „ბოლო რამდენიმე წელია, ეროსი საოცარ მეტამორფოზას განიცდის. ბოლო თვეებში კი ინიციატივა ინიციატივაზე აქვს. აი, კიდევ ერთი – 9 მაისზე. და არცერთი სიტყვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე...“

კომენტარი