კოკო გამსახურდია: „ოპოზიციონერობა არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ძალით დაამხო, პრეზიდენტი კი – მოკლა“

კონსტანტინეს კოლეგები ხუმრობდნენ, ჟურნალისტები ასაკით ჩვენზე ახალგაზრდები არიან და ყველა ოთახს აგნებენ, ჩვენ აქ დავბერდით და დღემდე ოთახების მოძებნა გვიჭირსო. თუმცა ეს ხუმრობა კოკო გამსახურდიას არ ეხებოდა, ის ჯერ არ არის გამოცდილი დეპუტატი და პარლამენტის ფლიგელებში საჭირო კაბინეტების სწრაფად მიგნება უჭირს.
დროებითი კომისიის პირველი სხდომა მთლიანად საპროცედურო საკითხებს მიეძღვნა. პირველ რიგში ჩაიკითხეს დებულება, შემდეგ კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის კანდიდატურებს უყარეს კენჭი.
კოკო გამსახურდიას, როგორც თავმჯდომარეს, პირველს მიეცა სიტყვით გამოსვლის საშუალება. მან ისაუბრა კომისიის მნიშვნელობაზე, აღნიშნა, რომ პოლიტიკური და ისტორიული მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავლისთვის ჭეშმარიტების დადგენას, თუ რა ვითარებაში და როგორ გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი.
კოკო გამსახურდიას განცხადებით რაკი კომისიის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა შედის, სიმართლის გარკვევა ხელისუფლების ინტერესებშიც შედის.
„ოპოზიციონერობა არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ძალით უნდა დაამხო, პრეზიდენტი კი - მოკლა. 1991-92 წლების მოვლენების დროს იყვნენ ადამიანები, რომლებიც სწორედ ძალადობრივი გზით ცდილობდნენ ხელისუფლების შეცვლას, რაც განახორციელეს კიდეც.
გამოითქმის ვარაუდი, რომ რადგან მე ვარ ამ კომისიის თავმჯდომარე, კომისია იქნება სუბიექტური და მიკერძოებული. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ჩვენი მიზანი არის ჭეშმარიტების დადგენა, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება და ძალადობა, ვისწავლოთ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა“, - აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია.
ეს ის კონსტანტინეა, რომელიც 2007 წლის ნოემბერში საყვედურებს ძმისგან, ცოტნესგან იღებდა იმის გამო, რომ დიდი რაოდენობით ხალხის მობილიზების მიუხედავად მომიტინგეების პარლამენტში შეჭრა ვერ უზრუნველყო.
კომისიის თავმჯდომარემ თავისი ხედვა წარმოადგინა, თუ როგორ უნდა იმუშაოს კომისიამ. მუშაობის პირველი ნაწილი მოიცავს კონკრეტული უწყებებიდან ოფიციალური დოკუმენტების, აუდიო და ვიდეო, ასევე ბეჭდური ინფორმაციების გამოთხოვას. იმ პირთა დაკითხვას, ვინც უშუალოდ იყო ჩართული ამ მოვლენებში, მათ შორის, რაც საყურადღებოა, გამსახურდიას კომისია აპირებს პრეზიდენტის როგორც პოლიტიკურ, ისე არაპოლიტიკური გარემოცვის დაკითხვას.
აქ საინტერესოა ერთი დეტალი - კოკო გამსახურდიამ შესაძლოა მანანა არჩვაძე და მისი და ლელეც დაიბაროს კომისიაში, თუმცა სხვა საკითხია, მივლენ თუ არა, ეს ქალბატონები ამ კომისიაზე.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კოკოსა და ზვიადის მეორე ცოლს შორის დაძაბული ურთიერთობაა. კოკო გამსახურდიას აზრით, კომისიის მეორე სამუშაო ნაწილი უფრო ფაქიზი და შრომატევადი იქნება.
ამ ნაწილში არსებული ინფორმაციის საფუძველზე შედგება იმ ადამიანების სია, ვინც ამ მოვლენებში მონაწილეობდა და მოხდება მათგან ფასეული ინფორმაციის მიღება. მესამე, ანუ დასკვნითი ნაწილი იქნება მთელი ამ ინფორმაციის შეჯამება და კომისია დასკვნას გამოიტანს. დასკვნას კი, სავარაუდოდ, პოლიტიკური დანიშნულება ექნება.
სწორედ ამან გამოიწვია კამათი კომისიის სხდომაზე. კერძოდ, უმრავლესობის წევრი, ბეჟან ხურციძე მიიჩნევს, რომ კომისია კომისიისთვის კი არ უნდა იყოს, არამედ ამ კომისიას საგამოძიებო სტატუსი უნდა ჰქონდეს. მისი აზრით, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ის პროდუქტიული და ეფექტური. ეს პოზიცია ხურციძის პირადი აზრია და როგორც მან აღნიშნა, უმრავლესობასთან ჯერ არ არის შეჯერებული.
კოკო გამსახურდია და ჯონდი ბაღათურია ფიქრობენ, რომ კომისიას ისედაც ბევრ დოკუმენტზე მიუწვდება ხელი ამ სტატუსის გარეშეც, რადგან კომისია შინაარსით არის საგამოძიებო.
„არ მინდა ისეთ კომისიაში მუშაობა, რომელიც იქნება კომისია კომისიისთვის და კრება დარჩება მხიარული. ვინც ჩვენზე კარგად იცის ეს მოვლენები, ახლა მოსკოვში იმყოფება, კვირაიას და გიორგაძეს ვგულისხმობ. ფორმალური კომისია მათთან ვერ იმუშავებს“, _ ასე ფიქრობს ხურციძე.
კომისიას საგამოძიებო სტატუსი ექნება თუ არა, მაინც საეჭვოა იგორ გიორგაძემ და შოთა კვირაიამ ამ კომისიასთან თანამშომლობის სურვილი გამოთქვან.
გიორგაძეს ქართულ მედიაში იმ ძალოვნად ასახელებენ, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ზვიად გამსახურდიას დაკავების ოპერაციას და მეტიც, არსებობს ვერსია, რომ სწორედ გიორგაძის ინიციატივით მოხდა გამსახურდიას ლიკვიდაცია.
კომისიის ფორმალურობას კოკო გამსახურდიაც არ ეთანხმება. მისი აზრით, კომისია რიტორიკით არ უნდა იყოს დაკავებული, სადაც მხოლოდ მტრედების ღუღუნი ისმის და ჭეშმარიტების დადგენა ვერ მოხდება.
დასკვნაც უწყინარი შინაარსის არ იქნება, რომ არ უნდა მოხდეს გადატრიალება და პრეზიდენტი არ უნდა მოკლან. კომისიის წევრები ამ ეტაპზე შეთანხმდნენ იმაზე, რომ მომავალში პარლამენტის სხდომაზე უნდა დადგეს კომისიისთვის საგამოძიებო სტატუსის მინიჭების საკითხი.
უმრავლესობის წევრისა და ახლა უკვე ამ კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ლაშა თოდრიას აზრით, ამის თაობაზე მსჯელობა და კონსულტაციები გაგრძელდება და სავარაუდოდ ეს საკითხი პარლამენტის ჯერ ბიუროზე იქნება განხილული, მერე კი პლენარულ სხდომაზეც. დროებითი კომისიის მდივნად უმცირესობის წარმომადგენელი, ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების წევრი რატი მაისურაძე დამტკიცდა.
მიუხედავად იმისა, რომ კომისიის შეკრების შესახებ მის ყველა წევრს ეცნობა, ოთხი წევრი პირველივე კომისიის სხდომას არ დაესწრო. ისე კი მომღერალ ნუგზარ ერგემლიძის კომისიის წევრად შეყვანა იმდენად არასერიოზული გადაწყვეტილებაა, რომ კომისიის ეფექტურობა შეიძლება ამის გამოც განწირული იყოს.
ნუგზარ წიკლაური, ხათუნა ოჩიაური და ეკა ხერხეულიძე ამ კომისიის შემადგენლობაში არ შევიდნენ, ეს ის დეპუტატები არიან, ვინც ზვიად გამსახურდიას მომხრეები იყვნენ. ამ კომისიის ეფექტურობას ესეც გაერკვეულწილად ჩრდილს აყენებს, ჯონდი ბაღათურიამ „დრონი. ჯი“-ს კითხვას, რატომ არ შევიდნენ ეს ადამიანები კომისიაში, უპასუხა, რომ ისინი სხვა კომიტეტებში არიან გადანაწილებული და იქ მუშაობენ.
თუმცა, პასუხი ალბათ არადამაჯერებელია, რადგან დეპუტატები ერთდროულად რამდენიმე კომიტეტებში არიან გაწევრიანებული და შესანიშნავად ახერხებენ მუშაობას. როგორც ჩანს, ამ კომისიის მუშაობის სერიოზულობა, ზვიადის მომხრე დეპუტატებისთვისაც ეჭვის საბაბს იძლევა.

კომენტარი