სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიტვა გორბაჩოვს გასამართლებას უპირებს

ლიტვის გენერალურმა პროკურატურამ, რუსეთის ოფიციალურ პირებს მიმართვა გაუგზავნა, სადაც ითხოვს დაიკითხოს სსრკ–ს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი, ვილნიუსის 1991 წლის 13 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით.

1991 წლის 13 იანვარს, ვილნიუსის ტელეანძა სპეცრაზმმა აიღო, შემდეგ რუსულმა სამხედრო ნაწილებმა შტურმით აიღეს ჯერ ტელეცენტრი, ხოლო შემდეგ რადიოკომიტეტი და ტელეგრაფი. შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.

ვილნიუსის სამხარეო სასამართლომ, მთავარ დამნაშავედ, ყოფილი ომონელი, კონსტანტინ მიხაილოვი (ნიკულინი) სცნო. მას ბრალი 7 ადამიანის უშუალო მკვლელობასა და კიდევ ერთი პიროვნების დასახიჩრებაში ედებოდა. მიხაილოვი 2007 წლის ნოემბერში რიგაში დააკავეს. 2008 წლის იანვარში, პატიმარი, ლიტვის მხარეს გადასცეს. მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

მანამდე მიხაილოვი სხვა გვარს, ნიკულინს ატარებდა. ახალი გვარი მან ლატვიაში მიიღო, როდესაც ლატვიელ სამართალდამცველებს მკვლელობის საქმის გახსნაში დაეხმარა, რომლებმაც შემდეგ მოწმეთა დაცვის პროგრამით, ნიკულინს სხვა პასპორტი და შესაბამისად სხვა გვარიც მისცეს.

მიხაილოვთან ერთად, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ეჭვმიტანილები არიან, ასევე ყოფილი ომონელები ანდრეი ლაკტიონოვი, ჩესლოვ მლინნიკი და ალექსანდრე რიჟკოვი, რომელიც ამჟამად რუსეთში იმყოფება.

მიმდინარე წლის იანვარში, ლიტვის თავდაცვის მინისტრმა, რასა იუკნიავიჩენემ განაცხადა, რომ ლიტვა რუსეთისგან კომპენსაციას ელის, ლიტვის მოქალაქეების დახოცვის გამო. „ისევე როგორც გერმანია უხდის კომპენსაციას იმ ხალხებს რომლებსაც ზარალი მიაყენა. მიმაჩნია, რომ ღირსეული სახელმწიფოს ღირსეული წარმომადგენლები, სწორედ ამ პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდნენ. თუმცა, ჯერ ჭეშმარიტებამ უნდა გაიმარჯვოს. მე გაოცებული ვარ, როდესაც რუსეთის ოფიციალური პირები არ აღიარებენ, რომ ამ საქმეში ყველა დამნაშავე, სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს. ჩვენი პროკურატურა მუშაობს, რომ მოიპოვოს რუსეთისგან იურიდიული დახმარება. რათა მოიძებნოს და დაისაჯოს ყველა ის პიროვნება, ვინც ადამიანების დახოცვაში მონაწილეობდა,“ განაცხადა ლიტვის თავდაცვის მინისტრმა.

30 მარტს, ცნობილმა დისიდენტმა, ვლადიმერ ბუკოვსკიმ, ლონდონში, მიხეილ გორბაჩოვის დაპატიმრება მოითხოვა. იგი, სსრკ–ს ექსპრეზიდენტს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში სდებს ბრალს. საუბარია გვიანდელი გადატრილების ტრაგიკულ ეპიზოდებზე, როდესაც საბჭოთა არმიამ შეტევა განახორციელა თბილისის, ბაქოს და ვილნიუსის მშვიდობიან მოსახლოებაზე. ლონდონის სასამრთლომ ბუკოვსკის სარჩელი უარყო, მაგრამ იგი დანებებას არ აპირებს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. დღესდღეობით, მიხეილ გორბაჩოვი ლონდონში იმყოფება, სადაც მისი 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო მიღებაც მოეწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100