მანანა მანჯგალაძე: გულუბრყვილობაა იფიქრო, რომ მიშამ პოლიტიკური კარიერა დაასრულა

პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე მედიასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურს მადლობას უხდის. როგორც მანჯგალაძემ პრეზიდენტის პრესსპიკერის რანგში გამართულ ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბედნიერია, რომ ურთულესი 4 წლის და პოლარიზებული ვითარების მიუხედავად, ამ წლებმა ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე განვლო.
მანჯგალაძემ მადლობა გადაუხადა კოლეგა ნათია ბანძელაძეს, რომლის მანქანაც "ზოგჯერ პრეზიდენტის ვერტმფრენსაც კი უსწრებდა".

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არაადამიანური რესურსების მქონე ადამიანები მუშაობენ, მათ შორის რამდენიმე - ედუარდ შევარდნაძის პერზიდენტობის პერიოდიდან.

"ძალიან მინდა, რომ ეს სასახლე დარჩეს ისევ ქვეყნის პირველი პირის სასახლედ, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში, შესაბამისად, ხალხის სამსახურში, რათა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს ჰქონდეს საშუალება, ღირსეულად დახვდეს საპატიო სტუმრებს, ყველაფერ იმისთვის, რომ იმუშაოთ საკუთარი ქვეყნისთვის, ხალხისთვის და ღირსეულად წარმოაჩინოთ თქვენი ქვეყნის სახე. ეს არ იყო მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის კუთვნილება, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის სასახლე და ნუ გაიმეორებთ შეცდომებს, რისთვისაც წინამორბედს აკრიტიკებდით", - განაცხადა მანჯგალაძემ.
პრესსპიკერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტსაც და აღნიშნა, რომ განვლილი წლები ეამაყება.

"შეცდომების, სიჩქარის და ხარვეზების მიუხედავად, უნდა ვთქვა არაოპოპულარული სიტყვები - ვამაყობ, რომ ვიდექი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოლიტიკური ლიდერის გვერდით, რომელმაც ქვეყანა სრულიად სხვა მოცემულობაში გადაიყვანა. ვთვლი, რომ დრო მას თავის ადგილს მიუჩენს ისტორიაში, ისევე, როგორც ვთვლი, რომ გულუბრყვილობაა, იფიქრო, რომ მიშამ თავისი პოლიტიკური კარიერა დაასრულა", - აღნიშნა მანჯგალაძემ.

მანანა მანჯგალაძე გელა ჩარკვიანის საქმიანობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ჩარკვიანის შემდეგ მისთვის ამ თანამდებობაზე მუშაობა დიდი პასუხისმგებლობა იყო. მანანა მანჯგალაძემ ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს დავით ტყეშელაშვილს, ასევე წარმატებები უსურვა მის შემცვლელსა და მომავალ პრეზიდენტს.

"მომავალ პრესსპიკერს ხშირად სახელმწიფოებრივად აუცილებელი, მაგრამ არაპოპულარული განცხადებების გაკეთება მოუწევს და მერწმუნეთ, ამას ყველაზე მეტად მე გავუგებ. ვუსურვებ, ამ ტრიბუნიდან სასიხარულო ამბები ეცნობებინოს საზოგადოებისთვის და რაზეც მე ვოცნებობდი, მან წარმოთქვას ამ მიკროფონთან. წარმატებები ჩემს მომავალ კოლეგას, მოომავალ პრეზიდენტს და ჩემს ქვეყანას", - აღნიშნა მანჯგალაძემ.

კომენტარი