სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილი: თუ სააკაშვილი არ ჩამოვა, მასზე ძებნა გამოცხადდება

მიხეილ სააკაშვილი ვალდებულია, გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ყველა კითხვას, თუნდაც მისთვის უხერხულს, ამომწურავი პასუხი გასცეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა , ირაკლი ღარიბაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, არავინ არ დგას კანონზე მაღლა და მისი გუნდი არ აშენებს ისეთ სახელმწიფოს, სადაც იქნებიან პრივილეგირებული და ხელშეუხებელი ადამიანები.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებაში უჩვეულო არაფერია და მსგავსი რამ ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში ხდება.
"მან ყველა კითხვას უნდა გასცეს ამომწურავი პასუხები. თუნდაც გაფანტოს ეჭვები, დაეხმაროს გამოძიებას, სწორად წარმართოს აღნიშნული პროცესი. თუ მას აქვს შენარჩუნებული გარკვეული გონიერება, უნდა ჩამოვიდეს. ის უბრალოდ ვალდებულია, ჩამოვიდეს, ვინაიდან ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო 9 წლის განმავლობაში და ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულ მთავრობას, პროკურატურას ვგულისხმობ, აქვს კითხვები. მეორე საკითხია, ჩამოვა თუ არ ჩამოვა, მაგრამ ჩემი აზრით, უნდა ჩამოვიდეს, თუ ჯერ კიდევ აქვს საღი აზრი შენარჩუნებული", -განაცხადა ღარიბაშვილმა "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, თუ მიხეილ სააკაშვილი არ ჩამოვა, პროკურატურა კანონის შესაბამისად იმოქმედებს და მასზე ძებნა გამოცხადდება.
"თუ არ ჩამოვიდა, მასზე კანონის შესაბამისად ძებნა გამოცხადდება. ის დღეს არის ჩვეულებრივი მოქალაქე. პროკურატურას აქვს მასთან ძალიან მძიმე საქმეებზე კითხვები. კეთილი ინებოს, ჩამობრძანდეს და გასცეს პასუხი. ეს არის ჩემი ძალიან მარტივი პასუხი", - განმარტა ღარიბაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100