მეწისქვილე გრეჩიხა და ვაგონებად დაშლილი მატარებელი

თუ მართლაც ასეა, გადასულიყო დიდი გრეჩიხა მეწისქვილედ, როგორც მისი მომხრეები ამტკიცებენ - არეულობა, ჩახერგილი ქუჩები, ნაგავი, დაძაბულობა და “გაუთავებელი თათბირები” მაინც “გრეჩიხების” წისქვილზე ასხამს, თურმე, წყალს თუ “ჯი-ვი-ეს”-ის ღვინოს.

საქართველოს ისტორიას ასეთი უსუსური ოპოზიცია არ ახსოვს. მათი პრობლემა შეიძლება სიმრავლეშია, შეიძლება სიჭრელეში, იქნებ სულაც ერთფეროვნებაში, მაგრამ ფაქტია, რომ იგი წრეზე ბრუნავს. ქართული ოპოზიციის მდგომარეობა ერთ ძველ ანეკდოტს ჰგავს, როცა დაშლილი მატარებლის ვაგონებს აჯაყჯაყებდნენ და შიგ მჯდომ მგზავრთა გასაგონად სხვადასხვა სადგურების სახელებს აცხადებდნენ, ვითომ მატარებელი მიდისო...

რამდენ ხანს გაუძლებს ოპოზიციისგან მოტყუებული ხალხი ამდენ ჯაყჯაყს, ვინ იცის. მით უმეტეს რომ ოპოზიციის დაშლილი მატარებლიდან უკვე გადმოხტნენ კოკო გამსახურდია, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ალასანია... “უცნობის” ბოლო ტრიუკის შემდეგ გადმოხტომა უნდა, მაგრამ როგორც ჩანს, ფეხის მოტეხვის ეშინია სალომე ზურაბიშვილს.

საზოგადოების ის ნაწილი კი, რომელიც იმ მგზავრივით იქცევა, ვისაც მატარებლიდან გადახტომა მხოლოდ იმიტომ არ სურს, რომ ბილეთი აქვს ნაყიდი, ნელ-ნელა განხიბვლიდან ნიჰილიზმამდე მიდის. ოპოზიციის ეკლექტიკური ნაზავი, საფუძველშივე განწირული იყო დაშლისათვის. ის, რომ სალომე ზურაბიშვილი და ნინო ბურჯანაძე, ორი ამბიციური ქალბატონი, ერთი სარკმლიდან დიდხანს ვერ გადმოიხედავდნენ, ახლო წარსულის გადახედვითაც გასაგები გახლდათ.

საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, თავის დროზე პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტის მისაღებში ლამის თმით ითრია იმის გამო რომ მინისტრმა თავმჯდომარის დანაბარებზე საკანონმდებლო ორგანოში მისვლა არ იკადრა.

მაშინ, ზურაბიშვილს ბურჯანაძის ტონი არ მოეწონა და თქვა, რა ვალდებული ვარ იქ მივიდეო, ბურჯანაძეს კი ქალი-მინისტრის “ცხვირისაწევა” მოხვდა გულზე. მრავალგზის “დაუკოდავთ” სიტყვით ერთმანეთი ვაი-გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებსაც. გაჩეჩილაძეებს ხალხმა უკვე შეარქვა მოსწრებული სახელი – “წმინდა გრეჩიხები”, რომელთა წინაშე თვით ნინო ბურჯანაძეც კი განიწმინდა პოლიტიკურად.
სხვათაშორის, ვაკის რამდენიმე ოჯახისთვის `გრეჩიხები~ უკვე არიან პრეზიდენტები, მეუღლისთვის კი შალვა ნათელაშვილიც პირველი პირია, ხოლო თავად პირველი ლედი. მათ ესეც ეყოფათ დროთა განმავლობაში მომხრეთა სრული განხიბვლის შემდგომ.

არც ისე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება კობა დავითაშვილიც. როცა ოპოზიცია საბოლოოდ გამოაჩენს საკუთარ სახეს და ის რამდენიმე ასეული კაციც შემოეცლებათ, რომელიც თითოეულის უკან დგას, კობა გენოფონდს კიდევ 2-3 ბავშვს შემატებს და ამით გამოისყიდის ყველა იმ სიბრიყვეს, რაც უკეთებია.
ოპოზიციური ვაგონის "პასაჟირებს" ეს ჯაყჯაყიც რომ მობეზრდებათ, რას იზამს გია მაისაშვილი? მას ყველაზე ბედნიერად აქვს საქმე აწყობილი, აიღებს სხვა ბილეთს და წავა მომავლის ამერიკაში. იქ რამე საერთაშორისო ორგანიზაციას დააფუძნებს და ივლის ჩადის რესპუბლიკაში ჰუმანიტარული მისიით.

კახა კუკავა მაინც კუკავად დარჩება, თუნდაც მატარებლიდან რაკეტაში გადასვან, ხოლო კოკო გამსახურდიას და კახა შარტავას, ღრმა მოხუცებულობაში რომელიმე სექტა მწუხარე სახის რაინდთა ორდენებს მიანიჭებს, მხოლოდ წინაპართა დამსახურებების გამო...

დანარჩენები კი, ალბათ, ოპოზიციური მატარებლის მგზავრებისთვის შეტყუებულ ბილეთებს თავისთვის დაიბრუნებენ, იმ იმედით რომ "ბილეთიანებს", როგორც წესი ბევრ რამეზე პასუხს არ სთხოვენ... და ეს ყველაფერი "რატომ"? მხოლოდ იმიტომ რომ ხელისუფლებაში ყოფნა უნდოდათ, ხალხი გამოიყენეს, ხალხი განხიბლეს და უბრალოდ, ხელმოცარულთა "სადგური" პოლიტიკაში არ არის.

კომენტარი