ღარიბაშვილის შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალთან

პოლონეთი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას უმოკლეს ვადებში განახორციელებს; პროცედურა სექტემბრიდან, მას შემდეგ დაიწყება, რაც პოლონეთის პარლამენტი მუშაობას განაახლებს,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალ ბოგდან ბორუსევიჩის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

როგორც გაირკვა, დოკუმენტის რატიფიცირება მოხდება მოლდოვასა და უკრაინასთან გაფორმებულ ხელშეკრულებებთან ერთობლიობაში.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ პოლიტიკური თანამშრომლობის დონე ორ ქვეყანას შორის მაღალია, რაზეც ასევე მოწმობს მაღალი დონის ვიზიტების სიხშირე.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოლონეთის გამოცდილების გაზიარებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, მათ შორის კადრების მომზადების, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით, ევროინტეგრაციის პრიორიტეტების გათვალისწინებით.

მისივე თქმით, საქართველო მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს ძალისხმევა რეფორმების განხორციელების კუთხით „ასოცირების დღის წესრიგის“ მიხედვით, რომელიც წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ძირითად მექანიზმს და ითვალისწინებს ერთობლივად შეთანხმებულ პრიორიტეტებს 2014-2016 წლებისთვის.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისკენ მიმართული უდიდესი ძალისხმევისთვის.

კომენტარი