მრეკეთ, ქალბატონო მარგალიტა...

ელდარ შენგელაიას ფილმისა არ იყოს, ოპოზიციას ახლა ყველაზე ძალიან ის უნდა, რომ ხელისუფლებამ რეკოს, ისე როგორც ერთაოზი მოუწოდებდა მორცხვად, ბებიამისის ტოლა მანდილოსანს – მრეკეთ ქალბატონო მარგალიტაო, მაგრამ არც “ქალბატონმა მარგალიტამ” რეკა ერთაოზსს და არც ხელისუფლებამ ოპოზიციას.
მართალია, ლამის გამაზოხისტებული ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელისუფლებამ დაარბიოს, თუმცა, თავის მხრივ, ხელისუფლებაც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ოპოზიცია “მარილზე გაუშვას”. რადიკალების დიდი ნაწილი კი მაშინ “გავა მარილზე”, თუ ხელისუფლებამ არც მომავალში “რეკა”.
90-იანების ერთი მოდური ისტორიის ნაშთები კი დღესაც ცოცხლობს ქართულ სოციალ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. მაგალითად, თუ ახლა, ჭირისუფალმა მიცვალებულს ასე დაატირა: სად მიდიხარ მაგ უკუნეთში, რატომ მიდიხარ იქ, სადაც არც ჭკუაა, არც სინათლე და არც საღი აზრიო, ჩათვალეთ, რომ მიცვალებული რადიკალური ოპოზიციის რიგებში აპირებს გაწევრიანებას. მანამდე კი, ალბათ პოლიტიკურად მიცვალებულების რეინკარნაციის შანსი ნულს ქვემოთაა, რადგან როგორც ჩანს, დღეს მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობს – ან ჯერ “ჩოქბჯენში” უნდა დადგეს ოპოზიცია და მერე თქვას – აგერ ვარ ბატონო და აწი თქვენ იცითო ან ჯერ უნდა თქვას – აგერ ვარ ბატონო და აწი თქვენ იცითო და მერე დადგეს “ჩოქბჯენში”. თუმცა, ორივე შემთხვევაში, პროცედურაც და შედეგიც ერთი და იგივე იქნება, რადგან შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ისე, გინდა “ჩოქბჯენში” დააყენე და გინდა პედასტალზე, “ოპო”-“ოპოა” – დღეს ასე ჭიკჭიკებს, ხვალ ისე იჭიკჭიკებს, ზეგ კი, სულ სხვაგვარად აჭიკჭიკდება, გააჩნია, როგორი ამინდი იქნება და გააჩნია, სად და რა იქნება საჭიკჭიკო.
“მე პატარა მერცხალი ვარ, მოჭიკჭიკე, მოალერსე” – მერცხლისა და ალერსის რა მოგახსენოთ, მაგრამ “რად-ოპოს” წევრები ყოველდღიურად რომ სხვანაირად ჭიკჭიკებენ, ზოგი მიდის, ზოგი – მოდის და ზოგიც “იქავე დგას” და მათმა ყოველდღიურმა ჭიკჭიკმა რომ “ხორბლის დედოფალი” პრეზიდენტად ვერ მოიყვანა, ამას არც ლელა კაკულიაობა სჭირდება და არც - ცაგარელობა.
ფაქტი ჯიუტია და მხოლოდ ნეტარმა გრეჩიხამ თუ იცის ვისი ბრალია ეს – ვარსკვლავების თუ იმის, რომ “ფუფალას” მისნობა ზედმიწევნით ვერ შეასრულეს - ყვავი ვერ მოხარშეს ისე, რომ ორთქლი არ ამოსვლოდა.

კომენტარი