სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უსუფაშვილმა ქსელთა გლობალური სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

დღეს ქსელთა გლობალური სამიტის მონაწილეებს - კავკასიისა და ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვადასხვა ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელს - სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მიმართა.

ქსელთა გლობალურ სამიტს CELA საქართველო მასპინძლობს. ეს პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელშიც CELA-ს გარდა რეგიონული ქსელების - SIBF, MELA და SEALA წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას. ოთხდღიანი სამიტის მონაწილეებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს კულტურას და ისტორიას, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებს, ადგილობრივი ექსპერტების მოსაზრებებს და სხვადასხვა ქვეყნების ბიზნესლიდერთა წარმატებულ გამოცდილებას.

პარლამენტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში მოკლედ მიმოიხილა საქართველოს ისტორია უხსოვარი დროიდან დღემდე, სტუმართა ყურადღება მიაპყრო ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიას და ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისათვის. დავით უსუფაშვილმა სამიტის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო ათწლეულებში საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე: პოსტკომუნისტური პერიოდი და „ვარდების რევოლუცია“, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები და ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რასაც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გააქტიურება მოჰყვა და ა. შ. დავით უსუფაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტზე. საუბრის თემა იყო აგრეთვე საქართველოს ეკონომიკა, ბიზნესის განვითარების საკითხები, ტურიზმი და სხვა.

„ძალიან სასიამოვნოა რომ შუა ზაფხულში, განსაკუთრებით შუა აგვისტოში, როდესაც ყველა უფრო დასვენებაზე ფიქრობს, საქართველოში ჩამოდიან არა მხოლოდ ტურისტები, არამედ საქმიანი ხალხი და დღეს დარბაზში 150-მდე სტუმარია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს არის CELA-ს ძალიან საინტერესო ქსელი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნების აქტიურ ადამიანებს - სხვადასხვა თაობის ლიდერებს, ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებს. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში გაეცნობიან ჩვენს ქვეყანას. მათ ძალიან საინტერესო პროგრამა აქვთ. მე, ბუნებრივია, მთხოვეს მესაუბრა პოლიტიკურ ისტორიაზე, თანამედროვეობასა და მომავალზე. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სტუმარი საქართველოს იმ სურვილით დატოვებს, რომ კვლავ დაბრუნდეს ან ინვესტორად, ან ტურისტად, ან თავისი ქვეყნის წარმომადგენლად. ეს გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს და ამისთვის ჩვენც თავი არ უნდა დავზოგოთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან ღონისძიების დატოვების შემდეგ.

SIBF, CELA, MELA და SEALA - ს ქსელები მოიცავენ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა აშშ, ლიბანი, ქუვეითი, იორდანია, საუდის არაბეთი, იემენი, ომანი, კატარი, არაბეთის გაერთიანებულ ემირატები, ბაჰრეინი, სინგაპური, ინდოეთი, კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნები და სხვა. თვით CELA (Central Eurasia Leadership Alliance) წარმოადგენს ახალგაზრდა ლიდერთა ქსელს, რომელიც 2002 წელს დააარსა ამერიკელ ბიზნესმენთა ასოციაციამ (SIBF) და რომელიც ამ დროისათვის 400-მდე ლიდერს აერთიანებს. ქსელის მიზანია, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის პროფესიული და საქმიანი კავშირების გაღრმავება, გამოცდილების გაზიარებისთვის საჭირო პლატფორმის შექმნა და რეგიონის ახალგაზრდა, წარმატებული ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება. CELA რვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს, ყირგიზეთს, ყაზახეთს, ტაჯიკეთს, უზბეკეთს, თურქმენეთს და, ასევე, ავღანეთს მოიცავს. CELA-ს წარმატების გათვალისწინებით, SIBF-მა მოგვიანებით ხელი შეუწყო ორი მსგავსი ქსელის ჩამოყალიბებას მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც - MELA ახლო აღმოსავლეში შეიქმნა, ხოლო SEALA - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

სამიტი 4 აგვისტოს გაიხსნა და 7 აგვისტოს დაიხურება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100