სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თვითგამოცხადებული პრეზიდენტები მოსკოვში აღესრულებიან

სერგეი ბაღაფში მეორეა, რომელიც აფხაზეთის თვითგამოცხადებული პრეზიდენტებიდან მოსკოვში გარდაიცვალა. მანამდე, 2005 წელს ასევე მოსკოვში მოკვდა ვლადისლავ არძინბა, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე იძულებული გახდა ხელახლა კენჭისყრაზე ეთქვა უარი, მძიმე ავადმყოფობის გამო.

სამაგიეროდ, სერგეი ბაღაფში პირველი თვითგამოცხადებული პრეზიდენტია, რომლის ხსოვნას პატივს თვით რუსეთის პრეზიდენტი მიაგებს: უკვე ცნობილია, რომ პანაშვიდზე მისვლას დიმიტრი მედვედევიც აპირებს.

ჯერჰერობით უცნობია, გამოუშვებენ თუ არა ოფიციალურ დელეგაციებს სოხუმში ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ. რუსეთის ოფიციალური დელეგაცია რომ ჩამოვა, ეჭვგარეშე ცნობილია...

სერგეი ბაღაფშს მოსკოვში მარჯვენა ფილტვზე ოპერაცია ჩაუტარეს. პუტინის დავალებით, პაციენტს განთქმული დასტაქრები ადგნენ თავს. ოპერაციის შემდეგ ბაღაფშმა თავი კარგად იგრძნო, მაგრამ მოკლე ხანში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, რადგან ფილტვებში ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზები იქნა აღმოჩენილი. ბაღაფშის გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. მას 2 ივნისს, მშობლიურ სოფელ ჯგერდაში დაკრძალავენ.

აფხაზეთში კი გრძელდება ბრძოლა ხელისუფლებისათვის, რომელიც სამ კანდიდატს შორის ჯერ კიდევ ბაღაფშის სიცოცხლეშივე დაუწყო. ამჟამად ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ალექსანდრე ანქვაბი ასრულებს, რომელსაც „ვიცე-პრეზიდენტის“ პოსტი ეკავა. ბაღაფშის შემცვლელებად ასევე მოიაზრებიან რაულ ხაჯიმბა და სერგეი შამბა. რასაკვირველია, მათი ბრძოლა ხელისუფლებისთვის, მხოლოდ სიმბოლურადაა მნიშვნელოვანი, რადგან, როგორც ყოველთვის, აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის ვინაობა კრემლში უნდა გახდეს მოწონებული და ვიზირებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100