სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თავისუფლების ქარტია" - მოქალაქის უსაფრთხოება თუ მისი თავისუფლების შეზღუდვა?

ლია ბარნაბიშვილი

აშშ-ში ქართველ ემიგრანტთა მომსახურების ხელმძღვანელი ენათმეცნიერებათა დოქტორი სახელმწიფო მართვის მაგისტრი

საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ “თავისუფლების ქარტია” მესამე მოსმენით დაამტკიცა. ქარტიამ, რომელიც “ლუსტრაციის შესახებ კანონსა” და, “პატრიოტის აქტს” აერთიანებს, ქართულ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ძირითადად, ორი ურთიერთსაპირისპირო აზრი გამოიკვეთა: ერთ-ერთის მიხედვით, ამგვარი კანონის მიღება დაგვიანებულიც კი არის, იგი ჯერ კიდევ XX ს-ის 90-იან წლებში უნდა მიგვეღო, ხოლო მეორის მიხედვით, რომელიც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის, ადამიანის უფლებების დამცველისა და პოლიტიკოსის შეხედულებას გამოხატავს, აღნიშნული კანონი ანტიკონსტიტუციურია, “ამ კანონს მოჰყვება კვლავ ნგრევა, კვლავ ბრძოლა სიმბოლოებთან, ბრძოლა ქარის წისქვილებთან, მან საზოგადოებაში შეიძლება გარკვეული დაპირისპირება გამოიწვიოს”.

განსაკუთრებით აკრიტიკებენ “პატრიოტის აქტს”, რომელიც მათი აზრით, არღვევს ადამიანის უფლებებს და აფართოებს სამართალდამცავების უფლებებს, რაც ქვეყანაში პოლიციური რეჟიმის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

აღნიშნული კანონი, ნამდვილად გააფართოებს სამართალდამცავი ორგანოების უფლებებს, იგი გარდა იმისა, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების მკაცრ მონიტორინგს ითვალისწინებს, ასევე, არ გამორიცხავს მათ უფლებას, მოსთხოვონ ბანკებს ინფორმაცია მათი კლიენტების შესახებ, განახორციელონ სატელეფონო მოსმენები, ჩხრეკები და სხვა სახის მონიტორინგი საქართველოს მოქალაქეების საქმიანობაზე, ეს და ასევე, ყოფილი ე.წ. “საბჭოთა ნომენკლატურების” გამოვლენა, მათი სამსახურიდან გათავისუფლება, საბჭოთა სიმბოლოების აკრძალვა რბილად რომ ვთქვათ, ძალზე დიდ უხერხულობას გამოიწვევს.

უდავოა, ყოველგვარი შეზღუდვა, აკრძალვა, კონტროლი, ნებისმიერ ინდივიდში ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს და წინააღმდეგობის გაწევის სურვილს აჩენს. ამგვარი დამოკიდებულება განსაკუთრებულ სიმძაფრეს იძენს ჩვენს ქვეყანაში ახლა, რადგან ერთის მხრივ, ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომლის ერთ-ერთ პრიორიტეტს ადამიანის თავისუფლება და მისი უფლებების დაცვა წარმოადგენს, მეორეს მხრივ ვიღებთ იმგვარ კანონს, რომელიც გარკვეულად ზღუდავს ამ უფლებებს. ამიტომ, გასაგებია ის აზრთა სხვადასხვაობა, რაც აღნიშნულ კანონს ახლავს. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რატომ არის ამგვარი კანონის მიღება აქტუალური და აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის დღეს.

დავიწყოთ იმით, რომ ადამიანის უფლებების დამცველ ისეთ ქვეყანაშიც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია “პატრიოტის აქტი”, რომელიც ძალაში შევიდა 2001 წლის 26 ოქტომბერს (2001 წლის 11 სექტემბერს “ტყუპებ”-ზე ტერორისტული აქტის განხორციელების შემდეგ), დღემდე მოქმედებს. იგი ითვალისწინებს საკუთარი ქვეყნის - აშშ მოქალაქეების მონიტორინგს მათ მიერ განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე, ელექტრონულ გზავნილებზე, ინტერნეტის ხმარებაზე, ფინანსურ ოპერაციებზე, მათ მიერ წაკითხულ ლიტერატურაზე, მათ მგზავრობაზე, სხვა ინდივიდებთან პირად ურთიერთობაზე, მათ სამედიცინო, სამსახურებრივ და სხვ. სფეროზე, ინდივიდის პირადი ნივთებისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკას ამ ინდივიდის წინასწარი გაფრთხილების გარეშე. აშშ-ში მუშაობს აგენტურის უზარმაზარი ქსელი. აგენტები მოტყუებით შედიან კონტაქტში პიროვნებებთან, მათი ნდობის მოპოვების პარალელურად ახორციელებენ ამ პიროვნებებზე თვალთვალს, მისი საქმიანობის ვიდეოფირზე გადაღებას, სატელეფონო მოსმენას და სხვ. მრავალი თვის მონიტორინგის შემდეგ, საკმარისი სამხილის შეგროვების შემთხვევაში, ხდება ამ პიროვნებების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ “პატრიოტის აქტის” მიხედვით ამგვარი მონიტორინგის ქვეშ შესაძლოა მოექცნენ არა მხოლოდ ტერორიზმის მცდელობაში შემჩნეული პირები, არამედ აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები–აშშ-ს მოქალაქეები, მცხოვრები ამერიკის შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ,

ისმის კითხვა: ილახება თუ არა “პატრიოტის აქტი”-თ ადამიანის უფლებები ადამიანთა უფლებების ისეთ დამცველ ქვეყანაში, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებია? ეს საკითხი თავად აშშ-ს მოქალაქეებსაც აწუხებთ. ამიტომაა, რომ ამ აქტმა მისი ძალაში შესვლიდან დღემდე რამდენიმე ცვლილება განიცადა (მაგ. 2006 წლის 9 მარტს, 2009 წლის 31 დეკემბერს; 2010წლის 25 თებერვალს). დღემდე მოსაზრებები ამ აქტის შესახებ აშშ-ში დიამეტრულად განსხვავებულია, უფრო მეტიც, ზოგიერთი ამ აქტს ანტიკონსტიტუციურადაც კი მიიჩნევს. მაგრამ, მეორეს მხრივ, გავიხსენოთ 1993 წლის 26 თებერვალი, როცა ტერორისტებმა აშშ-ში, “მსოფლიო სავაჭრო ცენტრი”-ს ავტოფარეხში ბომბი ააფეთქეს. ტერორისტული აქტი გათვლილი იყო მრავალრიცხოვან მსხვერპლზე. 6 ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაიჭრა, 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებულმა ტერაქტმა კი უკვე ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. მან მრავალი ადამიანის ფიზიკური, მორალური ტრავმა და დანგრეული “ტყუპები”-ს ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებში მონაწილე ადამიანებში დღემდე განუკურნებელი მძიმე დაავადებები გამოიწვია. ისმის კითხვა: შედგებოდა თუ არა ამგვარი ფართომასშტაბიანი ტერაქტი “პატრიოტის აქტი” მიღებული რომ ყოფილიყო აშშ-ში 2001წ. 11 სექტემბრამდე? რასაკვირველია, ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა ძნელია, მაგრამ ერთი რამ ცხადია. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტმა აჩვენა, რომ აშშ-ს უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა მოუქნელი და არაეფექტური იყო. ამიტომ გახდა აუცილებელი “პატრიოტის აქტის” მიღება 2001 წელს. ალბათ სწორედ ამ აქტის დამსახურებადაც უნდა იქნას მიჩნეული ის ფაქტი, რომ 2001წლის შემდეგ აშშ-ში მრავალი ტერორისტული გეგმა იქნა გამჟღავნებული, რის გამოც ქვეყანა ბევრჯერ გადაურჩა ფართომასშტაბიან ტერაქტებს, ისეთებს, რომლებიც მაგალითად, ითვალისწინებდა “ჰოლანდისა” და “ლინკოლნის” გვირაბების აფეთქებას ან 2010 წლის ოქტომბერში, ვაშინგტონში ყველაზე ხალხმრავალი მეტრო სადგურის აფეთქებას. ასე, რომ “პატრიოტის აქტი” ერთის მხრივ, მართალია, ზღუდავს ადამიანების სამოქალაქო უფლებებს აშშ-ში, მაგრამ მეორეს მხრივ, თვით ამ ადამიანების და საბოლოო ჯამში მთელი ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურება.

რაც შეეხება საქართველოს, მისი ტერიტორიის ნაწილი დღეს ოკუპირებულია. ოკუპანტი დედაქალაქიდან 40კმ-ში დგას და საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას გამუდმებულ საფრთხეს უქმნის. ყველანი მოწმე ვართ იმისა, თუ როგორ ცდილობს რუსეთი საქართველოს პოლიტიკურ თუ სხვა სპექტრში იპოვოს დასაყრდენი საქართველოში საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, რისთვისაც იგი ფართოდ იყენებს როგორც საკუთარ აგენტებს, ისე საქართველოს შიგნით მცხოვრებ ინდივიდებს. ამის საუკეთესო მაგალითია სპეც.ოპერაციების შედეგად გამოვლენილი საქართველოს მრავალი მოქალაქე, მათ შორის ქართველები, და ასევე, საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ კრემლის დასაყრდენს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ძირითადად, სწორედ ყოფილი “საბჭოთა ნომენკლატურები” წარმოადგენენ.

აქედან გამომდინარე, “პატრიოტის აქტი”- ს ამოქმედება, სამართალდამცველებისთვის გადაჭარბებული უფლებების მინიჭება, ქვეყანაში პოლიციურ რეჟიმს კი არ დაამკვიდრებს (ისევე, როგორც აშშ არ წარმოადგენს პოლიციურ ქვეყანას მიუხედავად იმისა, რომ იქ, როგორც უკვრ აღვნიშნე, დღესაც მოქმედებს “პატრიოტის აქტი”), არამედ მათ მისცემს საშუალებას ჩვენი ქვეყნის შიგნით გამოავლინონ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც თავისი მოღალატეობით ჩვენს მტერს საკუთარი ზრახვების საქართველოში განხორციელებაში უწყობენ ხელს. ქვეყნის შიგნით ამგვარი მოქალაქეების გამოვლენა თავისთავად ქვეყნის გარედან მომავალი საფრთხეების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს. ამით შესაძლებელი იქნება დაცული იქნას საქართველოს თითოეული მოქალაქე (და აქედან გამომდინარე - ადამიანის უფლებები) და საბოლოო ჯამში სახელმწიფოს უსაფრთხოება. ეს კი საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესებში შედის.

სანერვიულო ექნება მხოლოდ მას, ვისაც ეშინია მისი ნამდვილი სახის გამომჟღავნებისა ამგვარი მონიტორინგის შედეგად. როგორც ზემოთ აღვნიშნე, უთანხმოებას იწვევს, ასევე, საქართველოში საბჭოთა ბოლშევიკური სიმბოლიკის აკრძალვის საკითხი. ზოგიერთის აზრით: “რას ვერჩით საბჭოთა სიმბოლიკას, ის ხომ ჩვენი ისტორიის ნაწილია, ნუ შევეხებით მას, მეტი საქმე არა გვაქვს დღეს?”. კითხვაზე, თუ რატომ უნდა აიკრძალოს ჩვენს ქვეყანაში საბჭოთა სიმბოლოები, გაგვიადვილდება პასუხის გაცემა, თუ გავაანალიზებთ, რას გამოხატავს საბჭოთა სიმბოლო, აქვს თუ არა მას რაიმე დატვირთვა და რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა იქნას თუ არა საბჭოთა სიმბოლო მიჩნეული ჩვენი ქვეყნის მხოლოდ ისტორიის ნაწილად.

პასუხის გაცემაში “სვასტიკის” მაგალითი დაგვეხმარება. ცნობილია, რომ სიმბოლო წარმოადგენს ამა თუ იმ იდეოლოგიის ფიზიკურ გამოხატულებას მაგრამ, მივაქციოთ ყურადღება იმ ფაქტს, რომ გერმანიაში სვასტიკა აიკრძალა. განა არ შეეძლოთ გერმანელებს მიეჩნიათ, რომ სვასტიკა და მისით გამოხატული იდეოლოგია ეს უბრალოდ, მათი ქვეყნის ისტორიაა და თუ ეს სიმბოლო თანამედროვე გერმანიაშიც იქნებოდა გამოყენებული, ის და მისით გამოხატული იდეოლოგიაც მხოლოდ და მხოლოდ მათი ქვეყნის წარსულად და მისი ისტორიის ნაწილად აღიქმებოდა? აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად სიმბოლოს მხოლოდ ესთეტიური თუ არქიტექტურული ღირებულება კი არა, უზარმაზარი შემეცნებითი ფუნქციაც გააჩნია, ნებისმიერ ქვეყანაში არსებული სიმბოლო შესაძლოა აღქმული იქნას, როგორც არა მხოლოდ ამ ქვეყნის წარსული, არამედ აწმყო იდეოლოგიის გამომხატველიც.

რას გამოხატავენ საბჭოთა სიმბოლოები? ისინი გამოხატავენ საბჭოთა იდეოლოგიას, რომელმაც ჩვენს სამშობლოს მოუტანა ქართული ინტელიგენციის და სამღვდელოების საღად მოაზროვნე ნაწილის თითქმის პირწმინდად განადგურება, თითქმის ყოველი მესამე ქართველი მამაკაცის დაღუპვა მე-2-ე მსოფლიო ომში, ათეულ-ათასობით მშვიდობიანი ქართველის ფიზიკური განადგურება, უამრავი ქართული სოფლისა და დაბის აღგვა პირისაგან მიწისა, შატილის დანგრევა, ხევსურთა ამოჟლეტა და გადასახლება, “მუჯაჰირობა”, ქართული ეკლესიების შებილწვა, ქართული ენის სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის მცდელობა, უამრავი სისხლი, ნგრევა და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვა. ჩაბარდა თუ არა საბჭოთა იდეოლოგია და მისი გამომხატველი სიმბოლოები წარსულს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება იმის გაანალიზება, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი რუსეთი,

შეიცვალა თუ არა დღეს მისი იდეოლოგია და აქედან გამომდინარე, მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ? რუსეთის იდეოლოგიის მამამთავრები, საბჭოთა კავშირის დაშლას უდიდეს შეცდომად მიიჩნევენ. ამის დასტურია დღევანდელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, იქ მოწყობილი ქართველთა გენოციდი, საკუთარი მიწა-წყლიდან აყრილი ათასობით ქართველი ლტოლვილი, საერთაშორისო სარბიელზე არაცივილიზებული მეთოდებით ქმედება, მაგ. მის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებების იგნორირება და მრავალი სხვა. და მისი გამუდმებული მცდელობა დაანგრიოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა, გაანადგუროს მისი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ასე, რომ თანამედროვე რუსეთი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეა. არც მისი იდეოლოგია და არც მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ შეცვლილა, აქედან გამომდინარე, საბჭოთა სიმბოლოებიც არა მხოლოდ წარსულ, არამედ თანამედროვე რუსეთის იდეოლოგიასაც გამოხატავენ. ამიტომ, საბჭოთა სიმბოლოების აკრძალვით საქართველო “ქარის წისქვილებს” კი არ ებრძვის, არამედ თავის დამოკიდებულებას გამოხატავს წარსულში, საბჭოთა კავშირის და დღეს, მისი სამართალმემკვიდრე რუსეთის იდეოლოგიის მიმართ, რომელსაც ეს სიმბოლოები გამოხატავენ.

ამგვარად, “თავისუფლების ქარტია” განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს დღეს. იგი საქართველოს თითოეული მოქალაქის და ამავდროულად, საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების გაძლიერებას ემსახურება.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100