სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბადრი ბიწაძე საქართველოდან ცხინვალის გავლით გაიქცა

ბადრი ბიწაძემ საქართველო ცხინვალის გავლით დატოვა - ამის შესახებ „პრესა.ჯი“-ს სანდო წყარომ შეატყობინა.

„პრესა.ჯი“ შეეცადა ამ ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში და ადმინისტრაციის უფროსს, შოთა ხიზანიშვილს დაუკავშირდა. შოთა ხიზანიშვილმა „პრესა.ჯი“-ს დაუდასტურა, რომ ბადრი ბიწაძე საქართველოში აღარ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ბადრი ბიწაძე 26 მაისის მოვლენების შემდეგ არ გამოჩენილა. მისი მეუღლე, ნინო ბურჯანაძე დღემდე აცხადებს, რომ მეუღლის ადგილსამყოფელი არ იცის და არც აინტერესებს.

შსს-მ რამდენიმე დღის წინ ფარული ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელიც რესტორან „ზღაპარშია“ გადაღებული. ვიდეოჩანაწერში კარგად ჩანს, როგორ გეგმავს არეულობებს ქვეყანაში ნახევრადგასამხედროებული ჯგუფების მეშვეობით ბადრი ბიწაძე, თანამზრახველებთან ერთად. გამოიკვეთა ასევე ბადრი ბიწაძის საიდუმლო კავშირები მოსკოვში მყოფ „მხედრიონის“ ერთ-ერთ ლიდერთან და შევარდნაძისდროინდელი მთავრობის შს მინისტრთან, თემურ ხაჩიშვილთან, რომელსაც, თავის მხრივ, ახლო კავშირი აქვს რუსეთის სპეცსამსახურებთან.

ბიწაძე არეულობების ინიციატორად და ხელმძღვანელად სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ბრალდებით დაკავებულმა პირებმა, მათ შორის, გადამდგარმა გენერალ-მაიორმა, გია უჩავამაც დაასახელა. უჩავას თქმით, ბადრი ბიწაძეს 23 მაისიდან უნდა აეღო ხელში მასობრივი არეულობის მოწყობის ხელმძღვანელობა.

გამოქვეყნებული მასალების შემდეგ ბადრი ბიწაძე არც ოჯახის წევრებთან და არც ჟურნალისტებთან არ კონტაქტობდა. მისი ადგილსამყოფელი და გადაადგილების მარშრუტიც უცნობი იყო. როგორც ჩანს, ბადრი ბიწაძემ საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მის წინააღმდეგ მრავალი მტკიცებულება დაგროვდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100