ბაქოში ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაქოში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქო 2015 - პირველი ევროპული თამაშების გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად, შვილებთან - ნიკოლოზსა და ანდრიასთან ერთად ჩავიდა.

ბაქოში ვიზიტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრით დაიწყებს.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება ილჰამ ალიევის სახელით გამართულ მიღებას, მოინახულებს ქართველ სპორტსმენებს ათლეტთა სოფელში, სადაც ილჰამ ალიევის მეუღლე, მეჰრიბან ალიევა სპორტსმენებისთვის მისასალმებელ ღონისძიებას გამართავს.

12 ივნისს კი, საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ბაქო 2015 - პირველი ევროპული თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება.

ოლიმპიადაში, სპორტის 20 სახეობის 253 დისციპლინაში 50 ქვეყნის 6 ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. აზერბაიჯანში 105 ქართველი ათლეტი სპორტის 17 სახეობაში იასპარეზებს.

საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან - ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში ტარიელ ხიზანაშვილი, აზერბაიჯანის დედაქალაქს 13 ივნისს დატოვებს.

კომენტარი