სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ხალხის გამყიდველი, მოღალატე, არაკაცი“...

საქართველოს მოქალაქეებს ჯერ კიდევ არ მოშუშებიათ ის ჭრილობა, რომელიც 1991-92 წლებში განხორციელებული სისხლიანი გადატრიალების გამო მიიღეს. მაშინ, კიტოვანმა და სხვებმა ქვეყანა სისხლიან ომში ჩაითრიეს, რასაც შედეგედ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ხელისუფლების სამხედრო ძალით დამხობა, რუსთაველზე გაჩაღებული ძმათამკვლელი ომი და ათასი სხვა უბედურება მოჰყვა.
ალბათ ბევრ თქვენგანს დღემდე ახსოვს ის ავბედითი დღეები, სისხლისფრად რომ იყო შეღებელი ქვეყნის დედაქალაქის მთავარი ქუჩა – რუსთაველი.
თუმცა, მიუხედავად ამისა, პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი დღესაც იგივეს გამეორებას აპირებს და კვლავ აჯანყებასა თუ ხელისუფლების დამხობაზე ფიქრობს.
ერთად გავიხსენოთ როგორ აფასებენ დღეს მთავარი გადამტრიალებლის, თენგიზ კიტოვანის სისხლიან „შემოქმედებას“. „დრონი.ჯი“-მ სპეციალურად თქვენთვის აკინძა ის გამონათქვამები, რომლითაც ისინი კიტოვანს ამკობდნენ.
ტარიელ ფუტკარაძე, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების უზენაესი საბჭოს წევრი: თენგიზ კიტოვანი არის რუსული ცულის ტარი, რომელიც ერთჯერადად მოიხმარა რუსეთმა 1991-93 წლებში საქართველოს დამოუკიდებლობის წასაქცევად, რომელსაც, საქართველოს მტრები და გულუბრყვილოები, ამ ომს, „სამოქალაქო ომს“ უწოდებენ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი: თენგიზ კიტოვანი არის ჩვეულებრივი პუტჩისტი, მან უღალატა იმ კაცს რომელიც ენდობოდა და რომელმაც ხელმოცარული მხატვარი ხელისუფლებაში მოიყვანა. კიტოვანმა არა მარტო ზვიად გამსახურდიას, ქართველ ხალხს უღალატა.

გიორგი გაჩეჩილაძე: „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი: თენგოზ კიტოვანს უდიდესი წვლილი მიუძღვის ყველა იმ უბედურებაში, რაც დღეს საქართველოში ხდება. კიტოვანი არის ჩვეულებრივი პუტჩისტი, რომელმაც საკუთარ ამბიციებს ქვეყანა გადააყოლა, რუსეთსა და სხვათა დახმარებით, ცხადია.

გია ბურჯანაძე, „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის ლიდერი: თენგიზ კიტოვანი მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი გადამტრიალებელია.

პაატა ზაქარეიშვილი: თენგიზ კიტოვანს ბევრი დანაშაული აქვს ჩადენული ქვეყნის წინაშე, ის მოქმედებდა ჯერ რუსეთის დაკვეთით, გარკვეული ძალების ზეგავლენით, ხოლო როცა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დაემხო - შევარდნაძესთან შეთანხმებით.

მამუკა კაციტაძე: თენგიზ კიტოვანი იმის კლასიკური მაგალითია, თუ როგორ შეიძლება უინტელექტობამ, უგონობამ, არაკომპოტენტურობამ, უმეცრებამ, ჯერ პრეტენზია განაცხადოს და შემდეგ განახორციელოს ქვეყნის მმართველობა.

ლევან ბერძენიშვილი: თენგიზ კიტოვანმა ქართველი ხალხის სისხლში გაისვარა ხელი, მეც ვიყავი იმ პროცესების მონაწილე და მომსწრე, მაგრამ იარაღის ძალით, ხელისუფლების დამხობის მოსურნე არ ვყოფილვარ, ვისაც იარაღი ჰქონდა, ჯარი ჰყავდა, ის იღებდა გადაწყვეტილებას და ეს სწორედ კიტოვანი იყო.
ირინა ტალიაშვილი: ანტიქრისტე - ეს არის თენგიზ სიგუა, თენგიზ კიტოვანი კი კიტოვანს მოუწევს პასუხისმგებლობა იმ ცოდვებზე, რაც მას მრავლად მიუძღვის ქართველი ხალხის, საქართველოს წინაშე. ის არის უსინდისო ადამიანი.
ფიქრია ჩიხრაძე: მან უღალატა ყველას და ყველაფერს, რაც ასე წმინდა და ძვირფასია ყველა ნორმალური ადამიანისთვის - სამშობლოს, საკუთარ ხალხს, საკუთარ მეგობრებს, ზვიად გამსახურდიათი დაწყებული და გააჩაღა ძმათამკვლელი ომი, რითაც უფლის ნების წინააღმდეგ წავიდა. მან ქრისტიანულ რწმენასაც უღალატა, თუკი ასეთი რამ გააჩნია, საერთოდ.

გურამ პეტრიაშვილი: თენგიზ კიტოვანი სატანის მოციქულია. მე ახლა არ ჩამოვთვლი ყველა იმ ცოდვას, რაც მას ჩაუდენია - იმ ქვეყნად რომ წავა, და განიკითხავენ, აი, მაშინ სათითაოდ შეახსენებენ ყველაფერს. მე გულწრფელად მეცოდებიან კიტოვანის შვილები, შთამომავლები, რომელთაც უნდა იცხოვრონ საქართველოში ერის, ხალხის გამყიდველი, მოღალატე, არაკაცი მამის, ბაბუის თუ წინაპრის შთამომავალთა სახელით.
ამ ადამიანს კარგახანს ვერ მოიცილებენ ისინი, მანამდე, ვიდრე ზვიად გამსახურდია და ის ავბედითი სახელმწიფო გადატრიალება ემახსოვრება ქართველ ხალხს.
ნუგზარ წიკლაური: თენგიზ კიტოვანს ნამუსი რომ ჰქონდეს, საკუთარი ფეხით უნდა მივიდეს ციხეში, ჩაჯდეს და მთელი ცხოვრება მონანიებაში გაატაროს. მაგრამ ამ კაცს ნამუსი არ გააჩნია ის 1991 წლის აგვისტოში გაყიდა, როცა გვარდია ტყეში გაიყვანა ცხადია, ფულზე გაყიდა და რუსებს მიჰყიდა, ფულზე და ძალაუფლების, თანამდებობის პერსპექტივაზე.
ნუგზარ მოლოდინაშვილი: თენგიზ კიტოვანი ზვიადის დამახობელი და ძმათამკვლელი ომის ერთ-ერთი მთავარი გამჩაღებელი იყო.
ზვიად ძიძიგური: ზვიადს რატომ ჰყავდა მოღალატეები გვერდითო, ახლა აკრიტიკებს ზოგიერთი. რატომ არ უღალატეს სხვებმა, იმას რატომ არ ამბობენ? თენგიზ კიტოვანი ბუნებით მოღალატე და გამყიდველი კაცია, ის ზვიადს კი არა, იუდას როლს იტვირთავდა და მაცხოვარს გასცემდა. Aასეა, კაცი რომ მოღალატე და გამყიდველია, ის ღმერთსაც უღალატებს და გასწირავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100