ვინ იყო ზურაბ ნოღაიდელი, ანუ დაღლილი ვირის სინდრომი

წლების წინ, მას იმდენიც არ ჰქონდა, რომ ცალ-ცალი კალოში ეყიდა და თბილისში ფეხშიშველი ჩამოვიდა. სევდიანი სახის ახალგაზრდა კაცი, ზურაბ ჟვანიას "მოქალაქეთა კავშირში" ახლობელმა მიუყვანა.
მზეჭაბუკებად მონათლული ახლაგაზრდა მოქკავშირლების გვერდით, ნოღაიდელის მთავარი ღირსება, იძულებითი დუმილის უნარი გახლდათ. მასთან ჟურნალისტსაც არ უშვებდნენ იმის გამო, რომ ნოღაიდელი სათქმელს თავს ვერ მოუყრიდა. ზურაბის ერთადერთი ფუნქცია კი, წლების განმავლობაში დეპუტატის პულტზე ხელის დაჭერა იყო, თან რამდენიმე პულტზე.
ჟურნალისტებს კარგად ახსოვთ, მამა ნოღაიდელზე უკეთ როგორ საუბრობდა მისი ვაჟი, როცა მას კედელზე ”მიჭედებულ” შევარდნაძის სურათზე ჰკითხეს ვინ არისო. "ყველეის ბაბუე", - იყო მისი პასუხი მაშინ. ვინ ვინ და, ზურაბ ნოღაიდელს კარგად სცოდნია, რა უნდა ესწავლებინა შვილისთვის იმ კითხვის პასუხად, რომელიც ედუარდ შევარდნაძეს ეხებოდა. საინტერესოა, რას უპასუხებს დღეს თავად ნოღაიდელი, კითხვაზე, ვინ იყო მისთვის გნებავთ შევარდნაძე და გნებავთ ზურაბ ჟვანია? თუმცა, ნოღაიდელმა იცის ვირეშმაკობა და კარგად მოეხსენება, რომ გაოპოზიციონერებულს, არ ეხელსაყრელება ედუარდის ხსენება, სამაგიეროდ, გამოადგება ზურაბ ჟვანიას სახელი. ამ უკანასკნელის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ, ნოღაიდელი წარბშეუხრელად კადრულობს ეჭვების გამოთქმას, თითქოს თუ რამე იცოდა, ამ 5 წლის განმავლობაში ვერ იტყოდა. ექს-პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ ზურაბ ჟვანიას დროს, ქართული მედიის საშუალებით საზოგადოებას ხშირად აღვრევინებდა ცრემლებს უბინაობის პრობლემის გამო. წლების განმავლობაში, მისი ბინის ქირას პარლამენტი იხდიდა. პარალელურად კი მიმდინარეობდა მილიონების გროვება, რაც როგორც ბოროტი ენები ამბობენ, მისი პრემიერ-მინისტრობის ბოლო წუთებამდე გრძელდებოდა.
დღეს ნოღაიდელი ერთ-ერთი მილიონერია, თან იმდენად მილიონერი, რომ ფულის გადაყრა ფუჭ ლოზუნგებში და ოპოზიციაშიც კი არ ენანება. ნათქვამია, ქარის მოტანილი ისევ ქარს მიაქვსო და თუ ბიუჯეტიდან ხალხისთვის წართმეულ ფულს ისევ ხალხს დაურიგებს, თუნდაც “ხალხის გადაბირების” მიზნით, ჩაითვლება, რომ მისი პოლიტიკაში ოდესმე ყოფნა ასე თუ ისე, მაინც გამართლებული იყო.

კომენტარი