სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილი ესტონეთის პარლამენტის პრეზიდენტს, ეიკი ნესტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ტალინში გრძელდება. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პარლამენტის პრეზიდენტს, ეიკი ნესტორს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა, მასპინძელთან ერთად, პარლამენტის ისტორიული შენობა დაათვალიერა და საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

“ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გავაფართოოთ თანამშრომლობა საქართველოსა და ესტონეთს შორის, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი მიმართულებით, რაც ორივე ქვეყანას სარგებელს მოუტანს,”-ნათქვამია ჩანაწერში.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა სახელმწიფოთაშორისი საპარლამენტო ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ შექმნილია პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ქვეყნის ევროპული კურსისადმი ურყევი მხარდაჭერა ესტონეთის პარლამენტმა არაერთხელ დაადასტურა მიღებული რეზოლუციებითა და განცხადებებით.

ეიკი ნესტორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებებისადმი-გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრი.

ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონეთის პარლამენტის პრეზიდენტის პირად წვლილზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა მას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის გზაზე აღმოჩენილი დახმარებისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100