სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უსუფაშვილი ისაფრანგეთის სენატის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა შეხვედრა საფრანგეთის სენატის წევრებთან-პასკალ ალიზარდთან და ჟიზელ ჟურდასთან გამართა.

დავით უსუფაშვილმა ფრანგ სენატორებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათი საქართველოში სტუმრობა ნაყოფიერი იქნება. პარლამენტის თავმჯდომარემ სენატის წევრებს ევროპასთან ასოცირების პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვისაც გადაუხადა მადლობა და იმედი გამოთქვა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი მალე დასრულდება. დავით უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ამაყად აგრძელებს მეგობარ ქვეყნებთან ერთად საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი მუშაობა მსოფლიოს მეტ სტაბილურობას და მშვიდობას მოუტანს, ხოლო საქართველო ამ საქმეში დემოკრატიული თანამეგობრობის საიმედო პარტნიორად დარჩება.

ფრანგი სენატორებს ინფორმაციით, მათი საქართველოში ვიზიტის მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შესახებ ანგარიშის მომზადებაა. როგორც სენატორებმა აღნიშნეს, მათ უკვე გამართეს შეხვედრა საფრანგეთში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ახლა სურთ, ადგილზე გაეცნონ ვითარებას. საფრანგეთის სენატის წევრების განცხადებით, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მიმდინარეობის, სარგებელის და პერსპექტივების შესახებ მისი პოლიტიკური ხედვების უკეთ გასაგებად.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის მიესალმება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გადახედვას და შესაბამის დოკუმენტს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ინდივიდუალურ მიდგომას მიანიჭებს უპირატესობას.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებაც. როგორც აღინიშნა, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ და ასე გაგრძელდება მომავალშიც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100