სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედაქალაქის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ყურადღება რამდენიმე საკითხზე, მათ შორის, განაშენიანების რეგულირების წესებში დაგეგმილ ცვლილებებზე გაამახვილა. რეგულირების წესების ახალი რედაქცია, რომელიც ამ ეტაპზე, დამუშავების პროცესშია, უახლოეს მომავალში საკრებულოს წარედგინება.

ერთ-ერთი მთავარი ცვლილება კ2 კოეფიციენტის მომატებასთან დაკავშირებით დროებით შეზღუდვებს შეეხება, კერძოდ, ქალაქის ქაოტური განაშენიანების თავიდან აცილების მიზნით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობის დასრულებამდე, დაწესდება დროებითი შეზღუდვა კოეფიციენტების მატებასთან დაკავშირებით და კ2 კოეფიციენტის მომატება, საკრებულოს მიერ დამტკიცების შემდეგ, მხოლოდ ერთჯერადად იქნება შესაძლებელი.

ამასთან, კოეფიციენტის მატებაზე გამკაცრდება გამონაკლისის დაშვების დასაბუთების წესიც, რაც შეამცირებს კ2 კოეფიციენტის მომატებაზე ნებართვების გაცემის ინტენსივობას და დედაქალაქის მთავრობას თბილისში ქაოტური მშენებლობების დარეგულირების შესაძლებლობას მისცემს.

გაიზრდება მიწის ნაკვეთის გამწვანების მინიმალური კოეფიციენტიც და კ3 10%-ის ნაცვლად, 20%-ით განისაზღვრება - აღნიშნული ხელს შეუწყობს ქალაქში კიდევ უფრო მეტი მწვანე სივრცის გაჩენას.

რაც შეეხება კიდევ ერთ თემას, რაზეც ქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა, გზების ორმოული შეკეთება იყო.

„ამინდების გაუმჯობესებასთან ერთად დედაქალაქში გზების ორმოული შეკეთება აქტიურ ფაზაში შედის. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 50-მდე ქუჩაზე ორმოული შეკეთებები დასრულებულია. ამასთან, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კიდევ 15-მდე ქუჩის ორმოული შეკეთება და უახლოეს დღეებში სამუშაოები დაიწყება დამატებით 25 ობიექტზე,“ - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება საგზაო საფარის კაპიტალურ შეკეთებას, ამ დროისათვის მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები ორ 4 მილიონიან ტენდერზე, რომელთა ფარგლებშიც, კაპიტალურად შეკეთდება მდ. მტკვრის ორივე სანაპიროზე არსებული დაზიანებული გზები. ასევე, ერთ კვირაში, თბილისის მასშტაბით, დაიწყება საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები 6 მილიონიანი ხელშეკრულების ფარგლებში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა ისაუბრა, მერიის სტრუქტურაში დაგეგმილი ცვლილებებია. დავით ნარმანიას განცხადებით, იგეგმება ა(ა)იპ-ებისა და სსიპ-ის ნაწილის გაერთიანება, შერწყმა, რათა არსებული რესურსები სწორად იქნეს მობილიზებული და გადანაწილებული - საქმიანობის ეფექტურობის გაძლიერებისა და გაუმჯობესების მიზნით.

„გასულმა წელმა ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, რომ უკეთ გაგვეანალიზებინა და შეგვეფასებინა, თუ როგორი მმართველობა სჭირდება ქალაქს! დაგვესახა და შეგვემუშავებინა ის მთავარი პრინციპები და მიდგომა, რაც დედაქალაქის მთავრობას უფრო მეტად ეფექტურს გახდის! მაქსიმალურად უნდა იქნეს შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯები, რათა მოხდეს ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია - დედაქალაქის ბიუჯეტი კიდევ უფრო ეფექტურად მოხმარდეს თბილისს და თითოეული თბილისელის კეთილდღეობას,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100