სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„Единая Россия - партия жуликов и воров!“ – პლაკატის ავტორს უჩივლეს, მაგრამ ვერ იჭერენ

ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ და რომელიც ჩუვაშეთში, კერძოდ კი ქალაქ მორგაუშსკში მოხდა, საინტერესოა იმდენად, რამდენადაც სახელისუფლო პარტიის შეურაცხყოფისთვის მოქალაქეს უჩივლეს, ამ მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე კი მილიციამ უარი თქვა.

ალექსანდრე ნევალნის ბლოგზე გამოქვეყნებულ ამ ფოტოს და ისტორიას, რომელიც ავტორმა საკუთარ ბლოგზე დღეს განათავსა, უამრავი მნახველი, გამზიარებელი და კომენტატორი ჰყავს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ რუსულ ბლოგოსფეროში ამ ისტორიამ დღეისათვის არსებული ყველა რეკორდი უკვე მოხსნა. ფოტოზე აღბეჭდილი შენობა აგროფირმა „ლიდერს“ ეკუთვნის, რომელიც მორგაუშსკში მოქმედებს და მას ედუარდ მოჩანოვი უდგას სათავეში. სათაურში გამოტანილი პლაკატი: „Единая Россия - партия жуликов и воров!“ მისი კუთვნილი აგროფირმის შენობის ფასადზე 12 ივნისს გამოჩნდა და დღემდე იქვეა, ხოლო 14 ივნისს მოჩანოვის წინააღმდეგ მილიციის განყოფილებაში „ედინოროსების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ერთდროულად ორი წარმომადგენლის საჩივარი შევიდა, რომლებითაც საჩივრის ავტორები მოჩანოვის მიმართ ჭორისა და ცილისწამების გავრცელებისთვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვდნენ.

მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილზე შეისწავლა არსებული მდგომარეობა, მორგაუშსკის მილიციამ, არც მეტი, არც ნაკლები, მოჩანოვის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების მოტივაციაში ნათქვამია, რომ მისი ქმედება არ შეიცავს ბოროტი ჭორის მიზანმიმართულად გავრცელებას და არ არის მიმართული კონკრეტული პირის წინააღმდეგ. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა რეაქცია მოჰყვა მილიციაში გამოტანილ არაღძვრის დადგენილებას ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ფაქტია, რომ აგროფირმის ფასადზე პლაკატი ისევ გამოკრულია, ფირმის ხელმძღვანელი კი ჩვეულებრივად დადის სამსახურში.

მილიციის დადგენილებაში (დადგენილების ფოტოასლი სტატიას თან ერთვის) ნათქვამია, რომ ცოტა ხნის წინ ედუარდ მოჩანოვი „ედინაია როსიას“ ადგილობრივ ორგანიზაციაში გამოცხადდა და პარტიას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა, თანაც, რამდენიმე კონკრეტული ფაქტი დაუსახელა. მას შემდეგ, რაც მხოლოდ დაპირებები მიიღო და არა რეალური ქმედება, მოჩანოვმა კარგა ხანს იცადა და როცა მოთმინების ფიალა საბოლოოდ აევსო, აგროფირმის შესასვლელთან ზემოთხსენებული პლაკატი გამოფინა. ამავე დროს, „ედინაია როსიას“ მიერ დაწერილ საჩივარში აღნიშნულია, რომ „ე. მოჩანოვი აღარ დაელოდა „ედინაია როსიას“ მოქმედებას მისი დახმარების მიზნით“.

რუსი ბლოგერები ახლა მხოლოდ იმაზე მსჯელობენ, შეუერთდებიან თუ არა სამსახურის მაძიებელთა არმიას ადგილობრივი პოლიციის შეფი და ლეიტენანტი, რომელმაც დაწერა დასკვნა იმის შესახებ, რომ მოჩანოვის მიმართ სისხლის სამართლის აღძვრის კანონიერი საფუძველი არ არსებობს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100