სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარგველაშვილმა ქართველ დიპლომატებს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისათვის, რომელსაც დღეს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ახორციელებენ

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე - „ამბასადორიალი 2016“ ქართული დიპლომატიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მსოფლიოში და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილმა ქართველ დიპლომატებს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისათვის, რომელსაც დღეს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ახორციელებენ. „მოგესალმებით პატივცემულო საზოგადოებავ, მივესალმები ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის ამ უმნიშვნელოვანეს შეკრებას. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისათვის, რომელსაც თქვენ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ასრულებთ; მადლობა გადაგიხადოთ იმ ღვაწლისა და ტვირთისთვის, რაც საერთაშორისო იმიჯის განმტკიცების თვალსაზრისით გაკისრიათ. 2016 წელი, რა თქმა უნდა, აღსავსე იყო გამოწვევებით; იყო ბევრი სერიოზული პრობლემა და სირთულე, მაგრამ ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ იმ ფაქტს და იმ ვითარებას, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო მეტი გამოწვევების წინაშე დაგვაყენებს. თანამედროვე რეალობაში გამოუყენებელი შესაძლებლობები უკან დახევას ნიშნავს და ჩვენ უნდა ვიცოდეთ და ვიაზრებდეთ, რომ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ყველა ის შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომელსაც გვიხსნის ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური შესაძლებლობები. ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში, მსურს იმ შესაძლებლობებზე მოგახსენოთ, რომელსაც საქართველოს მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ-ტრანზიტულ პროექტები ქმნიან. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, აბრეშუმის გზა, TANAP, TAP და ტრანსრეგიონული თანამშრომლობის ისეთი პროექტები, როგორიცაა ტრანსკასპიური გაზსადენი და “ლაპის ლაზური”, გვიქმნის შესაძლებლობას, რომ მეტი პარტნიორი მოვიზიდოთ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მეტი ქვეყანა დავაინტერესოთ საქართველოს სტაბილურ განვითარებასა და პოტენციალის გაზრდაში, იმ შესაძლებლობებში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აძლევს არა მარტო რეგიონს, არამედ გლობალურად ევროპასაც და აზიასაც. აქვე გასათვალისწინებელია ის უმნიშვნელოვანესი მომენტი, რომ საქართველო მხოლოდ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდი კი არა, ევროპის შემადგენელი ნაწილია. ეს მესიჯი, რომელსაც ჩვენ ძალიან მტკიცედ ვაფიქსირებთ ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსში, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმასაც, რომ ჩვენ ვართ, ამავე დროს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა. ეს ლიდერობა უკვე ასახულია იმ შეთანხმებაში, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან. ამ თვალსაზრისით, ჩვენ უკვე გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, გვაქვს ასოცირების შეთანხმება და, ბუნებრივად, ამ შეთანხმებების გაგრძელებად, ჩვენ ველით თავისუფალი უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას, რომელიც უფრო გააღრმავებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას. ამასთანავე, ევროინტეგრაციის პროცესი არ ნიშნავს ურთიერთობას მხოლოდ ბრიუსელთან და ევროსტრუქტურებთან. მნიშვნელოვანია, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება ევროპის ყველა დედაქალაქთან. ჩვენ თანამშრომლობისა და ჩართულობის ფორმატი უნდა გავააქტიუროთ, ასევე შვედეთსა და ჩრილოეთ ევროპის ქვეყნებთან, ვიშეგრადის ოთხეულთან. ეს ის ფორმატებია, რომელიც უფრო აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული. ამასთან ერთად, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია აქტიურად დავაკვირდეთ იმ პროცესებს, რაც წარიმართება ევროკავშირში. ბრიტანეთის რეფერენდუმის იმ შედეგებს, რომელიც ბუნებრივად, გავლენას მოახდენს ევროპის პოლიტიკაზე მის უახლოეს პარტნიორებთან და ამ თვალსაზრისით, შესაძლებელია, საქართველოს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პერსპექტივები გაეხსნას. მე, ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს, რომ ვარშავაში NATO-ს სამიტზე, აქტიურად დადგა დღის წესრიგში შავი ზღვის უსაფრთხოების განხილვის საკითხი და საქართველო მოიაზრება ამ განხილვის აქტიურ პარტნიორად. ამ თვალსაზრისით, საქართველოს მართლაც უნიკალური მნიშვნელობა აქვს, რადგანაც აზიის განვითარებადი 14 ქვეყნიდან 8 ქვეყანას საქართველო უხსნის გზას და გასასვლელს ზღვაზე და ჩვენ ამ ფაქტორს, რომ შავი ზღვა პარტნიორობის და თანამშრომლობის მიმართულებით, უმნიშვნელოვანესი უნდა გახდეს, ჩვენ არაერთხელ გავუსვით ხაზი. ამასთანავე, ბუნებრივია, ამ კუთხით წინა პლანზე მოდის ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს შავ ზღვაზე და ჩვენს ჩრდილოელ პარტნიორთან. შესაძლოა, ნათლად შეფასდეს, რომ არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით, საქართველოში ლტოლვილებისა და დევნილების ღირსეულად დაბრუნებისათვის ჩვენს დიპლომატიას ნამდვილად წარმატება აქვს და ჩვენ სულ უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს საერთაშორისო პარტნიორებისაგან. ასევე, ნათელია, რომ უნდა გაღრმავდეს ის განცდაც და შეხედულებაც, რომ რუსეთის პოლიტიკა არასდროს იქნება მიღებული არც საქართველოში, არც საერთაშორისო თანამეგობრობაში. საერთაშორისო ურთიერთობების ის იმიტაცია კი, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ე.წ აფხაზეთისა და ე.წ. ოსეთის სახელმწიფოებთან, რაღაც ტიპის დიპლომატიური შეთანხმებების გაფორმებით, რეალურად, მხოლოდ დაცინვაა საერთაშორისო ურთიერთობების და საერთაშორისო სამართლის. მსურს რეგიონის თვალსაზრისით, შევეხო იმას, რომ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შესაძლებლობები იქმნება ირანთან. როდესაც უფრო აქტიურად განხორციელდება ირანის გახსნა სავაჭრო და სხვა კუთხით, საქართველომ ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ვარშავის სამიტის შედეგებს, რომლის ფარგლებშიც საქრთველომ მოიპოვა რეალური თანამშრომლობა NATO-ს ქვეყნებთან და ეს თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს. ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს დიპლომატიური მისიები არ უნდა იყვნენ მხოლოდ ინსტრუქციებზე დამოკიდებული. ისინი თავად უნდა ქმნიდნენ დღის წესრიგსაც. მსურს გამოვხატო მზაობა თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისა და ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსის წინსვლისათვის”, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100