"დიდი ხანია ვიცით, რომ საერთო სასამართლოები ბიძინა ივანიშვილის ჯიბის სასამართლოდ იქცა"

ქვორუმის უქონლობის გამო საკონსტიტუციო სასამართლოში უგულავა-კაბელების გაერთიანებული საქმის განხილვა გადაიდო. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, მხარეებს დამატებით ეცნობებათ აღნიშნული სარჩელების განხილვის თარიღის თაობაზე.

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნული არსებითი განხილვის სხდომა N740-ე და N764-ე კონსტიტუციურ სარჩელებზე - „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ გადაიდო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის შემადგენლობის კვორუმის არარსებობის გამო“, - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

მხარეები პროცესის დაწყებას საათნახევრის განმავლობაში ელოდებოდნენ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილი არ გამოცხადდა გიგი უგულავას სარჩელის განხილვის სხდომაზე (შატალოზე არიან), რომელიც მათივე მონაწილეობით ჩაინიშნა 2 კვირის წინ.მოსამართლის მიერ საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა არის საბოტაჟი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. დიდი ხანია ვიცით, რომ საერთო სასამართლოები ბიძინა ივანიშვილის ჯიბის სასამართლოდ იქცა, დღეს კი ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, შანტაჟის და მოსყიდვის გზით ბატონებმა ტურავამ, სიჭინავამ, თავაძემ, ცაბუტაშვილმა, ქალბატონმა ფაფიაშვილმა განიძარცვეს მოსამართლის მანტია, თქვეს რომ პროკურატურის დღის წესრიგს მიყვებიან და ქართულ დემოკრატიას ასამარებენ. ენის მოჩლექის დრო არაა, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, სამარცხვინო და დანაშაულებრივია მათი ქცევა.“ - წერს ბასიალია პირად ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი