სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცეზარ ჩოჩელის დედა, ბელა ჩარიგოგდიშვილი დიმიტრი ხუნდაძეს საჯარო წერილით პასუხობს

მცხეთის მაჟორიტარობის სახელისუფლებო კანდიდატს, დიმიტრი ხუნდაძეს დამოუკიდებელი კანდიდატის, ცეზარ ჩოჩელის დედა, ბელა ჩარიგოგდიშვილი საჯარო წერილით პასუხობს. წერილს უცვლელად გთავაზობთ:

გამარჯობათ ბატონო დიმიტრი!

არ მინდოდა გამოპასუხება, მაგრამ მაიძულეთ. არ ფიქრობთ, რომ ცეზარ ჩოჩელის მშობლების თვალთვალით ყველა დასაშვებ ზღვარს გადასცდით. შალვა ჩოჩელი თავისუფალი კაცია, სადაც უნდა და ვისაც უნდა იმას შეხვდება, ამის დაშლა კი საკუთარ შვილებსაც არ შეუძლიათ, არათუ ვიღაც დეპუტატობის კანდიდატს.

თქვენს ადგილას სხვას ძალიან შერცხვებოდა იმის საჯაროდ გამოტანა, რომ თქვენი კონკურენტის მშობლებს მზირები ჩაუსაფრეთ და მათ ყოველ ნაბიჯს აკონტროლებთ. ისე სხვათა შორის, გუშინ ერთ ერთმა ,,პატიოსნად’’ მიმაცილა სტილისტის სახლამდე, მადლობა ამისთვის და იმისთვისაც, რომ იქიდანაც ერთი წუთით არ მოუშორებია თვალი, თორემ წნევიანი ვარ და ის, რომ არა, ვინ იცის რა მოხდებოდა.

აი სად გამოჩნდა თქვენი, როგორც ექიმის გულისხმიერება. ალბათ უკვე გაცნობებდათ ის შავტუხა ბიჭი, რომ შინ მშვიდობით დავბრუნდი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი ყურადღებისა და ზრუნვისთვის.

მადლობას გიხდით იმისთვისაც, რომ როგორც იქნა ხალხმა თქვენი წყალობით ,,გაიგო’’ ჩვენი მუდმივი საცხოვრებელი. დიახ, მე და ჩემი მეუღლე წეროვანში ვცხოვრობთ. თქვენ წარმოიდგინეთ, არცერთი დღე არ ვტოვებ აქაურობას, რადგან ჩემს ხალხთან ახლოს ყოფნა საკუთარ სახლთან, კუთხესთან განშორებას მიმსუბუქებს. ჩვენ ახალგორელი დევნილები წეროვანში ვიქნებით, წილკანში, ფრეზეთსა თუ საგურამოში, ერთი დიდი განუყოფელი ოჯახი ვართ. ჭირიც საერთო გვაქვს და ლხინიც. ოჯახში კი სადაც ამდენი ადამიანი ცხოვრობს, ზოგჯერ იუდაც გამოერევა, მაგრამ არაუშავს, ,,მიუტევე და მოგეტევებაო’’ და ,,უძღები შვილი’’ მაინც დაუბრუნდება თავის ადგილს, თავის ხალხს.

ასე, რომ, ბოლომდე ნურავის ენდობით, ვინც გროშებისთვის თავისას ღალატობს, სხვას, მით უმეტეს არ დაინდობს და როგორც კი საშუალება მიეცემა, მასაც ,,გაყიდის’’.

თქვენ მიერ წამოწეულ ერთ საკითხსაც მინდა შევეხო - ,,ზედაზენი’’ არჩევნების საჯილდაო ქვად არ არის შექმნილი, იგი დევნილთა დასაქმებისთვის აშენდა. თქვენ კი ცდილობთ ამ არაჩვეულებრივ კოლექტივში განხეთქილება შეიტანოთ და ამით ქულები დაიწეროთ. ვფიქრობ, ცარიელი ანკესი შეგრჩებათ ხელში.

გავკადნიერდები და ბოლოს ერთ რჩევას მოგცემთ: ცილისწამება, ჭორები, ბოღმა, მიყურადება, ,,სოფლის შენებას რა უნდა’’ დაივიწყეთ და ცეზარ ჩოჩელს მართლაც შენებაში, სიკეთეში, ხალხის თანადგომაში, ერთგულებაში, სიყვარულსა და პატიოსნებაში შეეჯიბრეთ.

არჩევნები ყოველთვის ვიღაცის გამარჯვებით და ვიღაცის დამარცხებით მთავრდება, ცხოვრება კი გრძელდება. დარწმუნებული ვარ, ცეზარ ჩოჩელს უკან მიხედვისა არასოდეს შერცხვება და ამასვე გისურვებთ თქვენც.

პატივისცემით,

P.S: მართლა კინაღამ დამავიწდა. თქვენ ,,გაღმა შეედავეს’’ პრინციპით მოქმედებთ, სინამდვილეში კი იცით რა ხდება? საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები შიშით ნორმალურად ვეღარ მესალმებიან, (ზოგიერთი ჩემი ყოფილი მოსაწავლეც კი) ხუნდაძეს ამბავს მიუტანენ და გაგვათავისუფლებენო.

სასაცილოა, არა?

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100