სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კრემლის "არქტიკული" მადა

ცოტა ხნის წინ გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთმა ბრიტანელმა ექსპერტმა განაცხადა, რომ ენერგორესურსებისათვის ბრძოლა აუცილებლად გადაიზრდება სერიოზულ დაპირისპირებაში. კერძოდ, მისი აზრით, არქტიკაში ბუნებრივი რესურსებისათვის ბრძოლა პლანეტას მესამე მსოფლიო ომამდე მიიყვანს.

არქტიკის თემა, რომელიც ისედაც დიდი ხანია აქტუალურია, ბოლო პერიოდში სამხედრო მიმართულებით მართლაც გააქტიურდა. გასულ კვირას კანადამ განაცხადა, რომ არქტიკაში თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლების ჩატარებას გეგმავს. წვრთნა 2011 წლის აგვისტოშია დაგეგმილი და ნათელია, რომ არქტიკაში კანადის პოზიციების გამყარებას ემსახურება. მითუმეტეს, რომ კანადის პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ მიანიშნა, რომ კანადის არქტიკის დასაცავად ზომები აუცილებლად მისაღებია, რადგან არაა გამორიცხული, რუსეთი თავისი პრეტენზიების დაკმაყოფილებას სამხედრო გზით შეეცადოს.

რუსეთის პრეტენზიები კი არქტიკაზე მართლაც “მსუყეა.” კრემლში თვლიან, რომ ლომონოსოვის წყლისქვეშა ქედი მათ ქვეყანას პირდაპირ ჩრდილოეთ პოლუსთან აერთებს და ამიტომ, ეს არის რუსული მიწა და შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებიც მათია.

ასე არ ფიქრობენ სხვა ქვეყნები.

არქტიკა თანამედროვე გეოპოლიტიკის მნიშვნელოვანი სეგმენტია. როგორც ამბობენ, იქ თავმოყრილია მსოფლიო ნავთობისა და გაზის მარაგების 25%. გარდა ამისა, მდიდარია თევზით, ხოლო გლობალური დათბობის პირობებში, ეს ყინულოვანი ტერიტორია პერსპექტიულია ახალი ტრასკონტინენტური მარშრუტებისათვისაც, რადგან ყინულის ფენა, აქ, წლიდან წლამდე, უფრო და უფრო მცირდება და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წელს საერთოდ გაქრება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, არქტიკა 8 ქვეყნის კონკურენციის ობიქტია. ესენია: აშშ, კანადა, რუსეთი, დანია, შვეცია, ფინეთი, ნორვეგია და ისლანდია. და არაერთი ექსპერტი ამბობს, რომ ძალების დემონსტრირების გარეშე აქ არაფერი გამოვა.

ძალების ყველაზე ეფექტურად დემონსტრირება კი რუსეთმა დაიწყო, როცა 2007 წელს ჩრდილოეთ პოლუსის ფსკერზე 2 წყალქვეშა ნავი გაგზავნა და იქ დროშა დატოვა. “როსნეფტმა” კი კომპანია “ბი პი -სთან,” უკიდურესი ჩრდილოეთის ბურღვასთან დაკავშირებით სასწაფოდ გარიგება გააფორმა. თუმცა, ამ მხრივ, საქმე წინ არ წასულა.

რუსეთის უმაღლესი სამხედრო პირების აზრით, მოსკოვს არქტიკის მიმართულებით სერიოზული ეჭვების საფუძველი აქვს. გასულ კვირას საზღვაო კოლეგიის სხდომაზე ფლოტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ არქტიკა ნატო-ს ინტერესების ზონა გახდა და რომ რეგიონში ამ მხრივ გააქტიურდნენ იაპონია და ჩინეთიც. გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის პრეზიდენტი კონსტანტინ სივკოვი კი აცხადებს, რომ “ჩვენი საზღვრები არქტიკასთან დაცული არ არის. კანადელები პრეტენზიას აცხადებენ გაცილებით მცირე ტერიტორიებზე, ამიტომ მათთვის საკმარისია 3-4 ბატალიონი, ჩვენ კი უფრო სერიოზული ძალები გვჭირდება, რისთვისაც 2 ბრიგადა, - 10-12 ათასი ადამიანი საკმარისია.” ვლადიმერ პუტინმა კი კიდევ ერთი გეგმა გაახმაურა და განაცხადა, რომ რუსეთი აპირებს ააშენოს პორტი არქტიკაში, რაზეც 33 მილიარდ დოლარს დახარჯავს.

კანადის საპასუხოდ კი: რუსეთის თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის განცადებით გენშტაბი 2 არქტიკული ბრიგადის ჩამოყალიბების საკითხს განიხილავს.

რა უნდა დაიცვან არქტიკულმა ჯარებმა? ამ კითხვას ექსპერტები სვამენ და აცხადებენ: “ეს ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ პოლუსი ჩვენი არ არის, მაგრამ მას მაინც ვიცავთ იარაღით. ან იქნებ ამ ტერიტორიაზე საერთოდაც არ არის ნავთობისა და გაზის ის მარაგები, რომლის “დაჯავშნასაც” რუსეთი აპირებს?”

სამხედრო გეგმების პარარელურად მოსკოვი პოლიტიკურ მექანიზმებსაც აამოქმედებს და უახლოეს ხანებში სადაო ტერიტორიაზე ექსპედიაციას გაგზავნის, რომელმაც არქტიკის შელფზე რუსეთის პრეტენზიები მეცნიერულად უნდა დაასაბუთოს. 2012 წელს კი გაეროს შესაბამის კომისიაში რუსული არქტიკის შელფის საზღვრების გაფართოებაზე, როგორც თავად ამბობენ, “ნორმალურ და არგუმენტირებულ” განაცხადს შეიტანენ.

წინააღმდეგობა აშკარაა, რადგან იგივე პრეტენზიები აქვს კანადასაც. 2010 წელს კანადის საგარეო საქმეთა მისნიტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა გეგმავს გააფართოვოს თავისი ტერიტორიები არქტიკაში, რადგან ლომონოსოვის ქედი ჩრდილოამერიკული სახელმწიფოს კუთვნილებაა. და 2013 წლისთვის შესაბამის განაცხადს გაეროში კანადაც წარადგენს.

მანამდე კი, კრემლი ჩვეულ ტაქტიკას აამოქმედებს და კანადას და არა მარტო მას, იარაღს “აუჟღარუნებს.” რა სახისა და ოდენობის სამხედრო ტექიკით იქნება აღჭურვილი რუსეთის ბრიგადები არქტიკაში, არ კონკრეტდება, თუმცა ფაქტია, რომ რუსეთს, მადა, არც ტერიტორიების დაპყრობასა და არც ენერგორესურესების დაპატრონებაში ღალატობს. ამიტომ, ყინულოვანი არქტიკა, შესაძლოა, “ცხელ წერტილად” არა მარტო გლობალური დათბობის გამო იქცეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100