არძინბას ქვრივი სოხუმი-მოსკოვის სიამტკბილობაში საფრთხეს ხედავს

ვლადისლავ არძინბას ქვრივი, სვეტლანა ჯერგენია ფიქრობს, რომ აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლება რუსეთთან ისეთ გარიგებებზე მიდის, რაც ქვეყნის სუვერენიტეტს შეზღუდვით ემუქრება. ამის შესახებ მან ინტერვიუში ღიად განაცხადა. როგორც ცნობილია, სვეტლანა ჯერგენია ოკუპირებულ რეგიონში დანიშნულ ე.წ. არჩევნებში რაულ ხაჯიმბას გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს. არძინბას ქვრივმა, რომელიც არასოდეს ჩანდა პოლიტიკურ სცენაზე, როგორც თავად ამბობს, პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილება სწორედ აფხაზეთის სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხის გამო მიიღო. და არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა არა მისი ოჯახის მეგობარ სერგეი შამბასთან, არამედ რაულ ხაჯიმბასთან ერთად.

რაც შეეხება მის ეჭვებს სუვერენიტეტთან დაკავშირებულ საფრთხეებზე. ჯერგენია აცხადებს, რომ მადლობელია მოსკოვის, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, თუმცა სოხუმსა და მოსკოვს შორის გაფორმებულ შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებზე მას სერიოზული ეჭვები აქვს. “რუსეთის როლი აფახაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მართლაც დიდია და ის არც მალავს თავის ინტერსებს, მაგრამ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ საკუთარი ინტერესების დაცვას. სოხუმსა და მოსკოვს შორის 40-მდე შეთანხმებაა დადებული, რომელთა შინაარსიც ადამიანთა მხოლოდ ძალიან შეზღუდულმა წრემ იცის. ვფიქრობ, პარლამენტმა უნდა იცოდეს, რა დოკუმენტებს აფორმებს აღმასრულებელი ხელისუფლება და ხომ არ ემუქრება ეს დოკუმენტები აფხაზეთის სუვერენიტეტს”-აცხადებს ჯერგენია.

არძინბას ქვრივს ასევე ეჭვებს აღუძრავს რუსეთის ბოლო, წინასაარჩევნო გადაწყვეტილება საზღვრების ერთობლივი დაცვის გაძლიერების შესახებ, რომელიც, როგორც თავად დოკუმენტშია განმარტებული, განპირობებულია “საქართველოს რევანშისტული განწყობილებებით და აფხაზეთში სასაზღვრო ჯარების არარსებობით.” არძინბას მეუღლე აცხადებს, რომ ამ დოკუმენტთან დაკავშირებითაც მას სერიოზული კითხვები აქვს, თუმცა ამ ეტაპზე, მეტი კონკრეტიკისგან ის თავს იკავებს.

სვეტლანა ჯერგენია კომპანია “აკვაფონის” გენერალური დირექტორია. როდესაც მან პოლიტიკაში ჩართვის სურვილი გამოხატა, ითქვა, რომ არძინბას ოჯახი ამით ბიზნესის დაცვას ცდილობს, თუმცა ამ კითხვაზე მან განაცხდა, რომ “”აკვაფონი” არის კომპანია, რომლის 51% რუსეთის “მეგაფონისაა”, დანარჩენი 49% კი აფხაზი აქციონერების. კომპანია ავსებს ბიუჯეტს და ჩემი აზრით, ჭკვიანი პოლიტიკოსი არ დაკლავდა ქათამს, რომელიც ოქროს კვერცხს დებს. ჩემთვის არაფერია ცნობილი იმის შესახებ, რომ ამ ბიზნესს რამე ემუქრება” – აცხადებს ჯერგენია.

ხაჯიმბას თანაგუნდელს თავისი მოსაზრება აქვს აფხაზეთის უძრავ ქონებასთან დაკავშირებითაც და აცხადებს, რომ ზოგადად, ის სოლიდარული იქნება მხოლოდდამხოლოდ იმ მოთხოვნებისა და გადაწყვეტილებების მიმართ, რომლებიც დაიცავს აფხაზეთის უძრავ ქონებასა და საერთოდ, აფხაზეთის სუვერენიტეტს.

კომენტარი