ლევან გაჩეჩილაძე და დავით გამყრელიძე პოლიტიკური მოუსავლეთის გზას დაადგნენ – ვინ იქნება შემდეგი?

ოპოზიციას დიდი და საბედისწერო იაღლიში მოუვიდა. დავით გამყრელიძესა და ლევან გაჩეჩილაძის გერმანულმა, ფარულმა შეხვედრამ კახა თარგამაძესთან, ყველა კითხვის ნიშანი მოხსნა. ახლა მხოლოდ მიამიტ, გულუბრყვილო ადამიანებსღა ეპარებათ ეჭვი, რომ რადიკალური ოპოზიცია რუსეთიდან ფინანსდება და მაშასადამე, იმართება. რადგან ცნობილია, პუტინი ფულს უკონტროლოდ არ იძლევა, თუ მოგცემს _ გმართავს, გაგაკონტროლებს და ბოლოს, დირექტივებსაც მოაყოლებს.
კახა თარგამაძისა და ოპოზიციური დუეტის შეხვედრა ორმაგი უბედურება აღმოჩნდა რადიკალთათვის. ერთი, რომ თარგამაძე სიმბოლოა შევარდნაძის კორუმპირებული სისტემისა, უსამართლობისა, პოლიციური რეჟიმისა, უდანაშაულო ადამიანების წამებისა და წამებით მოკვდინებისა, საქართველოს ნარკოტრასად გადაქცევისა (ასლან აბაშიძესთან ერთად). ნარკოტიკების გადამამუშავებელი მინი-ქარხნების აშენებისა, ათასი სხვა უბედურებისა.
მეორე უბედურება ისაა, რომ კახა თარგამაძე რუსეთის უშიშროების შტატიანი თანამშრომელია. აქედან დასკვნა: ოპოზიცია, შევარდნაძის კლანის ნარჩენებითა და რუსეთის დახმარებით, დემოკრატიულ რევოლუციას კი არა, კონტრევოლუციას ამზადებს.
თუ გავიხსენებთ კახა თარგამაძის უტკბილეს ურთიერთობას “კანონიერ ქურდებთან”, უნდა ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილის მიერ ქონება და ღირსებაწართმეული “ზაკონიკები” თარგამაძის გვერდით დგანან იმ ქონებითა და გავლენით, რაც შერჩათ და ყველაფერს იღონებენ ამ ხელისუფლების დასამხობად.
ახლა უკვე გასაგები ხდება თუ რა მისიით იყო ვითომ ბრიუსელში ლევან გაჩეჩილაძე, რა თანხნის შოვნაზე ალაპარკდა მიტინგზე და რატომ აიმედებდა ხალხს, მალე ფული იქნება და სააკაშვილის ხელისუფლების მოსაცილებელ ბოლო, გადამწყვეტ ეტაპს დავიწყებთო.
როცა თარგამაძის დუეტთან შეხვედრის ჩანაწერი დაიდო ინტერნეტში და მერე გაატელევიზიორეს ეს ჩანაწერები, გაჩეჩილაძე ბრინჯივით დაბნეული იყო, მარტო ის მოახერხა ეთქვა, თარგამაძესთან სააკაშვილის დამფინანსებლების ვინაობის გასაგებად ვიყავით ჩასულიო.
თემა თითქოს გამყრელიძემ განავრცო – თარგამაძემ დეტალურად მოგვითხრო, ვარდების რევოლუციისას ვინ აფინანსებდა სააკაშვილსო და ჯორჯ სოროსი და იგორ გიორგაძის მიერ რევოლუციამდე მიშასთვის ნაჩუქარი 50 000 დოლარიანი “უაზი”გახსენა, რომელიც, თითქოს, სპეცშეკვეთით დამზადდა და ბრონირებული იყოო. ბატონო დათო, ამ ინფორმაციისთვის რატომ ირჯებოდით ოპოზიციის ორი პატივცემული ლიდერი და გერმანიაში “ჩერეზ” ბრიუსელი რატომ მიდიოდით? ან რატომ ატყუებდით თქვენსავე მომხრეებს, რომ ფულს ევროპაში მცხოვები ქართველები გაძლევდნენ “დემოკრატიის დასაფინანსებლად?”
დავით გამყრელიძეს შეგვიძლია მივუთითო სულ ნომერ-ნომერ, დღე და რიცხვით, რომელ გაზეთში, როდის დაიბეჭდა ნაციონალური მოძრაობისთვის ჯორჯ სოროსის მიერ გადმორიცხული თანხების შესახებ სტატიები, ასევე, იგორ გიორგაძის ნაჩუქარ “უაზზე”...
ათეულობით პუბლიკაცია გამოქვეყნდა ამ საკითხებზე ქართულ, რუსულ, ევროპულ, ამერიკულ პრესაში, ინტერნეტ გამოცემაში და დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, “ახალი მემარჯვენეების” პრესსამსახურს ყველა მასალა დაარქივებული და საგულდაგულოდ შენახული აქვს.
ეკითხა თავისი პიარ-მენეჯერისთვის გამყრელიძეს ის, რაც თარგამაძემ უთხრა ვითომ. ან წაეკითხა ძველი გაზეთები... იმის გასაგებად ჩავიდა გერმანიაში გამყრელიძე, რაზეც პრესა წლების წინ წერდა?
გამყრელიძემ ერთი ტყუილიც თქვა, უფრო სწორედ, ადრე თქვა და ახლა გაიმეორა. პუტინმა ყველა ქართველი ბიზნესმენი გააფრთხილა, ოპოზიცია არ დააფინანსონ, რადგან რუსეთს აწყობს სააკაშვილის მმართველობაო. რომელ რუსეთს აწყობს სააკაშვილი, ბატონო დავით, ყოველთვიურად ათეულ მილიონს რომ ხარჯავს მისი საერთაშორისო იმიჯის შელახვისთვის, მედვედევმა “ცოცხალი გვამი” (არადა, გვამს მედვედევი უფრო ჰგავს) რომ უწოდა და პუტინი ჩამოხრჩობით რომ ემუქრება, ის სააკაშვილი აწყობს რუსეთს?
კავკასიაში რუსეთს ხელ-ფეხი რომ შეუკრა ნატოს კურსის გატარების გამო და, კრემლს ომის გარდა, სხვა გზა არ დაუტოვა, ის სააკაშვილი აწყობს რუსეთს?
საქართველოს ნატო-ში არგაწევრიანებისთვის, ასევე ათეულ მილიონობით დოლარი რომ გადაყარა და ნახევარი ევროპა შანტაჟით აიძულა, დაებლოკათ საქართველო ნატოში, აი ის ხელისუფლება აწყობს რუსეთსა და პუტინს?
არა, ბატონო დავით, ცდებით. რუსეთს სააკაშვილი არ აწყობს, სააკაშვილი საქათველოს პრეზიდენტად, ეს საფრთხეა რუსეთისთვის, ეს ნიშნავს ნატოს, ევროკავშირის ფეხმოკიდებას სამხრეთკავკასიაში, რაც კავკასიას საბოლოოდ გამოაცლის კრემლს ხელიდან.
რუსეთსა და პუტინს საქართველოს ხელისუფლებაში აწყობთ ძმები ბერძენიშვილები, რომელთაც ერთხელ უკვე დაამხეს დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, პუტინს აწყობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საფრანგეთში რუსეთის რუპორი იყო და ფაშისტსა და დიქტატორს ეძახდა ზვიად გამსახურდიას, აწყობს გოგა ხაინდრავა, რომელიც თავისი 9 კაციანი ბანდით (ცნობილი “დევიატკა”) დიდი გულმოდგინებით ებრძოდა გამსახუდიას მომხრეებს, აწყობს კახა თარგამაძისნაირი ხალხი.
ცნობილია, თარგამაძის მინისტრობისას, ყველა სახლემწიფო მნიშვნელობის და მათ შორის “საიდუმლო” თუ “სრულიად საიდუმლო” სახის დოკუმენტის ქსეროასლი, შ.ს. მინისტრის კაბინეტიდან რუსეთის შ.ს. მინისტრთან იგზავნებოდა და არამარტო ის დოკუმენტები, რომლებიც შ.ს.ს-ს ეხებოდა.
თარგამაძე, ფაქტობრივად, ყველა ძალოვან სამინისტროს მართავდა და ხელი მიუწვდებოდა გავლენითა და თავისი აგენტურით თავდაცვისა და უშიშროების სამინისტროს, გენერალური პროკურორის, უშიშროების საბჭოს ყველაზე გასაიდუმლოებულ დოკუმენტაცია-ინფორმაციაზე.
როცა თარგამაძე მინისტრი იყო, რუსეთის უშიშროებას კაპიკი არ ეხარჯებოდა საქართველოში სპეცსამსახურების საქმიანობის დასაფინანსებლად, რადგან ყველა საიდუმლო ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი, მათ შორის პოლიტიკურზეც.
დიდი ხანია ამბობენ, რომ თარგამაძე აფინანსებდა გამყრელიძე-გაჩეჩილაძის “ახალ მემარჯვენეებს” და თავის დროზე, ეს პარტია შეიქმნა ვითომ პროდასავლური ტიპის გამტარებელ, სხვა, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიების ალტერნატივად, რათა “მოქალაქეთა კავშირი” ევროპული ტიპის პარტიით ჩაენაცვლებინათ, რომელსაც დასავლეთიც დაუჭერდა მხარს _ ანუ დასავლეთს ფე-ეს-ბეს კონტროლირებად პარტიას შეაჩეჩებდნენ საქართველოს მმართველ ძალად.
მაშინ თარგამაძე-გამყრელიძე განუყრელი დუეტი იყო, ბიზნესს ერთად აწყობდნენ და კაი ფულსაც ხვეტდნენ, არც გაჩეჩილაძსე ჩამორჩებოდა მათ ამ მხრივ, გამყრელიძის სადაზღვევო კომპანია “ალდაგი” და გაჩეჩილაძის “ჯი-ვი-ესი” თავიანთ სფეროში მონოპოლისტები იყვნენ, მაგრამ თანამედროვე ქართველი პოლიტიკის გროსმაისტერმა, ზურაბ ჟვანიამ მიუჩინა თავისი ადგილი კახა თარგამაძესაც და “ახალ მემარჯვენეებსაც”, პროდავსალური პოლიტიკოსის ნიშა კი თავად დაიკავა.
როგორც ჩანს, ეს ვერსია, სრულად მისაღებია, დღეს, ბევრი რამ წარსულიდან, სხვაგვარ ელფერს, მნიშვნელობას იძენს და ბევრი პოლიტ-კულუარული მაშინდელი ჭორი, როგორც ჩანს, სიმართლე ყოფილა.
კახა თარგამაძესთან შეხვედრამ, ამ შეხვედრის მიჩუმათებამ და მერე დაბნეული სახით კომენტარების კეთებამ, ლევან გაჩეჩილაძის იმიჯსაც დაარტყა. ის აღარ არის “ერთი ალალი”, “გულრწფელი”, “ქალაქური ხიბლის”, “თბილისური ქარიზმის პოლიტიკოსი”.
ის ისეთივე პოლიტიკოსია, ისეთივე მოთამაშე, როგორც სხვა, თამაშობს იმავე თამაშს და იმავე წესებით, რასაც ქართული პოლიტიკა მოითხოვს.
სამწუხაროდ, პოლიტიკა და მეტადრე ქართული, ბინძური საქმეა და არავინ დაიჯეროს, თუ იქ მოხვდი, სუფთა წამოხვალ. სხვათა შორის სწორედ ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა ამას წინათ: კალათბურთს ფეხბურთის წესებით ვერ ითამაშებო.
მოკლედ, გაქრა შენი “ქუჩის აკადემიადამთავრებული”, “გულუბრყვილო და გულანთებული პოლიტიკოსი”. თუ ქართული პოლიტიკა წუმპეა, მასში მდგომი ხალხიც წუმპეშია და ყელამდეც.
შეიძლება, გია მაისაშვილი წელამდეა – ცოტა მაღალია სხვებზე, აი კუკავა კი სადაცაა ჩაიძირება.
რუსეთს ერთადერთი მიზანი აქვს საქართველოში – ქვეყნის დაპყრობა და დაქუცმაცება, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტება-დანგრევა და ბოლოს, საქართველოს გადაქცევა მარიონეტ სახელმწიფოდ.
ამ გეგმის განხორციელება კი, ცხადია, უქართველებოდ ვერ იქნება. ჯერჯერობით, ავანსცენაზე გამყრელიძე და გაჩეჩილაძე გამოჩდნენ, დანარჩენები კი სცენაზე არიან – მიდით ყოველდღე, რუსთაველზე, მთავრობის სახლთან, საღამოს 6 საათზე და მიტინგზე ნახავთ დანარჩენებს.
გამყრელიძე და გაჩეჩილაძე რომ ცრუობენ, ვითომ კომპრომატი ინფორმაცია მიიღეს თარგამაძისგან და მეტი არაფერი, ამაზე ერთი რამ კიდევ მეტყველებს.
თარგამაძეს ორჯერ შეხვდნენ ოპოზიციონერები, 20 ივნისამდე ორივე თბილისში იყო, მათი შეხვედრა 22 ივნისს გამოაშკარავდა. სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის ახალი კომპრომატები კი სოროსთან, გიორგაძესთან და ონიანთან ფინანსურ კავშირებზე, არასდროს არ გამოქვეყნებულა.
ძალიან ძნელი დასაჯერებელია, როცა ოპოზიცია მართლა “ჩიხშია”, როცა მათთვის ერთი დღეც მნიშვნელოვანია, რადგან გაწელილ საპროტესტო აქციებს დიახაც, ყოველდღიურად აკლდება ხალხი, ახალი კომპრომატი ჩამოიტანეს და 4-5 დღე არ გაახმაურეს? ეს დაუჯერებელია, რადგან რაც არ გაუკეთებია ამ ხელისუფლებას, კაენის ცოდვიდან დღემდე, ყველა უბედურებას აბრალებენ და ეს კომპრომატები არ ააფრიალეს?
ცხადია, აბსურდია “გერმანულ კომპრომატებზე” ლაპარაკი. თუმცა გამყრელიძე-გაჩეჩილეძესა და, ალბათ, მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას ისღა დარჩენიათ, თავიანთ პიარ-ტექნოლოგებთან ერთად შექმნან ზღაპრები ახალი დეტალებით, ახალი “ფაქტებით” სააკაშვილის ფინანსურ კავშირზე ონიანთან, სოროსთან და გიორგაძესთან.
დიდი ეჭვი გვაქვს, ამ ზღაპრების შეთხზვა უკვე დაწყებული აქვს ფე-ეს-ბეს და არც ის გაგვიკვირდება გარკვეული გარიგების სანაცვლოდ, რუსეთმა “ვინმე” აალაპარაკოს და საქვეყნოდ ათქმევინოს, მე ვაფინანსებდი “ვარდების რევოლუციასო”.
მართალია, თარგამაძე-დუეტის შეხვედრით მრავალი კითხვის ნიშანი მოიხსნა, მაგრამ სანაცვლოდ ახლები გააჩინა. საინტერესოა, ირაკლი ალასანიას და მისი გუნდის პოზიცია, ყველაზე პროდასავლურად მონათლული ალასანია, ვნახოთ, რას იტყვის ყველაზე პრორუსული ქართველი მინისტრყოფილისა და თავისი თანაალიანსელის საიდუმლო შეხვედრაზე?
საინტერესოა, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერთა პოზიცია და ამ შეხვედრის მათეული შეფასება, ლევან ბერძენიშვილი თავის დროზე კაცის მკვლელს, რუსეთის აგენტს, ნაძირალას ეძახდა თარგამაძეს, დავით ბერძენიშვილი – ნარკობარონს, კონტრაბანდისტს, ასლან აბაშიძის მაფიოზ პარტნიორს, “სიგარეტის კრიმინალური ბიზნესის პირამდის მწვერვალს”.
“თარგამაძე ერთ-ერთია იმათგან, ვინც ასლან აბაშიძეს ეხმარება, აჭარა ჩამოაცილოს საქართველოს”, – ეს დავით ბერძენიშვილის სიტყვებია. თინა ხიდაშელი, როცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი იყო, კახა თარგამაძის პოლიციის წინააღმდეგ, დღეში რამდენიმე სარჩელს ამზადებდა და შეჰქონდა სასამართლოში.
თინა ხიდაშელის ხელმოწერილი არაერთი დოკუმენტი დევს პარლამენტის კომიტეტებში, საერთაშორისო ორგანიზაციების საქართველოს წარმომადგენლობებში, თითქმის ყველა საელჩოში, სადაც ის პოლიციას, კახა თარგამაძეს ადამიანთა უფლებების ფეხქვეშ გათელვაში, ადამიანების წამებაში, წამებით ჩვენებების გამოძალვაში, გაუპატიურების მუქარაში, იარაღისა და ნაკოტიკების უდანაშაულო მოქალაქეებისათვის ჩადებაში, ცრუ მოწმეთა არაერთგზის გამოყებეაში, მოსამართლეთა დევნა-მუქარაში ადანაშაულებდა, უჩიოდა...
საინტერესოა, “ხალხის პარტიის” ლიდერის პოზიცია. კობა დავითაშვილიც იმ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი იყო. მისი ხელმოწერაც არაერთ დოკუმენტზეა დაფიქსირებული, რომელიც თარგამაძის ავკაცობას ამხელდა, “კახა თარგამაძის მაფიოზური სახეა შევარდნაძის კლანის ნამდვილი სახე”, – ეს დავითაშვილმა თქვა და იმედია, არ დავიწყებია. სხვაც ბევრი, მაგარ-მაგარი აქვს ნათქვამი თარგამაძის სიავკაცეზე ერთ დროს ნაცმოძრაობის საპარლამენტო-საარჩევნო სიის პირველ ნომერს.
საინტერესოა, ირაკლის ოქრუაშვილისა და მისი პარტიის ლიდერთა კომენტარი გერმანულ პაემანზე – ოქრუაშვილიც ხომ იმ ასოციაციის გამგეობის წევრი იყო, ამაზე არც ღირს ლაპარაკი – წვრილმანია. მთავარი სხვაა – სწორედ ირაკლი ოქრუაშვილის შ.ს. მინისტრობისას, ამ სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოს მიერ მოკვლეული მასალებზე დაყრდნობით აღიძრა გენ-პროკურატურაში კახა თარგამაძეზე სისხლის სამართლის საქმე, თუმცა მალევე მიყუჩდა...
“კახა თაგამაძე მკვლელების, ბანდიტების, რეკეტიორების მეთაურია და ეს ხალხი შ.ს. სამინისტროში იყო თავმოყრილი”, – აცხადებდა მაშინ თარგამაძის სამინისტროს რეფორმით დაკავებული მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.
ეს კითხვები ხალხს გაუჩნდა. იმ ქართველ ხალხს, რომლის სახელითაც ოპოზიციის ლიდერები ერთხმად აპელირებენ უკვე წლებია და კარგი იქნებოდა, ისეთივე ოპერატიულობით გაეცათ პასუხები, როგორც ერთმანეთს ასწრებენ, როცა საქმე ხელისუფლებას და პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობას ეხება.
P.S: გერმანული “საიდუმლო სერობის” შემდეგ, თვით “ურწმუნო თომებსაც” კი აღარ ეპარებათ ეჭვი იმაში, რომ კახა თარგამაძის სახით, გაჩეჩილაძე-გამყრელიძეს კრემლი ესაუბრებოდა. რუსეთუმე და რუსული დირექტივების შემსრულებელ პოლიტიკოსებს კი, საქართველოში, საბედნიეროდ, პოლიტიკური მოუსავლეთი გარანტირებული აქვთ.

კომენტარი