სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლიტიკური პროსტიტუცია...

ძნელია იყო ეთიკური, როცა შენი ქვეყნის ოპოზიცია ბილიკს ქმნის მოსკოვში სირბილით. გარბიან პუტინის კარზე, თანაც ისე რომ წარბი არ უტოკდებათ.

ამ ნოღაიდელების, ბურჯანაძეების და პუტინის მისაღებში ჩაწერილ სხვათა და სხვათა ყურებისას სულ მიკვირს, ანკი როგორ დგას ეს სახელმიწფო საერთოდ ფეხზე?

როცა წარსულში ქვეყნის მეორე პირი ღიად ხვდება ოკუპანტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, როცა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა უკვე მაზოლი ამოუყვანა მოსკოვს თავლებში...

ომი წავაგეთ კი არა, ასეთი "პატრიოტების” ხელში, საქართველოდან რომ არ აგვყარეს და ტრამალებში, ტუნდრებში, ტაიგებში და ჯანდაბაში რომ არ მიგვაფერეიდანეს, არ გიკვირთ?

არა, როგორც ჩანს, ჩვენ კიდევ არ ვაფასებთ ფაქტებს და მოვლენებს ადექვატურად, თორემ ბევრად მწვავე იქნებოდა შეფასებები ბურჯანაძეების, ნოღაიდელების მისამართით.

მოვთხოვდით პასუხს ამ ხალხს და კიდევ მათ, ვინც ცუგასავით მზადაა მოსკოვს გასავარდნად. მირბიან პუტინთან, რომელმაც წელიწადნახევრის წინ გვბომბა, ტერიტორიები გვგლიჯა, ბიჭები გვიხოცა.
ბურჯანაძე-ნოღაიდელები მირბიან მასთან და ცდილობენ ეს თავისი ღალატი აქეთ პატრიოტიზმად მოგვასაღონ.

მათ პოლიტიკურ უტიფრობას ბოლო არა აქვს. ბურჯანაძემ დააბრაკუნა, პუტინს ვხვდები, აბა პუტინი და მედევედევი აქეთ არ ჩამოვლენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დავეხმაროთო.
ამ ქალბატონს, მართლა საინტერესოა ვინ ვგონივართ ჩვენ? ადამიანები, რომლებსაც აზროვნების უნარი გვაქვს, თუ მამამისის ფქვილის მეშოკებიდან ამომძვრალი ვირთხები?

ვინ უნდა დაგეხმაროს, ვინც წაგგლიჯა ეს ტერიტორიები? ვინც გბომბა ღიად და დაუფარავად? ჩავიდა, გვერდი დაუმშვენა პუტინის. პრესა სულ ხუთი წუთით დაასწრეს იმ შეხვედრას და არ უხსენებიათ არც ცხინვალი, არც სოხუმი, არც ოკუპაცია. არ აღელვებს ეს თემები ნინიკოს და მოკალი თუ გინდა. ის სხვა საქმეზე იყო ჩასული პუტინთან. აკი დაიქადნა დიდ პოლიტიკას ვაკეთებო.

და რას ეძახიან ეს მართლა პოლიტიკანები დიდ პოლიტიკას? რა მოლაპარაკებების წარმოების თავი აქვს ერთი ქვეყნის ოპოზიციას მეორე ქვეყნის ხელისუფლებასთან? ეს ხომ ორჯერ ორი ოთხისავითაა, რომ ის მიხეილ სააკაშვილის მაგიერ ვერც ვერანაირ გარიგებაზე წავა და მიშას სახელით ვერც ვერაფერს დაპირდება.
ის ჰპირდება სხვა რამეს, მე რომ მოვალ ხელისუფლებაში ამას და ამას ვიზამ, ასე და ასე მოვიქცევიო. და ახლა, ცარიელ ენთუზიაზმზე რომ არ იძლევიან ამ დაპირებებს ესენი იქ, "მასკვაში”, არც ამას უნდა დიდი მიხვედრა. ისინი მოსკოვს სთავაზობენ თავს. მე არც არქიმედე ვარ და არც ახალი არაფერი აღმომიჩენია, და არც ევრიკას დაძახების უფლება მაქვს...

პირიქით, ეს ყველამ გადასარევად ვიცით რაც ხდება და რატომაც ხდება, მაგრამ მაინც ვდგავართ და მშვიდად ვისმენთ მათ უტიფარ განცხადებებს ვითომცდა და საქართველოს საშველად წავიდნენ იქ, ვითომ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ვითომ და ურთიერთობების გამოსასწორებლად.

და რატომ ვისმენთ ასე მშვიდად მათ უტიფარ, სამარცხვინო განცხადებებს? ხომ ვიცით რომ ისინი იქ ამ ხელისუფლების დასამხობად დარბიან და ხან ერთი სთავაზობს თავს საყრდენად და ხან მეორე?

რატომ ხარხარი არ გვიტყდება როცა პუტინი ბურჯანაძეს ეუბნება – "ეს იყო პეტერბურგში"... რომელი ბათუ კრავეიშვილი ეგა მყავს და რომელი მედეა ჯაფარიძე ნინო ბურჯანაძეა, ქეთოს და კოტეს ნავის სცენას რომ თამაშობენ უნავოდ?

იყო დრო ქალბატონი ბურჯანაძე, სწორედ მოსკოვის მიმართ გაკეთებული მკვეთრი განცხადებებით იხვეჭდა სახელს საქართველოში. ყველას ხიბლავდა მისი რადიკალური, შემტევი განცახდებები და თურმე რა ტყუილი ყოფილა ეს ყველაფერი. თურმე, ქეთოს მამა მაკარივით არ მოუტყუებია სააკაშვილი? აკი იდგა მიხეილი და ამაყობდა:

"ნინო ბურჯანაძეს უკიდია კაბინეტში მარგარეტ ტეტჩერის სურათები, რკინის ლეიდის. ჩვენ დავრწმუნდით, თუკი რაიმე ფოლადი არსებობს მსოფლიოში, ყველაზე მაღალი ყალიბის ფოლადისგან არის დამზადებული ნინო ბურჯანაძის ნერვები და პოლიტიკური მრწამსი".

ნამეტანი ფოლადის მრწამსი ჰქონია ბურჯანაძეს. ფოლადის კი არა, მისი საგარეო ორიენტაციის ვექტორი ალუმინის კოვზივით უცებ გადაიღუნა დასავლეთიდან ჩრდილოეთისაკენ.

ეს ყველაფერი უცებ არ მომხდარა, ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში, ქალბატონი ბურჯანაძე კუჩმას სიძეს, ბიზნესმენ პიმჩუკს ეახლა კიევში, მაშინ დაადგა პუტინისკენ სავალ გზებს. პუტინი ხომ ამ პიმჩუკის შვილის ნათლიაა და მათ დიდი მეგობრობა აკავშირებთ. ახლაც ჰკითხეს ქალბატონ ბურჯანაძეს, ვინ იყო ამ შეხვედრის ინიციატორიო და ესაო ორმხრივი სურვილი იყოოო. აგანგალა-განგალა... ორმხრივი? უეცარი? ორ `სპალნაში~ სინქრონში შობილი და რამე?
ბატონ პუტინს ქალბატონ ბურჯანაძისთვის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარება შეუთავაზებია, უთქვამს, მთელ ქართულ სპექტრთან ვითანამშრომლებ, მოქმედი ხელისუფლების გარდაო. ნინა ბიცოლამ სულ თავი უქნია, გეთანხმებით, სამწუხაროდ ბოლო წლებში, ქართულ-რუსული ურთიერთობები ტრაგიკულ ჩიხამდე მივიდაო. ბოლო წლებზე რომ ბრაკი-ბრუკობს, ნეტა ვინ იყო ამ ბოლო წლებში პარლამენტის თავჯდომარე?

თუმცა, სულ დამავიწყდა, რა პარლამენტის თავჯდომარე, ეგ ხომ მიშას ნოტარიუსი იყო და აბა მეც რას ვთხოვ, რას... ნინა ბიცოლას მოსკოვური ექსკურსია ძაან მოეწონათ კობა დავითაშვილს და ზვიად ძიძიგურს, თვითონაც უნდათ. ეგეც თქვენი ოპოზიცია. ეგეც თქვენი პატრიოტები. რა უეცრად გაპუტინკდნენ ვითომ პატრიოტები...
მიდიან, პუტინს ელაქუცებიან, ემუდარებიან მიშა დაგვამხობინე, ჩვენ დაგვსვი ტახტზეო და აქ კი რიხით აბრახუნებენ, მივდივარ, იმისთვის რომ დავიცვა ჩემი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიო.

იარეთ ვისთანაც გინდათ, თუ გინდა თემურ ლენგის საფლავს ახალეთ ეგ თქვენი ამბიციური გოგრები, მაგრამ "პარდონ” და ჩვენი სახელით, ხალხის სახელით მაინც ნუ იტლიკინებთ, ქვეყნის სახელით ნუ იტლიკინებთ.
ჩვენ ნუ გაგვრევთ თქვენ კოლაბორაციონისტულ პოლიტ-პროსტიტუციაში, თქვენ ჩვენს, ან ქვეყნის ინტერესებს კი არა, საკუთარ მუცელს და საკუთარ ამბიციებს ემსახურებით. ემსახურეთ, სულ კეფა გიხლიათ კრემლის კედლებისთვის, მაგრამ მაგ უტიფრობა მოსკოვში ჩასვლამდე, ჩადით და რიონში გარეცხეთ.

ქალბატონმა ბურჯანაძემ ბრძანა, მეო, ამ შეხვედრაში იმიტომ კი არ მივიღე მონაწილეობაო, რომაო წარსულზე მესაუბრაო, არამედ მეცადა სამომავლო მოგვარების გზები მომენახაო. წარსულზე ისტორიკოსებმა უნდა ილაპარაკონო.

ისტორიკოსებმაო, რომ ბრძანებს, არ აინტერესებს რას დაწერენ იმ მომავალში მასზე ისტორიკოსები? რაც დაწერილა შაჰის და ხონთქარის კარებზე მორბენალ არაერთ თავადზე...

ყოველკვირეული გაზეთი "დრონი.ჯი" (გამოდის ორშაბათობით)


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100