სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოპოზიციის ნაწილი მზადაა წაიკუზოს და ისე დაელოდოს რუსული ტანკების თბილისში „შემობრძანებას“

2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებისთანავე მთელი მსოფლიო იმაზე ლაპარაკობს, რომ რუსეთ-საქართველოს მეორე ომის დიდი საფრთხე არსებობს, ზოგი მის გარდუვალობაზეც საუბრობს. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ რუსეთი ამ ომით წაგებული დარჩა, აგრესორის სახელი დაიგდო მთელ მსოფლიოში, იმიჯი შეილახა, ეკონომიკურადაც ძლიერ იზარალა და საერთაშორისო პოლიტიკაში, როგორც სანდო პარტნიორმა, ნდობა დაკარგა.
ანალიტიკოსები ასევე ვარაუდობენ, რომ რუსეთს საბჭოური იმპერიის აღდგენა სურს და ამ პროცესს საქართველოდან იწყებს. თუ საქართველო დაიპყრო, მაშინ იმიჯი და ეკონომიკური ზარალი პროიმპერიალისტურ ხელისუფლებას უღირს დანაკარგად.
თავად რუსი პოლიტიკოსები კი ღიად აცხადებენ - რუსეთმა საქართველოში თავისი მისია 2008 წელს ვერ შეასრულა, ნატო-ზე ორიენტირებული სააკაშვილის ხელისუფლება ვერ დაამხო და თბილისში პრორუსული მთავრობა ვერ დასვაო, სამაგიეროდ რუსები გვაიმედებენ, ამას მალე იზამს ვლადიმერ პუტინიო. ზოგი რუსი პოლიტიკოსი იმაზეც კი ოცნებობს, იქნებ საქართველოს რესპუბლიკა გავაუქმოთ და გუბერნიად შემოვიერთოთო, უკრაინაში პრორუსული ძალების გამარჯვებისა და ვიქტორ იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების მერე, ყველა ნორმალურად მოაზროვნე უცხოელი ექსპერტი ალაპარაკდა საქართველო-რუსეთის შესაძლო ომზე, ომის რეალურ საფრთხეებზე, ყველა ერთსა და იმავეს ამბობს - რუსეთმა უკრაინა უსისხლოდ ჩაიგდო ხელთ, საქართველო კი დღემდე უსისხლოდ არ დანებებია და უნდა ვივარაუდოთ, ამჯერადაც ასე იქნებაო. ეს „ამჯერად“ როდის იქნება, ცხადია, პუტინმა, მედვედევმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, დუმის სპიკერმა და ალბათ კიდევ რამდენიმე კაცმა იცის რუსეთში.
საქართველოს ხელისუფლებაც, პრინციპში, არ მალავს, რომ რუსეთმა შესაძლოა, შემოგვიტიოს. ამას არც პრეზიდენტი მალავს და შიგადაშიგ ამბობს კიდეც - გამგები გაიგებს, მიხვდება, რომ საფრთხე რეალურია და არც ისე შორი. უბრალოდ, ყოველდღიურად, ხელისუფლების მხრიდან ამის ლაპარაკი არაგონივრული იქნება - ხალხს მუდმივად ომის მოლოდინში ვერ აცხოვრებ.
და რას აკეთებს ამ დროს ე.წ. რადიკალური ოპოზიცია, რაც მთელი მსოფლიო რუსეთთან შესაძლო ომზე ლაპარაკობს? მოგისმენიათ ბოლო ერთი წლის მანძილზე თუნდაც ერთი ოპოზიციონერი ლიდერის განცხადება, პროტესტი რუსეთის მიმართ საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნით?
მოგისმენიათ რომელიმე ლიდერის განცხადება ან სადმე წაგიკითხავთ ერთი ფრაზა მაინც, რომ რუსეთი ფორსირებულად ემზადება ომისთვის და ეს გაეპროტესტებინოთ? ვერ მოისმენდით, ვერ წაიკითხავდით, რადგანაც ასეთი რამ არც ერთ ლიდერს არსად არ უთქვამს ბოლო ხანს.
რასაც ახლა მოგახსენებთ, იმას ვირეშმაკობა ჰქვია, უფრო „აღმატებულ ხარისხში“ - მტრის წისქვილზე წყლის დასხმა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. ბოლო დროს, ოპოზიციის ერთი ნაწილი, თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთთან შესაძლო ომზე ალაპარაკდა, მაგრამ იმას კი არ იძახიან, რუსეთი აპირებს ომის დაწყებასო, და ვიმეორებ, ამას რუსი პოლიტიკოსები და მათი გენერალიტეტიც არ მალავს, არამედ გაიძახიან: დიდი შანსია, მიხეილ სააკაშვილმა წამოიწყოს ომი, რათა ამით რუსეთისგან დევნილი პრეზიდენტის სტატუსი მიიღოს, მას ეთაკილება, ხალხისგან დევნილად რომ იქცესო.
ამათ, მგონი, ხალხი მთლად შტერი ჰგონიათ - ნოღაიდელი, ბურჯანაძე და ძიძიგური თუ დაამხობენ ამ ხელისუფლებას, რა, ხალხი იტყვის, საპროტესტო ტალღებმა და ქართველმა ხალხმა წალეკა ხელისუფლებაო? ამათ უკან რუსეთი რომ დგას, ეს ხალხმა არ იცის?
იცის, ძალიან კარგადაც იცის და რაღა ვინმე ივან ივანოვი შემოვარდნილა ტანკით რუსთაველზე და რაღა გოგა ხაინდრავა და ის ხალხი, რომ ჩამოვთვალე ზემოთ, კომბლებით შეცვივნულან პრეზიდენტის რეზიდენციაში - თან ხაინდრავა ისეთ კომბლებს სთლის, ხელში აიღებ თუ არა, ეგრევე „კალაშნიკოვებად“ გადაიქცევიან. ზვიად გამსახურდია ვინ დაამხო? სიგუამ, კიტოვანმა და იოსელიანმა თუ რუსეთმა? პასუხი მარტივია - სამივემ, ოღონდ, რუსული გეგმით, ფულით და იარაღით.
ახლაც ამ გეგმას ასრულებენ ქართველი ნეობოლშევიკები - ხაინდრავა (ამან ზვიადის დამხობაში ლომის წილი დაიდო, თან იარაღით იბრძოდა ქართველთა წინააღმდეგ), ბურჯანაძე, მამრაძე, ნოღაიდელი, ძიძიგური, დავითაშვილი და კუკავა - ეჭვი მაქვს, ეს სია რუსეთისგან საქართველოს მიმართ აგრესიის გაძლიერების კვალობაზე გაიზრდება.
მოკლედ, ე.წ. რადიკალური ოპოზიციის ნაწილი უკვე აპელირებს - სააკაშვილი იმიჯის გადასარჩენად ომს დაიწყებსო. ზოგი ასე პირდაპირ არ ამბობს. გოგა ხაინდრავა, მაგალითად, თითქოს რუსეთის საავიაციო პოლკის მზვერავი იყოს, უკვე დასაბომბი კოორდინატების სიას აძლევს რუსებს - ეს „პირველი კავკასიური“ რომ გახსენით რუსეთის ნერვების მოსაშლელად, ახი არ არის, რომ დაგვბომბოს, რატომ აძლევენ ასეთ ხელმოსაჭიდსო?
ოპოზიციის ლიდერთა დიდი ნაწილი კი მზადაა, რომელიმე რუსი პირსისხლიანი გენერლის ბრძანებაზე წაიკუზოს და ისე დაელოდოს რუსული ტანკების თბილისში „შემობრძანებას“.
ნოღაიდელი და მამრაძე მყავს, ამჯერად, მხედველობაში. ნინო ბურჯანაძე კი პირდაპირ იძახის - მიშას ომი უნდა, რომ რუსეთისგან დევნილი პრეზიდენტი გახდესო. ამავეს იმეორებს ზვიად ძიძიგური, ქართველი ექსპერტი რამაზ კლიმიაშვილი ირწმუნება - ჯონ მაკკეინი აქეზებს მიშას, რუსეთთან ომი დაიწყოს და მერე, ამერიკა რუსეთს შეგვატოვებს ხელშიო. სააკაშვილისგან ომის დაწყების „საფრთხეზე“ კუკავა, შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავაც ლაპარაკობენ.
მახსოვს ამ ხალხის რიტორიკა 2008 წლის გაზაფხულზე, მაშინ იძახდნენ, ესენიც და სხვებიც, მიშას ომი უნდა, არჩევნები რომ ჩაშალოსო. ახლა საპარლამენტო არჩევნები აღარ არის, ადგილობრივის ჩასაშლელად კი „არ უღირსო“. ამიტომ ახლა იმას „აწვებიან“ - რუსეთისგან დევნილი, რუსეთთან მეომარი პრეზიდენტის იმიჯი უნდაო.
არადა, ამათ თითოეულ ფრაზას, თითოეულ ნათქვამ სისულელეს იმავე დღეს ატრიალებენ რუსული ტელეარხები, რუსული ინტერნეტ-გაზეთები თარგმნიან და ავრცელებენ, ამათ ნაბოდვარზე, კრემლის მეხოტბე ევროპელი ანალიტიკოსები ევროპულ მედიაში დასკვნებს აცხობენ - სააკაშვილს ომი სურსო. მოკლედ, რუსეთი ქართული ოპოზიციის დახმარებით იქმნის ალიბს: სააკაშვილს ომი უნდა და თუ დაიწყო ეს ომი, მე ნუ დამაბრალებთო.
ქართველი პოლიტიკოსები, ეს ვაი ოპოზიციონერები, ყველაფერს აკეთებენ, რომ თუ რუსეთმა მართლა დაიწყო საბრძოლო მოქმედება, ქართულ მხარეს დაბრალდეს, ყოველ შემთხვევისთვის, საზოგადოებას და არა მარტო ქართულს, აჩვევენ აზრს, რომ ომი სააკაშვილს სწყურია, არადა, ერთი ქართველი პოლიტიკოსის ნათქვამს ასჯერ მეტი ფასი აქვს, ცხადია, ვიდრე ჟირინოვსკისას, გინდა ოპოზიციონერი იყოს ეს პოლიტიკოსი. ყველაფერს აკეთებენ, რუსეთს სამომავლო აგრესია „გაუპრავონ“, ესენი რუსულ ტანკებზეც შემოსხდებიან და სიამოვნებით შეუტევენ პრეზიდენტის სასახლეს, ოღონდ თითო საათი ჩასვი პრეზიდენტის სავარძელში. თუმცა, ნინო ერთ საათს არ დასჯერდება - მაგას დიდხანს უნდა პრეზიდენტობა.
რა ჰქვია ამათ საქციელს? ეს ქვეყნის მტრობა არ არის? რა, მიამიტები არიან და სააკაშვილის სიძულვილით მოსდით ეს? ისეთი უტვინოები არიან, რომ არ იციან, რამხელა იდეოლოგიურ სამსახურს უწევენ კრემლს? იციან, ძალიან კარგად იციან, რომ რუსეთის შესაძლო აგრესიის გასამართლებლად ქმნიან ფონს, ღმერთმა ნუ ქნას და, თუ სააკაშვილი კიდევ წამოეგო რუსულ პროვოკაციას, ესენი პირველები გამოცვივდებიან და რას იზამენ? ცხადია, საქართველოს ხელისუფლებას დააბრალებენ ომის დაწყებას, ბურჯანაძე და ნოღაიდელი კი რუსეთთან ზავის დადებას მოითხოვენ. აბა, რუსეთს ხომ არ გაამტყუნებენ? იმ რუსეთს, რომელიც ასეულობით მილიონ დოლარს ახარჯებს ამათ და ჯერ ხეირი არ უნახავს ამ ფულის საღირალი.
ეს ისევ ის ადამიანები არიან, ძვირფასო მკითხველო, რომელნიც 2008 წლის ომი ლამის ჯერ არ იყო დამთავრებული, ტელევიზიით რომ გაჰკიოდნენ - ომი სააკაშვილმა დაიწყო, მძინარე ცხინვალი მიშამ „გრადებით“ დაბომბა, საქართველოს მოქალაქეები - ბავშვები და ქალები ამოხოცაო.
ეს ის ხალხია, როცა ტალიავინის დასკვნა დაიდო და იქ ეწერა, საბრძოლო მოქმედებები (და არა - ომი!) ქართულმა მხარემ დაიწყოო, სიხარულისგან ცქმუტავდნენ, ტალიავინს ტალეირანს ადარებდნენ - ეგეთი დიდი დიპლომატი არ გვინახავსო. ეს ის ხალხია, რომელიც პერმანენტული აქციებით ცდილობს, ხელისუფლება საშინაო პრობლემებზე გადმორთოს და საგარეო, ანუ რუსულ საფრთხეს რიგიანად ვერ გაუმკვლავდეს. ის საფრთხე - ომი და უბედურება ამათ არ შეეხებათ, ეს ომი ხალხის კისერზე გადაივლის, ესენი კი, რუსების მიერ დანიშნულ თანამდებობებზე სამსახურებში ტანკებით ივლიან, ვიდრე ქვეყანა დაშოშმინდება, როგორც, მაგალითად, გელა ლანჩავა დადიოდა ტანკით.
ეს ის ხალხია, რომლებიც მალე, სადმე შულავერში შეიკრიბებიან, საქართველოს დამხობის გეგმის საბოლოო დეტალებს დააზუსტებენ და რუსეთს ნიშანს მისცემენ - შემოიყვანეთ მე-11 არმია, ჩვენ უნდა გავუძღვეთ წინო!
„შულავერის კომიტეტი“ არ მომკვდარა, ამ კომიტეტის წევრები დაიხოცნენ, თუმცა მათ ახლები ჩაენაცვლნენ, ახალი გვარ-სახელებით, მაგრამ ძველი გეგმით - საქართველოს დამხობა და დაპყრობა რუსული ჩექმით.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100