მანანა მანჯგალაძე: რუსეთის პრეზიდენტისგან "ცივი ომის" დროინდელი ფრაზები მოვისმინეთ...

საქართველოს სურს რუსეთთან მეგობრობა, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მოსკოვი პატივისცემით მოეპყრობა საქართველოს თავისუფლებას და ხელს აიღებს იმპერიულ ზრახვებზე, განაცხადა 6 აგვისტოს პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ინტერვიუს თაობაზე.

მისი თქმით, ინტერვიუმ, რომელიც მედვედევმა 4 აგვისტოს სოჭში რუსულ და ქართულ მედია საშუალებებს მისცა, „ბევრი კითხვა გააჩინა“ და ამიტომ „საჭიროდ ჩავთვალეთ მოკლე კომენტარი გაგვეკეთებინა“.

"ჩვენ გვსურს ცივილიზებული მეგობრული ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, როდესაც რუსეთი პატივისცემით მოეპყრობა საქართველოს, ქართველ ხალხს, მის ნებას, მის თავისუფლებას, მის ფუნდამენტურ უფლებებს და ხელს აიღებს საბჭოთა იმპერიის ამა თუ იმ ფორმით აღდგენის ფუჭ მცდელობაზე“, – ნათქვამია კომენტარში.

სააკაშვილის ადმინისტრაციის შეფასებით, მედვედევის განცხადებები, რიგ შემთხვევებში იყო „ცინიკური“, „უპასუხისმგებლო“ და შეიცავდა „ცივი ომის დროინდელ ფრაზებს“.

“საგანგაშოა, რომ რუსეთის პრეზიდენტი კვლავ ცინიკურად ამართლებს რუსეთის ფედერაციის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას, სამხედრო აგრესიას, ოკუპაციას“, – განაცხადა მანჯგალაძემ, „საგულისხმო ფრაზა იყო ის, რომ მედვედევის თქმით, 2008 წლის აგრესიით, ოკუპაციითა და ეთნიკური წმენდით, რუსეთმა გაკვეთილი ჩაუტარა არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა მეზობელ ქვეყნებსაც“.

დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ შარშან შემოდგომაზე განხორციელებული აფეთქებები, მათ შორის თბილისში აშშ–ს საელჩოსთან, რომლებშიც თბილისი რუსულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებს, მის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგში არ შედის და ის „სისულელე, ტყუილი და პროვოკაციაა“.

"პრეზიდენტმა მედვედევმა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო კომენტარი გააკეთა იმ სერიოზული მტკიცებულებებით გამაგრებულ ბრალდებებზე, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ტერორისტული აქტების მოწყობასთან არის დაკავშირებული. მან პრაქტიკულად დაადასტურა, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ გამოუძიებია და არც აპირებს გამოიძიოს ეს დანაშაული და პასუხი აგებინოს მათ, ვინც ეს ჩაიდინა. ვფიქრობ, ნათელია რასთან გვაქვს აქ საქმე“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

“კვლავ მოვისმინეთ ცივი ომის დროინდელი ფრაზები დასავლეთის შეთქმულების თაობაზე საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი იწვევს საქართველოსა და არა მარტო საქართველოს შეშფოთებას“, – აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

“სამწუხაროა ასევე, როცა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი ამ სტილში და ამ ფორმით საუბრობს არა მარტო საქართველოზე, არამედ სხვა მეზობლებზე, მათ სახელმწიფოებრიობაზე და სხვა პარტნიორი ქვეყნების მიმართ ავლენს სრულ უპატივცემულობას“, – დასძინა მან

კომენტარი