ამერიკამ საქართველო არც ნინოს დაუთმო და არც - ვალოდიას

კარვები აშლილია, ოპოზიციური რიგები შეთხელებული, ყველა ალიანსი დაშლილია, ხალხი განხიბლულია, ყველა აფერა გამოაშკარავებულია, სალოზუნგე თემებიც, ამოწურულია... დიდხანს დაჩხაოდა ოპოზიცია ყვავივით ქართულ საზოგადოებას, ვიღას ახსოვს საქართველო, ობამა მედვედევს ხვდება და საქართველოს საკითხი დღის წესრიგშიც არ განიხილებაო... მაგრამ… კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ რადიკალებს. “ამერიკა პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და დაუშვებლად მიიჩნევს არსებული პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას”, - დაახლოებით ასე განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და ამით ყველაფერია ნათქვამი.
“სამხედრო კონფლიქტით დაინტერესებული არავინაა. მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩემი მტკიცე რწმენა, რომ საჭიროა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პატივისცემა”, - აღნიშნა ობამამ და ისიც დასძინა, რომ საქართველო იმ საკითხთაგანია, რომელთან დაკავშირებითაც, ამერიკა და რუსეთი აზრთა სხვადასხვაობას ინარჩუნებენ.
ინარჩუნებენ, მაგრამ ექსპერტების აზრით, ობამას ხაზგასმული პოზიცია, უკვე ბევრს ნიშნავს, იმისათვის რომ რუსეთმა გადახედოს მის დამოკიდებულებას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. აშშ არ ცნობს რუსეთის მიერ ძალით დადგენილ დროებით საზღვრებს.
რას ელოდა ოპოზიცია ამ შეხვედრიდან? ვერ გაიხსენებთ ვერც ერთი ოპოზიციონერის კომენტარს, როცა ისინი ამ შეხვედრის ოპტიმისტურ მხარეზე საუბრობდნენ. კვირების განმავლობაში რადიკალები, იმედოვნებდნენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი “ფეხებზე დაიკიდებდა” საქართველოს პრობლემას. ისმოდა კიდეც წინასწარი შეფასებები, იმის შესახებ, რომ საქართველოს თემა დახურულია, რომ ქვეყანა ამავე პირობებში რჩება. რადიკალები იმედის თვალით შეჰყურებდნენ მოსკოვს, სადაც ობამას მიერ საქართველოს საკითხის იგნორირებით, მათი ბედი უნდა გადაწყვეტილიყო. ყოველი შემთხვევისთვის, რადიკალები ამას იმედოვნებდნენ. “გრეჩიხებისა” და ბურჯანაძეებისთვის ხელსაყრელი ვარიანტი იქნებოდა, მედვედევ-ობამას შეხვედრის დროს საქართველოს საკითხი არ გახმიანებულიყო, თუნდაც უმნიშვნელო დონეზეც, არათუ აშშ-ს პრეზიდენტის მხრიდან ასე ხმაურიანი, ღია მხარდაჭერით. რადიკალები იმედოვნებდნენ, რომ საქართველოსთან მიმართებაში სადავეები მთლიანად რუსეთის ხელში აღმოჩნდებოდა და ამერიკის შეერთებული შტატები თავის მხრივ, ხელს დაიბანდა.
რუსეთისაგან დაფინანსებულ ქართველ რადიკალებს გეგმის მიხედვით, საკუთარ ამბიციებზე დაყრდნობით ახალი სათამაშო გეგმა უნდა გაეხსნათ. “ამერიკამ ზურგი შეაქცია საქართველოს და ახლა ქვეყნის გადარჩენის მისია “გრეჩიხებმა” უნდა დაიპყრონ”, - ასე მწირი გახლდათ ბურჯი ოპოების გენ-გეგმა.
მიზანი ვერ შეუსრულდათ, რადგან ამერიკამ საქართველო არც ნინოს დაუთმო და არც - ვალოდიას. ახლა რადიკალებს ისრა დარჩენიათ, თქვან: ობამა მშვენიერი იყო.

კომენტარი