სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით ამირეჯიბი: „ვინც ნეიტრალიტეტზე საუბრობს, ან იდიოტია, ან მოღალატე“

„ოპოზიციის ნაწილის დროშაზე აწერია – ჩვენი პრეზიდენტი პუტინია. „ედინაია როსიას“ რუსეთში აღარ ჰყავს მომხრე და საქართველოში როგორ ეყოლება, რაც ხდება, ამაში ლოგიკის ნატამალი არ არის, მე ამას დავარქმევდი რუსული ლოგიკის გაკვეთილს“, – განუცხადა ფსიქოლოგმა და ექსპერტმა, დავით ამირეჯიბმა „დრონი.ჯი“-ს

„დრონი.ჯი“: „თბილისი მარიოტში“ „ლეიბორისტების“ მიერ ორგანიზებულ ოპოზიციურ შეხვედრაზე ხელისუფლების შეცვლის ნებისმიერ გზაზე ისაუბრეს, მათ შორის არც ძალადობრივი მეთოდი გამორიცხეს, ამის შესახებ კობა დავითაშვილმაც განაცხადა. გოგი თოფაძემაც აღნიშნა, რომ დემოკრატიული გზით ეს ხელისუფლება არ წავა, ამიტომ სხვა გზებიც უნდა იყოს დაშვებული. როგორ ფიქრობთ, შეუძლია რადიკალურ ოპოზიციას ხალხის ქუჩაში გამოყვანა და სიტუაციის მართვა?

დავით ამირეჯიბი: კრიტიკული მუხტია საზოგადოებაშიც, ეს აჩვენა 2009 წლის 26 მაისის შეკრებამ სტადიონზე, ბევრი ხალხი გამოვიდა, უკმაყოფილება, ძლიერი ემოციები, მიუღებლობა არის. თუმცა ეს პროტესტი ასოცირებულია პრორუსულ და ანტიდასავლურ განწყობილებებთან, რაც ტყუილია.

პროტესტი რეალურად დამახინჯებულია. მე შეიძლება არ მომწონდეს კონკრეტული რეფორმა, არ მომწონდეს, რომ ჩემი შვილი უმუშევარია, არ მომწონდეს, რომ ჩემი უფლებები არ არის დაცული ბევრ საკითხში, უსამართლოდ მიჭირს ეკონომიურად, ტელევიზიით ხდება პროპაგანდა და გამოვდივარ ქუჩაში, რომ ეს გავაპროტესტო და დავიცვა ჩემი უფლებები.

მარტო ვერსად წავალ იმიტომ, რომ მე მჭირდება ორგანიზაცია, ამის ორგანიზებას აკეთებს პოლიტიკური პარტია, კერძოდ ოპოზიური პარტია. მე რომ იქ მივალ და ოპოზიცური პარტია მე, როგორც კონკრეტულ ადამიანს, პრორუსულად გამომაცხადებს, ანტიდასავლურ იმიჯს მომაკრავს, ეს პარტია ეცდება მსოფლიოს დაანახოს, რომ საქართველოში ადამიანების დიდი ნაწილი პრორუსულად არის განწყობილი, მაშინ ეს ილუზია შთაბეჭდილებას ქმნის, რომ თურმე ქართული საზოგადოება გახლეჩილია.

სახაროვმა თქვა, რომ უნდა დაიშალოს საბჭოთა კავშირი ელემენტებად და მერე თავიდან აღდგეს, როგორც კონფედერაცია, მან თქვა, რომ წამყვანი უნდა იყოს საბჭოები.

ილუზორული შთაბეჭდილება არის საქართველოში, რომ არა მარტო პარტიებია პოლარიზებული, მედია, ექსპერტები, არამედ ეს ეხება ხალხსაც. ეს მთავარი ილუზიაა, იმიტომ რომ რეალურად არც ექსპერტები არიან პოლარიზებულნი და არც ხალხი.

ის, რომ თითქოს ექსპერტები პოლარიზებული არიან, კეთდება ფაქტების ფაბრიკაციით, ტყუილით და ხელოვნური სიუჟეტების მომზადებით. ექსპერტი უნდა იყოს ობიექტური, არავისთან ვარ პოლარიზებული და მხარეს არ წარმოვადგენ. თუ არ ცდილობენ ჩემს დემონიზაციას და მხარედ წარმოჩენას, მე არ ვცდილობ შევიდე ვინმესთან კონფლიქტში და ყურადღებით ვუსმენ მათ პოზიციას. მინდა იყოს არგუმენტირებული კამათი და არა დემაგოგია.

„იმედის“ სიუჟეტის შემდეგ ეს ხოლოვნური კამპანია ძალიან სერიოზულად დაიწყო. პირდაპირ ურტყამენ ექსპერტებს, რომლებიც იყვნენ იმ ტელევიზიაში. სიუჟეტის მსვლელობის დროს მე ერთადერთმა ადამიანმა განვაცხადე, რომ მეცნიერი ფსიქოლოგი ვარ პოსტტრავმატული სტრესის სპეციალისტი, ავხსენი მექანიზმი, თუ რა ეფექტებს გამოიწვევს ეს გადაცემა, თუ რატომ უნდა ყოფილიყო სხვანაირად, რადგან ვიცოდი, რომ ვისაც პოსტტრავმატული შოკი აქვს გადატანილი, მისთვის ეს რა მძიმე შედეგს გამოიწვევდა... გავაპროტესტეთ ფორმა, მე და ლაშა ტუღუშმა. თუმცა მიმათვალეს იმ ხალხს, ვისაც პროტესტი არ გამოუთქვამს.

რატომ ხდება დაპირისპირების გაღვივება ექსპერტებს შორის? ოპოზიციის ნაწილს სურს აჩვენოს მსოფლიოს, რომ საქართველო არ არის მონოლითური; რომ საქართველო არის სამოქალაქო ომის წინარე მდგომარეობაში. ეს არის `ფსბ~-ს პროპაგანდა, რომელსაც ის ატარებდა მეხუთე კოლონის დახმარებით პუტჩის დროს...

ყველა დონეზე ცდილობდნენ ტვინი გამოერეცხათ ადამიანებისთვის, მათ შორის საერთაშორისო დონეზეც, რომ ის, რაც მოხდა, იყო სამოქალაქო ომი. სწორედ ესაა რუსეთის მთავარი სტრატეგია.

მე ვთქვი, რომ ნოღაიდელის რეიტინგი ნულის ტოლია, ეს არის „ფსბ“-თვის ყველაზე სახიფათო პოზიცია, ხოლო განხეთქილება საქართველოს მოქალაქეებში, არის ილუზია. ეს იმისთვის ხდება, რომ რუსეთმა გადატრიალება შეამზადოს.

თუ მაშინ სამოქალაქო ომი იყო, სად იყო მეორე მხარე? `მხედრიონი~ ყოველდღე ხვრეტდა მიტინგებზე უიარაღო ადამიანებს. კიტოვანმა უღალატა საქართველოს, ჯარმა ატეხა აქ სროლა, ისევე როგორც იმ „იმედის“ სიუჟეტშია, ხალხი კი წინააღმდეგი იყო ამისა, ეს კი გაასაღეს სამოქალაქო ომად.

თუ ეს ასეა, მაშინ პუტჩისტური ხელისუფლება ლეგიტიმურია ხალხის შიგნით. დღეს ხდება ზუსტად იგივე. მეხუთე კოლონა ამის წარმოჩენას ცდილობს. იმ შეკრებაზეც, „მარიოტში“ ყველა ხომ არ იყო მოღალატე, მაგრამ იქ იყო ადამიანი, რომელიც ემხრობა რუსეთს, `ედინაია როსიასთან~ მემორანდუმი აქვს გაფორმებული. ეს კი იმ ძალის სამართალმემკვიდრეა, რომელმაც ომი გამოგვიცხადა 1991 წელს.

ნატო ერთადერთი ძალაა, რომელმაც შეიძლება ეს შემოტევა გააჩეროს და ხუთი კაცი ჩამოიყვანოს თბილისში და თუ ამ ხუთ კაცს რამე დაემართა, ეს იქნება მესამე მსოფლიო ომი. ნატომ შეიძლება ერთი გემი შემოიყვანოს და ბაზა გახსნას, რომ ქართველ ჯარისკაცებთან ერთად იყვნენ სხვა ეროვნების ჯარისკაცებიც აქ. ეს სრული გარანტიაა, რომ საქართველო იყოს ხელშეუხებელი.

ვინც ომის მდგომარეობაში ნეიტრალიტეტზე საუბრობს, ან იდიოტია, ან მოღალატე. ერთი მუჭა პოლიტიკოსები, რომლებიც ნაწილი შეცდომით არის იქ და ნაწილი განზრახულად, ასოცირდება ხალხთან, რომელიც გამოვიდა 26 მაისს... არადა, ასე არაა.

– რეგიონებში ნოღაიდელისა და მისი მხარდამჭერების ვოიაჟები კრახით მთავრდება, ხალხი მათ არ ემხრობა. მათ მხარდაჭერა რეგიონებშიც არა აქვთ.

– არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბჭოთა კავშირმა უზარმაზარი საბჭოთა ნომენკლატურა დაგვიტოვა საბჭოთა ელიტის სახით, ყველგან არის ეს ელიტა, რაიონებშიც. რაღაცა რაოდენობის ხალხის შეკრება ნოღაიდელს შეუძლია, მაგრამ ეს არ არის უმეტესი ნაწილი.

26 მაისს სტადიონზე შეკრებილებისთვის ღიად რომ ეთქვათ, ჩვენ არ გვინდა ნატო (ამას ხომ ოპოზიცია არ ამბობდა, ის სააკაშვილის გადადგომას მოითხოვდა), ჩვენ პუტინი გვინდაო, ეს ხალხი სახლში წავიდოდა. ესენი ხალხს ატყუებენ.

სამოქალაქო ომის წინარე მდგომარეობის შთაბეჭდილებას ახდენენ იმიტომ, რომ თბილისში ტანკები შემოვიდეს. ტანკები ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ორხელისუფლებიანობაა. ერთი რუსული ხელისუფლებაა, რომელსაც ბაზები აქვს ცხინვალსა და აფხაზეთში.

ამ ე.წ. სახალხო მთავრობის ზურგსუკან დგას რუსული ტანკები, ესენი რომ "გონორით" ლაპარაკობენ, ეს ტანკების იმედით არის და არა იმით, რომ ხალხი მათ მხარს დაუჭერს. რუსეთმა უკანონოდ შემოიყვანა არმიები და მოახდინა პრევენციული დარტყმები. ამას კი აქვს საცეცები რადიკალური ოპოზიციის სახით.
– რატომ ვერ გაბედეს თბილისში შემოსვლა 2008 წლის აგვისტოში?

– დასავლეთის ფაქტორისა და მისი მონიტორინგის გამო ვერ გაბედეს. აქ რომ შემოსულიყვნენ ტანკებით და დაესვათ ხელისუფლება, ის არ იქნებოდა დე-ფაქტო ლეგიტიმური. რადიკალური ოპოზიციის მიერ პოლიტიკური საკითხების ჩანაცვლება ეკონომიკური პრობლემებით ხდება. მთავარი მესიჯია არ გვინდა სააკაშვილი იმიტომ, რომ გვინდა რუსეთი. ეს იქნება სისხლიანი იმიტაცია სამოქალაქო ომისა. ხალხი ამას არ მიემხრობა და შულავერის კომიტეტს მხარს არ დაუჭერს.

– ნოღაიდელის გვერდით არ დგას ბევრი ოპოზიციური პარტია, მაგალითად, „ალიანსი“, „ეროვნული ფორუმი“, „საქართველოს გზა“. მას არასაპარლამენტოსთან ერთად საპარლამენტო ოპოზიციაც ემიჯნება...

– აქ ერთი საშიშროებაა, თუ აქ რუსეთი ტანკებით შემოვა, იქნებიან ძალები, რომლებიც მიემხრობიან ამ პროცესებს. ეს ძალები, არასაპარლამენტოს ნაწილი ვინც ჩამოთვალეთ, ცენტრის შთაბეჭდილებას ქმნიან, მაგრამ ესეც ილუზიაა. მარჯვნივ სააკაშვილია და საპარლამენტო ოპოზიციის პატრიოტული ნაწილი, მარცხნივ ნოღადეილია და მისი მხარდამჭერი ორგანიზაციები, და ასევე ცენტრისტები, მაგრამ ეს ილუზიაა. მარცხნივ მდგომი პრორუსული ძალები ილუზორული ძალებია. ამათ ხომ დასაყრდენი ხალხში არა აქვთ. ამ ხალხს პუტინთან სურს ყოფნა. არავითარი ცენტრი არ არსებობს. მთლიანად სიყალბეა. მედია ამ ხალხის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, რომ ფართოდ აშუქებს მათ შეხვედრებს.

– აპრილის აქციების დროს მხოლოდ ერთი ლოზუნგი იყო – გადადგეს სააკაშვილი. რატომ არ ჰქონდათ დეოკუპაციის მოთხოვნები, ეს რას ნიშნავს?

– არც ერთი კონკრეტული მოთხოვნა არ ჰქონდათ. მეტი ხალხი გამოვიდოდა, ეს ლოზუნგიც რომ ყოფლიყო, მაშინ დაკარგავდა აზრს მთელი ეს ილუზორული პოლიტიკა. ბევრი პრეტენზია მეც მაქვს ამ ხელისუფლების მიმართ – რეფორმების გაჭიანურება და სოციალური მდგომარეობა, მაგრამ ეს ლოზუნგები და მოთხოვნები იქ არ იდგა.

– ბევრი ძველი ხელისუფლების წარმომადგენელი იყო მისული იმ მიტინგებზე რევანშიზმის წყურვილით შეპყრობილი...


– რეანიმაცია ხდება „მოქალაქეთა კავშირისა“ და მე ეს ვთქვი ტელევიზიით. მაგრამ ეს ის „მოქკავშირი“ კი არ არის, რომელიც ორმაგ თამაშს თამაშობდა, არამედ ეს უკვე არის „მოქკავშირის“ რეალური სახე, პრორუსული სახე. ოპოზიციის ნაწილის დროშაზე აწერია – ჩვენი პრეზიდენტი პუტინია. `ედინაია როსიას~ რუსეთში აღარა ჰყავს მომხრე და საქართველოში როგორ ეყოლება, რაც ხდება, ამაში ლოგიკის ნატამალი არ არის, მე ამას დავარქმევდი რუსული ლოგიკის გაკვეთილს. ნოღაიდელი ამბობს, სააკაშვილია პრორუსული, თუ ეს ასეა, მაშინ რას ნიშნავს, ნოღადელი რომ ჩადის მოსკოვში? ამით ისე გამოსდის ნოღაიდელს, მე და სააკაშვილი ერთ საქმეს ვაკეთებთო.

– სააკაშვილი გადადგა 7 ნოემბრის შემდეგ, 5 იანვარს კი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, ამ შუალედში მან ბევრი ის შეცდომა აღიარა, რომელიც ხელისუფლებამ დაუშვა. რა შეცდომები აქვს დაშვებული ხელისუფლებას?

– ცალკე ანალიზი სჭირდება ამ შეცდომებს. შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ უნდა გვებრძოლა კრიმინალებთან, უკანონო მშენებლობები აღგვეკვეთა, მაგრამ ამაში არ უნდა გადაემლაშებინათ. ასეთ ვითარებაში ყოველგვარი გადამლაშება მუშაობს პირდაპირ რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. მეხუთე კოლონას აძლევ ექსკლუზიურ უფლებას შენს კრიტიკაზე. ობიექტური ექსპერტები ამაზე საუბარს ერიდებიან იმიტომ, რომ ამით ურტყამენ ისედაც მძიმე ვითარებაში მყოფ პრეზიდენტს, ჩვენ გვინდა დასავლური ორიენტაცია, გვინდა დასავლური ღირებულებები და რეფორმები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ პრეზიდენტის კრიტიკოსები.

ის, რაც გადამლაშდა, იყო პოლიტიკური პროვოკაცია. 7 ნოემბრის შემდეგ ნატოზე გვითხრეს უარი. მე ვთქვი ოკუპაციის მუზეუმში, რომ მაქვს ფაქტები, როგორ გაყალბდა არჩევნები თბილისში სააკაშვილის წინააღმდეგ. თუ გაყალბებული იყო, მაშინ რატომ ვერ მოიგო სააკაშვილმა და თუ არ იყო გაყალბებული, რატომ გამოდიან და ამბობენ რომ გაყალბდა. მეხუთე კოლონა, საუბედუროდ, ინტეგრირებულია ყველგან. ამით არის განპირობებული სწორი პოლიტიკის დამახინჯება და გადამლაშებები, დასავლეთისაგან მტრის ხატის შექმნა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდება.

ახლა ვდგავართ სახელმწიფო გადატრიალების წინაშე, რომელიც შეიძლება სხვა სცენარით, მაგრამ მაინც მოხდეს. შეიძლება რბილად მოხდეს – ტანკების გარეშე. დასავლეთის ნდობის დაკარგვის შემთხვევაში ტანკებიც არ იქნება საჭირო. თუ საქართველოს იზოლაცია მოხდება, სამხედრო ტექნიკის ჩარევა აღარ იქნება აუცილებელი რუსეთისთვის.

ქართული ჯარის გაძლიერებაა საჭირო, რასაც სენატორი ლუგარი ლაპარაკობს. არ შეიძლება ქართველი ხალხი გააერთიანოს პუტინის სიყვარულმა. რატომ გვინდა რუსეთი, ნოღაიდელს ვეკითხები. იმ ქვეყანაში მედია, სასამართლო არ არსებობს, განსხვავებული აზრი იდევნება. თავად რუსები ვერ იტანენ თავის ხელისუფლებას. საბჭოთა ელიტა საქართველოში ანტიადამიანურ პოლიტიკას ეწევა ყველა ერის მიმართ.

ყოველკვირეული გაზეთი "დრონი.ჯი" (გამოდის ორშაბათობით)


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100