სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან გაჩეჩილაძემ და ზურაბ ნოღაიდელმა იჩხუბეს?

ადგილობრივ არჩევნებამდე ორი თვეა დარჩენილი და ყოველდღე ახალ-ახალი კანდიდატები იჩეკებიან. ერთი სიტყვით, თბილისის მერობა ბევრს უნდა, თუმცა მერის ადგილი ერთია. ბოლო პერიოდში ლევან გაჩეჩილაძეც გამოჩნდა ასპარეზზე და თავისი კანდიდატურის წამოყენებაც კი დააპირა, თუმცა, როგორც შევიტყვეთ, მალევე გადაიფიქრა, დაამუხრუჭა.

„დრონი.ჯი“-ს ინფორმაციით, ლევან გაჩეჩილაძე ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს. „დრონი.ჯი“-ს წყაროს თქმით, „გრეჩიხამ“ ფარ-ხმალი დაყარა და თბილისის მერობისთვის აღარ იბრძოლებს.

წყაროს მტკიცებით, გაჩეჩილაძემ თამაშიდან გასვლა არჩია, რადგან იგი ოპოზიციურმა სპექტრმა, 2008 წლის მსგავსად, ოპოზიციის ერთიან კანდიდატად არ დაასახელა და არჩევნებში დამოუკიდებლად თავისი კანდიდატურის წამოყენება კი გაჩეჩილაძისთვის მომგებიანი არ ყოფილა.

„გრეჩიხას“ თავის შესაძლებლობებში ეჭვი შეჰპარვია. ვინ ვინ და, თავად ხომ მშვენივრად იცის, რომ დაბალი რეიტინგი აქვს და მის მიერ არაერთხელ გადაგდებული და იმედგაცრუებული ხალხის მხარდაჭერის მოპოვება გაუჭირდება. ამიტომაც, ამჯერად, `გრეჩიხამ~ ჩრდილში ყოფნა არჩიაო, გვიმტკიცებს წყარო.

სხვათა შორის, გაჩეჩილაძემ როგორც კი დააპირა საარჩევნო მარათონში ჩაბმა, მისი გადაწყვეტილება მაშინვე არაერთგვაროვნად შეფასდა და აქცენტებიც სწორედ მის რეიტინგზე იქნა გადატანილი. საზოგადოების ნაწილი ხაზგასმით აღნიშნავდა: რაღა დროს გრეჩიხაა, შეგვეშვას, მისმა მატარებელმა ჩაიარაო.

ოპოზიციის რიგებშიც არ წყდებოდა საუბრები. სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, გაჩეჩილაძე 2008 წელშია ჩარჩენილი და ვერ ხვდება, რომ თავისი რესურსი ამოწურაო.

გია ცაგარეიშვილიც ამტკიცებდა,Bლევან გაჩეჩილაძის შემოსვლა ბრძოლის ველზე მასაც დააზარალებს და ოპოზიციურ ელექტორატსაცო. აი, ასე საუბრობდნენ მასზე მისი ყოფილი თანამებრძოლები.

„დრონი.ჯი“-მ კომენტარისთვის გაჩეჩილაძესთან არაერთხელ სცადა დაკავშირება, თუმცა ჩვენი არაერთგზის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

ჩვენ დავინტერესდით, რა ინფორმაციას ფლობს ოპოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და იქიდან გამომდინარე, რომ „გრეჩიხას“ ე.წ. პრაიმერისტების კანდიდატად განიხილავდნენ, „კონსერვატორ“ კახა კუკავას დავუკავშირდით.

„დრონი.ჯი“-ს ინფორმაციით, ლევან გაჩეჩილაძე მერობის კანდიდატად თავის თავს აღარ განიხილავს, მან არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაიფიქრა. რადგან მას სწორედაც პრაიმერისტების კანდიდატად განიხილავდნენ, დავინტერესდით, თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამის შესახებ?

კახა კუკავა: ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაჩეჩილაძე პრაიმერისტების კანდიდატი იქნებოდა, თავიდანვე სიცრუე იყო. ეს ჩვენმა მოწინააღმდეგე პოლიტიკურმა სუბიექტებმა გამოიგონეს და ამ ინფორმაციასაც ისინი ავრცელებდნენ.

რაც შეეხება იმას, თუ რას აპირებს გაჩეჩილაძე, დაგეთანხმებით და გეტყვით, რომ ახლა მეც იგივე ინფორმაციას ვფლობ. დიახ, ლევანი თბილისის მერის პოსტზე კენჭს არ იყრის. ჩვენ 28 მარტს ვასრულებთ მერობის კანდიდატების რეგისტრაციას, მერობის სამი კანდიდატი გვყავს, მოკლედ, ჩვენ, სხვა კანდიდატს არ ველოდებით. ასე რომ, გაჩეჩილაძე პრაიმერისტების კანდიდატი არ იქნება.
– თქვენი აზრით, რატომ გადაიფიქრა გაჩეჩილაძემ არჩევნებში მონაწილეობა და რამდენად სწორია მისი გადაწყვეტილება, ჩვენი ინფორმაციით, გაჩეჩილაძე მიხვდა, რომ დაბალი რეიტინგი აქვს, ისე, სალომე ზურაბიშვილმაც განაცხადა, რომ გაჩეჩილაძე 2008 წელშია ჩარჩენილი და ვერ ხვდება, რომ მისი დრო წავიდაო...

– არ ვიცი, არ ვაპირებთ მის განსჯას. ძალიან რთული ასახსნელია, ლევანმა რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ალბათ რეიტინგები აქ არაფერ შუაშია. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ნათქვამს, ერთს ვიტყვი, სალომე ზურაბიშვილს რომ აქვს, იმდენი რეიტინგი ლევან გაჩეჩილაძეს, ასე ვთქვათ, საკუთარი სახლის ფანჯრიდან რომ გამოიხედავს, იქ დახვდება.

მესმის გაჩეჩილაძის, მან ბევრი სტრესი და დეპრესია გადაიტანა, სხვათა შორის, მას ძალიან ბევრი უსამართლო ლანძღვაც შეხვდა. ყველა სხვადასხვანაირად უყურებს და აღიქვამს მის გადაწყვეტილებებს. ადამიანურად მისი მესმის და პოლიტიკურად რამდენად სწორია მისი გადაწყვეტილება, ეს სხვა საკითხია, მან ასე გადაწყვიტა და ეს მისი ნებაა, ჩვენ კი ჩვენს კამპანიას ვაგრძელებთ.

პ.ს: მოკლედ, „გრეჩიხამ“ ტაიმ-აუტი აიღო და თბილისის მერობისთვის აღარ იბრძოლებს. ისე, გაჩეჩილაძეს ამის შესახებ თავისი გადაწყვეტილება საზოგადოებისა და ოპოზიციური სპექტრისთვის კარგა ხნის წინ უნდა ეცნობებინა, თუმცა იგი დღემდე დუმს, ალბათ, არ იცის ხალხში "ზადნის" მიცემა რითი ახსნას და დუმილს ამჯობინებს. ისე, პრინციპში, მას სათქმელიც არაფერი აქვს. თუმცა, „დრონი.ჯი“-ს ინფორმაციით, მას ზურაბ ნოღაიდელთან კონფლიქტი მოუვიდა, რადგან ნოღაიდელის დავალება ვერ შეასრულა – ალასანია ვერ „დაავერბოვკა“. საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ „გრეჩიხა“ აქეთ „დაავერბოვკა“ ალასანიამ.

ყოველკვირეული გაზეთი "დრონი.ჯი" (გამოდის ორთაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100