გუბაზ სანიკიძე: „ოპოზიციის ქმედება სპორტის ახალი ნაირსახეობაა, რომელსაც კისრის მოტეხვის ჩემპიონატი ჰქვია“

„როდის ჩავიდა „ეროვნული ფორუმი“ მოსკოვში? „ეროვნულმა საბჭომ“ ენის ტლიკინს თავი დაანებოს და თარიღი დაასახელოს. ფაქტებით ისაუბრონ, თორემ პასუხის მოთხოვნაც შეიძლება მაგაზე სხვანაირად, აპოლიტიკურად. მოვითხოვ დაასახელონ, ორგანიზაცია „ეროვნული ფორუმი“ როდის იყო მოსკოვში. მოსკოვში ჩასვლა-ჩამოსვლას არ ვთაკილობ, მოსკოვშიც, ვაშინგტონშიც და ბრიუსელშიც ჩავალ, მოვა მაგის დრო და არ შევეკითხები არც კუკავას და მით უმეტეს, არც ნოღაიდელს“, - დასძინა „დრონი.ჯი“-თან საუბრისას „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ. „დრონი.ჯი“: „ეროვნული ფორუმი“ ივნისში ყრილობის ჩატარებას აპირებს, სადაც ოპოზიციურ სპექტრს და საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობს, რას აპირებთ?
გუბაზ სანიკიძე: ჩვენი სამოქმედო და საპროგრამო გეგმა ყრილობაზე გაცხადდება. „ფორუმი“ საზოგადოებას ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს და შემდეგ დავიწყებთ მოქმედებას. ერთს გეტყვით, ვფიქრობთ, რომ ხელისუფლების შეცვლა საპროტესტო აქციებით, ეროვნული დაუმორჩილებლობით, რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებითაა შესაძლებელი.
სხვა გზა არ არსებობს. ყრილობაზე გამოცხადდება ჩვენი პროგრამა, თუ როგორი ქვეყანა უნდა აშენდეს, ნებისმიერ საკითხზე იქნება ამომწურავი პასუხი (სადღეგრძელოები კი არ იქნება), თუმცა ეს იქნება დროში გაწერილი. საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით სერიოზული ინიციატივები გვექნება და საგარეო პოლიტიკა განსაზღვრავს მერე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ვისაც შეუძლია, დაელოდოს „ფორუმის“ ყრილობას და ვისაც არ შეუძლია და ეჩქარება, არიქა, აგერაა ბურთი და მოედანიც. `არიქათი~ დავდივართ ოთხი წელია და გამოვიდა რამე? არაფერი, ხომ?
- თქვენ განაცხადეთ, რომ არჩევნებზე ოპოზიციის მოგების შანსი მინიმალურია, ოპოზიცია ისე მიდის არჩევნებზე, როგორც პირუტყვი მიჰყავთ სასაკლაოზეო, როგორ ფიქრობთ, რატომ მიდის ოპოზიცია წაგებულ ბრძოლაში?
- ქვეყანაში არასახარბიელო და მძიმე წინასაარჩევნო ვითარებაა. ხელისუფლებას რაც სურდა, მოახერხა, სცენარი კი ერთი და იგივეა. ხელისუფლება სცენარს არ ცვლის, თუმცა, რატომ უნდა შეცვალოს, ოპოზიცია ამას ყოველთვის ხელს უწყობს, ანუ ოპოზიცია მის დანაღმულ ველზეა შესული და განწირულია წაგებისთვის.
ოპოზიცია ყოველდღიურად თავის უძალობას აფიქსირებს. რატომ მიდიან წინასწარ წაგებულ ომში? როგორც ჩანს, ეს ქართული, ეროვნული სპორტის ახალი სახეობაა, იმიტომ რომ აქამდე ქართველები ასე არ იქცეოდნენ. ვიმეორებ, ოპოზიციის ქმედება, ეტყობა, ეს ქართული, ეროვნული სპორტის ახალი ნაირსახეობაა, რომელსაც კისრის მოტეხვის ჩემპიონატი ჰქვია.
ნებსით თუ უნებლიედ, ოპოზიციონერები ხელისუფლების თამაშში შევიდნენ და თამაშობენ. სააკაშვილი უნდა „გააპრავონ“, მიშას დემოკრატიული იმიჯი უნდა გაამყარონ. როცა ხედავ, რაღაც ცუდი ხდება, იმაში მონაწილეობა არ უნდა მიიღო, ხომ, მარტივია, რა, ძალიან. დიდი ფილოსოფია და დიდი გამოცნობები ამას არ სჭირდება.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ არჩევნების შემდეგ გარკვეული ოპოზიციური ძალების ლუსტრირება მოხდება და შემდეგ სხვა პარტიებთან ერთად ინიციატივას „ფორუმი“ აიღებს ხელში, რომელ ძალებს გულისხმობდით? ამბობენ, „ფორუმი“ ბურჯანაძესთან აპირებს პოლიტიკურ ქორწინებასო...
- სამწუხაროდ, საქართველოში გარკვეულ ოპოზიციურ ძალებს პოლიტიკური სპექტრი ჰქვია, თორემ ეს პოლიტიკური სპექტრი არ არის. ბევრი ოპოზიციური პარტია არსებობს, მაგრამ რეალურად მის უკან არაფერი დგას - არც ამომრჩეველი, არც პროგრამა და არც სტრატეგია. მათი 90%-ი, უბრალოდ, ქაღალდზე გაფორმებული პარტიებია და მეტი არაფერი. ზოგი სატელიტია, ზოგიც კი სატელიტობისთვის იბრძვის. ჩვენ „ალიანსის“ შექმნას არავისთან ვაპირებთ, თუმცა არის გარკვეული საკითხები, სადაც შეიძლება მთელი ოპოზიციური სპექტრი ან ნაწილი შეთანხმდეს. მექანიკური გაერთიანებების ეპოქა წავიდა. იმასთან გვექნება ურთიერთობა, ვინც „ფორუმის“ ინიციატივებს დაეთანხმება.
- იმ შემთხვევაში, თუ „ეროვნული საბჭო“ დაეთანხმა თქვენს ინიციატივებს, გიხილავთ ნოღაიდელის გვერდით?
- ჩვენი ურთიერთობა ნოღაიდელთან გამორიცხულია. ძიძიგურთან და დავითაშვილთან პრეტენზიები არა გვაქვს, თუმცა ჩვენი ერთობა ძნელი წარმოსადგენია. მათ უნდა აირჩიონ „ფორუმი“ თუ ნოღაიდელი. ისინი ან ნოღაიდელთან დარჩებიან, ან ჩვენ შემოგვიერთდებიან, ეს მათი გადასაწყვეტია. - როგორ აფასებთ ქართველი ოპოზიციონერების გახშირებულ ვოიაჟებს კრემლში, რა შედეგი შეიძლება მოყვეს მათ ვიზიტებს? კუკავა ჟირინოვსკისთან შეხვედრამ აღაფრთოვანა, პრაგმატული საუბარი გვქონდაო, აღნიშნა მან...
- კუკავა ჟირინოვსკისთან შეხვედრამ აღაფრთოვანა? შეატყვეთ რამე აღფრთოვანების? მე, ნამდვილად, ვერ შევატყვე. ჩემთვის გაუგებარია, ჟირინოვსკისთან შეხვედრის შემდეგ კმაყოფილი როგორ შეიძლება გამოხვიდე.
არ ვიცი, ოპოზიციონერები რატომ და რისთვის დადიან მოსკოვში, აგერ ხართ თქვენ და აგერ ვარ მე, რა შედეგი დადგება, ვნახავთ. თუ დადგება შედეგი, ტაშს დავუკრავ, თუმცა, ვფიქრობ, რომ სულ ტყუილად დადიან, მათ ვიზიტებს არაფერი მოჰყვება.
მისაღწევი რა არის რუსეთთან? ტერიტორიული მთლიანობა, ხომ? ამაზე საუბარი დაწყებული არაა, იმ შეხვედრებზე ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე კრინტიც არ არის დაძრული.
- კუკავას თქმით, საუბარი საოკუპაციო ჯარის გაყვანის საკითხს არ შეეხებოდა, თუმცა ჟირინოვსკი მზად არის საქართველოს ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებაში მონაწილეობა მიიღოს...
- ჯარების გაყვანა სხვა საკითხია და ტერიტორიული მთლიანობა სხვა, თუმცა ერთმანეთთან გადაჯაჭვულია. გეუბნებით, ამ საკითხზე კრინტი არ დაუძრავთ. იყო შეკითხვა დასმული რუსების მიმართ ტერიტორიულ მთლიანობაზე და რუსებმა რა პასუხი მოგვცეს, მაინტერესებს. კონკრეტულად საკითხები იყო განხილული თუ არა, რას ითხოვს რუსეთი ჩვენგან სანაცვლოდ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის? რუსეთი საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას ცდილობს და ამაში ვიღაც-ვიღაცებს გამოიყენებს კიდეც.
- ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ გადაიხედება...
- ჰოდა, უთქვამს ლავროვს და ახლა, კუკავას ჟირინოვსკი რამეს თუ ჰპირდება, არ ვიცი. ცალკე თუ რამე აქვთ გეგმაში კუკავას და ჟირინოვსკის, არც ეგ ვიცი. კუკავა-ჟირინოვსკის შეთანხმების ტექსტი დაგვიდონ მაგიდაზე წერილობითი სახით. ისე კი, ხელს რომ არ ჩამოგართმევენ, ცოტა სირცხვილია. ისეთ ადგილზე არ უნდა მიხვიდე, სადაც ხელსაც არ ჩამოგართმევენ, ჩემი რჩევაა. ეს პოლიტიკა აღარ არის, ეს უკვე თავმოყვარეობის საკითხია.
კუკავას ჩვენი მისამართით თქვენი გაზეთის ფურცლებზე უთქვამს: ვაი, იმათ პატრონს, ვინც სააკაშვილის იმედზეა და საარჩევნო შეხვედრებს კუბლაშვილთან ატარებსო, ერთს ვიტყვი, იყოს კუკავა ჟირინოვსკის იმედზე და ბევრს მოიგებს.
- ჩვენი ინფორმაციით, „ეროვნულ საბჭოში“ ამბობენ, „ფორუმი“ სანამ იტყვის, რომ პრორუსული ძალები ვართ, სჯობს გაიხსენონ, მოსკოვში მალულად რომ ჩადიოდნენო...
- სად? როდის ჩავიდა „ეროვნული ფორუმი“ მოსკოვში? „ეროვნულმა საბჭომ“ ენის ტლიკინს თავი დაანებოს და თარიღი დაასახელოს. ფაქტებით ისაუბრონ, თორემ პასუხის მოთხოვნაც შეიძლება მაგაზე, სხვანაირად, აპოლიტიკურად. მოვითხოვ დაასახელონ ორგანიზაცია „ეროვნული ფორუმი“ როდის იყო მოსკოვში. მოსკოვში ჩასვლა-ჩამოსვლას არ ვთაკილობ, მოსკოვშიც, ვაშინგტონშიც და ბრიუსელშიც ჩავალ, მოვა მაგის დრო და არ შევეკითხები არც კუკავას და მით უმეტეს, არც ნოღაიდელს.
- ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ხელისუფლების თამაშს რომ თამაშობს, ამის დანახვას რა გენიოსობა უნდაო - აღნიშნა ნოღაიდელმა, არადა, ასეთ ბრალდებებს ნოღაიდელს უყენებენ ხოლმე, ნოღაიდელი თამაშობს?
- ვეთანხმები ნოღაიდელს, ოღონდ ადრესატი ცოტა დასაზუსტებელია. არ მჯერა, რომ ნოღაიდელს რაღაცა დიდი ქართველი მამულიშვილური მისწრაფებები აქვს. ვისაც სჯერა ასეთი ზღაპრების, აგერ არის ნოღაიდელი და მივიდეს მასთან, თან ფულსაც არიგებს ბლომად. მიბრძანდით და იყავით ნოღაიდელთან, ვისაც ვერ გაგირჩევიათ კახა შარტავასა და ნოღაიდელს შორის სხვაობა.
- თქვენ განაცხადეთ, თბილისში ბიშკეკის მოვლენების განმეორების რეალური საფრთხე არსებობს, არიან ჯგუფები, რომლებიც არ ჩანან და უცებ გამოჩნდებიან ხოლმეო, ვის გულისხმობდით?
- ბევრს ვგულისხმობ, მაგრამ ახლა, მნიშვნელობა არა აქვს ვის ვგულისხმობდი. საქართველოში ბიშკეკის მოვლენების განმეორების საფრთხე არსებობს, რადგან ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც ბევრია ბიშკეკიზაციის მომხრე. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში წამყვანი ოპოზიციური პარტიები ამაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამის იმედი და ინფორმაციაც მაქვს.
პრინციპში, ასეც არის ეს, წამყვანი, ძლიერი ოპოზიციური პარტიები ბიშკეკის სცენარში მონაწილეობას არ მიიღებენ. ზოგ-ზოგიერთების განცხადებები კი - ბიშკეკი მოგენატრებათ და ხელ-ფეხს დაგამტვრევთო - განცხადებებად დარჩება.
- თქვენი აზრით, არჩევნების შემდეგ ვითარება დაიძაბება?
- არჩევნების შემდეგ? მე არჩევნებამდე უფრო მეშინია, ვიდრე არჩევნების შემდეგ. არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სხვა პროცესი დაიწყება, სადაც „ფორუმს“ გადამწყვეტი როლი ექნება და არჩევნებამდე მეშინია მე ზუსტად. საერთოდ, საქართველოში არის შეკითხვები, რომელზედაც პასუხები არ არსებობს. ყველას კარგ ქვეყანაში ცხოვრება გვსურს და კარგი ქვეყანა როგორ უნდა აეწყოს, არავინ იცის. ზოგი რომ კარგი ქვეყნის აშენებისთვის რაღაცას ფიქრობს, ის არის ზუსტად დამაქცევარი ამ ქვეყნისა.
- დავითაშვილმა აღნიშნა, საპროტესტო აქციებს რომ დავიწყებთ, გასული წლის მსგავსად აღარ დავიშლებითო, „ფორუმი“ დაანონსებულ აქციებს შეუერთდება?
- არავითარ შემთხვევაში, ნოღაიდელი სადაც იქნება, იქ „ფორუმი“ არ იქნება. და სადაც „ფორუმი“ იქნება, იქ ნოღაიდელი არ იქნება. ეს არის პრინციპის და ზნეობის საკითხი. რა განსხვავებაა ნოღაიდელსა და სააკაშვილს შორის, ვინმემ ამიხსნას. მიმაჩნია, რომ ოპოზიციაში ასეთი ადამიანების ადგილი არ უნდა იყოს.
ბევრს სჯერა, რომ ნოღაიდელი საჰაერო მიმოსვლას აღადგენს და ქართულ პროდუქციას დააბრუნებს მოსკოვში, რაც სასაცილოა. კი კაცო, დავით აღმაშენებელია ნოღაიდელი. რაზეა საუბარი, დიდგორსაც მოიგებს, აბა, რას იზამს, ასე თუ გააგრძელა, დიდი კაცია ნოღაიდელი, დიიიდი...
- 26 მაისს ოპოზიციის ნაწილი აპირებს ხელისუფლებას აღლუმი არ ჩაატარებინოს, რა პოზიციას დაიკავებს „ფორუმი“?
- 26 მაისთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, თუმცა „ფორუმი“ არჩევნებამდე აქტიურობას არ აპირებს. ასეთია ჩვენი პოზიცია. არჩევნებმა უნდა ჩაიაროს, შედეგები უნდა მივიღოთ და შემდეგ მეტი არ მინდა რა, გავიგონო ერთი ვინმეს წუწუნი გაყალბებულ არჩევნებზე... ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

.

კომენტარი