”ამ ჩვენ დროშებს თინიკო, გუშინ მთელ დღეს კერავდა”...

გამორიცხულია ეს ლექსი რესპუბლიკელების დედამ და მამამ ზეპირად არ იცოდნენ. აქტიური კომკავშირლები - ხიდაშელი და დავით უსუფაშვილი, კომუნისტური პარტიის დასამარების ბოლო წუთამდე რომ არ ხევდნენ მანდატს, ამაზე არაერთხელ თქმულა.
სოფელ მაღაროში დღესაც ახსოვთ, პერსპექტიული კომკავშირელი უსუფაშვილი 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ დღეებში როგორ იხვეწებოდა, პარტიაში გაწევრიანებას. მიზანსაც მიაღწია, პარტიულიც გახდა, მაგრამ მერე ცხოვრება სხვა დინებით წავიდა და წითელი დროშები სხვენში გადამალა. ახალმა სიომ, სხვა დროშა ააფრიალა და ნაკომუნისტარი ახალგაზრდა უცებ გახდა ახლებური იდეების მებაირახტრე. ახალგაზრდა იურისტმა დედის რძესავით შეირგო "იურისტთა ასოციაციის" სიკეთეები, და როცა ამ ფლანგზე კეთილდღეობის მისაღწევი ყველა წყარო ამოწურა, სხვა დროშა ააფრიალა.
როგორც ცნობილია, უსუფაშვილის დროშებს ძირითადად "თინიკო კერავდა". ჯერ კიდევ იურისტთა ასოციაციაში ყოფნის დროს, ხიდაშელი განსაზღვრავდა ორგანიზაციის შიდა პოლიტიკას. ახალგაზრდა, ნიჭიერ იურისტებზე თინას ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა.
მან, პოლიტიკაში მისვლისთანავე თითქმის სრულად დაიმორჩილა მანამდე "დაუმორჩილებელი" ძმები ბერძენიშვილები და რესპუბლიკური პარტიის რუხი კარდინალი გახდა. მოგვიანებით კი, იმდენი "იჩალიჩა", რომ თავის მეუღლეს, დავით უსუფაშვილს, პარტიის თავმჯდომარეობას გამოაკვრევინა ხელი.
ძნელი სათქმელია, რომ არა ხიდაშელი, დარჩებოდა თუ არა, უსუფაშვილი, დიადი კომუნიზმის პირწავარდნილ ფანად, მაგრამ ერთი რამ მართლაც ფაქტია – უსუფაშვილი, თინას გარეშე, სასამართლოს კურიერის კარიერის იქით ნამდვილად ვერ წავიდოდა.
ახლა კი, თინასა და მის მეუღლეს სხვა გეგმები აქვთ. მათი მიზანია ირაკლი ალასანიას სრული პრივატიზება...
იგორ გიორგაძის ფრთებ-ქვეშ გამობრძმედილი ალასანია, პოლიტიკაში საკმაოდ ბეცია. იგი, ისე რომ ვერც კი მიხვდა, რესპუბლიკური პარტიის ტყვეობაში აღმოჩნდა.
მართალია, ბოლო დროს, ალასანია ცდილობს, როგორმე თავი დააღწიოს ცოლ-ქმრისა თუ ძმები ბერძენიშვილების კლანჭებს, თუმცა, ჯერჯერობით, ბატონი ირაკლი კვლავ რჩება ორი, შედარებით გაკოტრებული პოლიტიკური პარტიის იმ თოჯინად, რომელმაც ამ პარტიების რეინკარნაცია უნდა მოახერხოს.
თინას კი ალასანიას დროშები უკვე შეკერილი აქვს და იქამდე არ დაიღლება მისი ფრიალით, ვიდრე ირაკლი პოლიტიკური მოუსავლეთის გზას არ დაადგება.
არადა, გზიდან, რომელსაც ახლა ალასანია ადგას, არც თუ შორსაა ის გზა, საიდანაც პოლიტიკური მოუსავლეთი იწყება და საიდანაც პოლიტიკოსები უკან ვეღარ ბრუნდებიან.

კომენტარი