“შანსი” - შულავერის კომიტეტისთვის! გამოცდა - საქართველოს მოქალაქეებისთვის!

გასათვალისწინებელია, რომ სწორედ ამ დროისთვის აპირებს ოფიციალური მოსკოვი საქართველოს საზღვართან სამხედრო წვრთნების გამართვას. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მომზადების მთავარი სამმართველოს უფროსის, გენერალ ევნევიჩის განცხადებით, მთის პირობებში, ბრძოლის დახვეწის მიზნით, რუსული არმიის სამხედრო სწავლებები ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის დარიალის პოლიგონზე ჩატარდება. გენერალ ევნევიჩის ოფიციალური განცხადება, შესაძლოა, ოფიციალური სიგნალი იყოს საქართველოში მოქმედი დესტრუქციული ძალებისათვის. ისინი, ვინც თვლიან, რომ ამერიკელი დამფუძნებელი მამების მიერ შექმნილი “თავისუფლების დეკლარაციაზე” უფრო დიდი “თავისუფლება” დუგინ-მარკოვის იდეოლოგიაა, კრემლის მიერ ორგანიზებული არეულობის დროს “შულავერის კომიტეტის” ფუნქციას შეითავსებენ. შესაძლოა ფანცხანაყანელ გლეხს არავითარი მიზეზი არა აქვს ძალისმიერი მეთოდით დაამხოს ხელისუფლება, მაგრამ სამწუხაროდ, ამის ძალიან ბევრი “საფუძველი” აქვს ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილს... რუსულ სპეცსამსახურებთან ურთიერთობა, რუსული ფინანსებით სტომაქის ამოყორვა, პირადი კეთილდღეობა და ბრილიანტ-მარგალიტებისადმი განსაკუთრებული ლტოლვა, მათ კრემლისადმი მონურ მორჩილებას ავალდებულებს... შესაძლოა ფარცხანაყანელი გლეხი დააჯერონ, რომ რუსთაველზე მისი დგომითა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღებით თავისუფლება, ხმის უფლება და დემოკრატია გადარჩება... სამაგიეროდ, “შულავერის კომიტეტის” დამფუძნებელმა მამებმა ზუსტად იციან, რომ მასობრივი არეულობა და ხელისუფლების დამხობა საჭიროა არა სახელმწიფოებრიობის გადარჩენისათვის, არამედ მისი განადგურებისათვის... “საქართველოში ბრძოლის დროს, რუსული სამხედრო ნაწილების მართვის არასაკმარისი გამოცდილება გამოვლინდა. იყო სხვა ხარვეზებიც. 2010 წელს დაგეგმლილი საბრძოლო მომზადების დროს კი ყველაფერს გამოვასწორებთ”, - აცხადებს გენერალი ევნევიჩი. სავარაუდოდ, ევნევიჩი არმიის ცუდი მართვის გარდა, “სხვა ხარვეზებში” იმასაც გულისხმობს, რომ კრემლს, აგრესიამდე, “სათანადოდ არ ჰქონდა ნამუშევარი” ქართული ოპოზიციის ნაწილთან. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ოკუპანტებმა, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს დედაქალაქში შემოჭრა ვეღარ შეძლეს. მათ, იმისათვის, რათა საქართველოს დედაქალაქის ოკუპაცია მოეხდინათ, ქართული არმიის წინააღმდეგობის გადალახვის გარდა, ქართველ ოპოზიციონერთა მხარდაჭერაც სჭირდებოდათ.
ქართველმა პრორუსებმა მაშინ კრემლის ღია მხარდაჭერა ვერ გაბედეს. თუმცა, თუ 2008 წლის აგვისტომდე საქართველოში კრემლს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავდა, დღეს, ნინო ბურჯანაძის სახით, რუსული პოლიტიკის რჩეული უკვე გამოვლინდა! ბურჯანაძის დღევანდელი რეიტინგის მიხედვით, მის პარტიას, არჩევნებში გამარჯვების ძალიან მცირე შანსი აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ბურჯანაძე არჩევნებში დამარცხდა, შესაძლოა, სწორედ ის გახდეს, “ევნევიჩის წვრთნების” ფონზე, საპროტესტო მიტინგების ორგანიზატორიც და სწორედ მან იტვირთოს “შულავერის კომიტეტის” მძიმე მისიაც. ამიტომ, 2010 წელს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები კიდევ ერთი “შანსი” იქნება საქართველოში მოქმედი “შულავერის კომიტეტისათვის” და კრემლისათვის – როგორმე დაამხონ საქართველოს ხელისუფლება... 2010 წელს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები კიდევ ერთი გამოცდა იქნება საქართველოს მოქალაქეებისათვის – შეინარჩუნონ სახელმწიფოებრიობა.

კომენტარი