სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რაზე შეთანხმდნენ საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტები?

საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზისა და საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა მსოფლიო ყურადღების ცენტრში ექცევა.
გარდა იმისა, რომ სააკაშვილ-სარკოზის შეხვედრით დაიმსხვრა მითი, საქართველოს (ან მისი ხელისუფლების) საერთაშორისო იზოლაციის შესახებ (რაზეც ხშირად საუბრობდა ოპოზიცია), მსოფლიო პრესა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტების პირისპირ საუბარი რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის საფრანგეთში ვიზიტამდე შედგა.
„კმაყოფილი ვარ საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრით და მასთან საუბრით. საფრანგეთი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც სარკოზის შემდეგ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბერნარდ კუშნერსაც შეხვდა. "დასანანია, რომ 6 პუნქტიანი შეთანხმება ბოლომდე არ სრულდება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ კუშნერმა.
ოფიციალური ინფორმაციით, პრეზიდენტი სააკაშვილი, საფრანგეთის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, სხვა საკითხებთან ერთად რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის, საქართველოს ნატოში ინტეგრაციისა და ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესახებ ესაუბრა. ანალიტიკოსების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ მედვედევ-სარკოზის შეთანხმების რუსეთის მიერ შეუსრულებლობა საფრანგეთის პირველი პირის პოლიტიკურ გავლენას ჩრდილს აყენებს, შესაძლოა პრეზიდენტების ამ შეხვედრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საქართველოს დეოკუპაციის საქმეში.
აღსანიშნავია ისიც, რომ სააკაშვილი საფრანგეთში ჩასვლამდე რუმინეთის პრეზიდენტს სტუმრობდა, რომელმაც ღიად, მათ შორის რუსი ოკუპანტების გასაგონად განაცხადა, რომ საქართველო შესაძლოა ე.წ. „მაპის“ გარეშე გახდეს ნატოს წევრი. თავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა ოფიციალურად მიულოცა საქართველოს არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარება და აღნიშნა, რომ 30 მაისის არჩევნები, საქართველოს, ნატოსკენ მიმავალი გზის გავლაში დაეხმარება.
თუმცა, ევროპისთვის კვლავ თავის ტკივილად რჩება ოკუპანტი რუსეთი, რომლის პირველი პირები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რათა საქართველოს სახელმწიფოებრიობა ეჭვის ქვეშ დააყენონ და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი ბუნდოვანი გახადონ.
ევროპელი პოლიტოლოგების თქმით, არც საფრანგეთისთვის და ზოგადად, არც ევროპისთვის, საქართველოს დეოკუპაცია ადვილი არ იქნება. ექსპერტთა ვარაუდით, სარკოზის საკმაოდ რთული საუბარი ელის რუსეთის პრემიერ-მინისტრთან, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთში ფრანგული სამხედრო გემის - „მისტრალის“ ირგვლივ გაჩაღებული პოლიტიკური ხანძრის ჩასაქრობადაც ჩადის.
მართალია, საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლეში პირობას დებენ, რომ რუსეთის ხელისუფლების პირველ პირებს მედვედევ-სარკოზის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას შეახსენებენ, თუმცა, ფაქტია, რომ ოკუპანტებთან პოლიტიკური რევერანსები არ ჭრის. ამიტომ, ევროკავშირმა გაცილებით მკაცრად უნდა მოსთხოვოს ოფიციალურ მოსკოვს საქართველოს დეოკუპაცია და მედვედევ-სარკოზის 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულება (7 აგვისტოს სტატუს კვოს აღდგენა). მიუხედავად იმისა, სურთ თუ არა, ეს, კრემლში მოკალათებულ ქართველთყლაპიებს.
მსოფლიო პრესა უკვე მსჯელობს იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს სარკოზი-პუტინის მომავალ შეხვედრას, რომელიც ექსპერტთა აზრით, შესაძლოა საკმაოდ დაძაბული გამოდგეს. სარკოზი ალბათ შელახული თავმოყვარეობის აღდგენას ეცდება და პუტინს მისი და მედვედევის შეთანხმების დაუყოვნებლივ შესრულებას მოსთხოვს. ამის შემდეგ კი საქართველოში ჩამოვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარდ კუშნერი, რომელიც სავარაუდოდ, საქართველოს პრეზიდენტს სარკოზი-პუტინის შეხვედრის შედეგებს გააცნობს.
ამერიკის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას დავალებით, საქართველოში ვიზიტს გეგმავს სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონიც, რომელიც ისევე როგორც ცივილიზებული მსოფლიო, დაინტერესებულია საქართველოს დეოკუპაციითა და მედვედევ-სარკოზის 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულებით...


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100